ეძიეთ და ჰპოვეთ

სერჩები ხშირად პოსტის იდეას მკარნახობს ხოლმე, მაგრამ ზოგიერთი ისეთია, რომ მოკლედაც შეიძლება პასუხის გაცემა. ასე რომ, ყველაზე პოპულარულ და საჭირბოროტო საძიებო სიტყვებს ვუპასუხოთ:

იურისპრუდენციის განმარტება – ლათინური სიტყვიდან juris prudentia, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც სამართლის მეცნიერების ფილოსოფია;

შვილიშვილს ეკუთვნის თუ არა წილი ბებიის ბინიდან – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის ცოცხალი აღარ არის მამკვიდრებლის მემკვიდრე მათი მშობელი;

კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ – შემიძლია ბავშვის უფლებათა კონვენცია შემოგთავაზოთ;

რას ნიშნავს სამკვიდროს მიღება ფლობით – ეს ნიშნავს, რომ მემკვიდრემ შესაძლო არ მიმართოს ნოტარიუსს და არ აიღოს სამკვიდრო მოწმობა, მაგრამ შეუდგეს ქონების მართვას ისეთი ფორმით, რაც დაადასტურებს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, მაგ: ბინაში საცხოვრებლად გადასვლა, მიწის დამუშავება და ა.შ.

ჩუქების უფლების განმარტება – ჩუქება არის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისივე თანხმობით. “ჩუქების უფლებაში” რა იგულისხმება, ვერ მივხვდი, მაგრამ მოქმედებს ვარაუდი, რომ მჩუქებელს თავად უნდა ჰქონდეს საკუთრების უფლება ქონებაზე, სხვაგვარად იგი ამ უფლებას სხვას ვერ გადასცემს.

მემკვიდრეობით მიღებული მიწის დარეგისტრირება – მიმართეთ ნოტარიუსს და შემდეგ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიწის ნაკვეთი აუცილებლად დაარეგისტრირეთ საჯარო რეესტრში.

მშობელს აქვს უფლება ბავშვის ნახვის – ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ მშობელს მშობლის უფლება ჩამორთმეული აქვს სასამართლოს მიერ. სასამართლო წყვეტს, რამდენად მიზანშეწონილია მშობლის მიერ შვილის მონახულება და რა პერიოდულობით, შესაბამისად, შესაძლოა, აუკრძალოს კიდეც.

სამკვიდროზე დავა ხანდაზმულობის დროს – ზოგადად, ხანდაზმულობის ვადის გასვლა ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლება აღარ არსებობს და შესაბამისად, დავაც უშედეგო იქნება. კანონით გათვალისწინებულია გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ხანდაზმულობის ვადის დინება ხელახლა შეიძლება აღდგეს, მაგალითად, დებიტორის მიერ ვალის აღიარება.

სამკვიდროს მიღების უპირატესი უფლება - ასეთი არ არსებობს. მემკვიდრეებს შორის ქონება ნაწილდება კანონით დადგენილი რიგითობის მიხედვით. არაშრომისუნარიან პირებს, რომლებიც მამკვიდრებლის რჩენაზე იყვნენ და დამოუკიდებლად თავის შენახვა არ შეუძლიათ, თუ მათ შესახებ ანდერძში მითითებული არ არის, უფლება აქვთ მოითხოვონ სარჩო (ალიმენტი) სამკვიდროდან.

ქორწინების დროს შეძენილი ქონება – მეუღლეთა საერთო საკუთრებაა, გარდა ერთ-ერთი მეუღლის მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა.

არასრულწლოვანი მემკვიდრე როგორ იღებს სამკვიდროს? – მის მაგივრად სამკვიდროს იღებს და სრულწლოვანების მიღწევამდე განკარგავს მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

სრულწლოვანი შვილები მშობლების განქორწინების შემთხვევაში – სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ადამიანი სრული ქმედუნარიანი ხდება, შესაბამისად, მშობლების განქორწინების პროცესში სრულწლოვანი შვილები დაბრკოლებას არ წარმოადგენენ და არც რაიმე დამატებითი უფლებით სარგებლობენ.

ბავშვის მამად აღიარება –  ნებაყოფლობით ან სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

შვილების წარმომადგენლობა – მშობლების მოვალეობაა, მათი არარსებობის შემთხვევაში კი მეურვის ან მზრუნველის.

სიცოცხლის უფლება – ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლება. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა და ისიც მაშინ, თუ მკვლელობა სხვა ადამიანების სიცოცხლის ან სხვა სიკეთის გადარჩენას ისახავს მიზნად. (მაგ. ტერორისტის მკვლელობა სპეცოპერაციის დროს).

წილის გამოთვლა მემკვიდრეობის დროს – აჯობებს, ნოტარიუსს მიმართოთ;

მაინტერესებს რა უფლება აქვს დედას განქორწინების შემთხვევაში - განქორწინების შემთხვევაში მშობლებს შვილებზე თანაბარი უფლებები აქვთ. თუკი თავად ვერ მორიგდებიან არასრულწლოვანი შვილების საცხოვებელ ადგილზე, რჩენასა და სხვა საკთხებზე, ამას სასამართლო გადაწყვეტს. თუკი ერთ-ერთი მშობელი თავს არიდებს შვილის მიმართ თავისი მოვალეობის განხორციელებას, სასამართლო შესაბამის ზომებს მიიღებს.

მეურვე-განმარტება – მეურვეობა უწესდება ქმედუუნარო პირს. ასეთები არიან შვიდ წელს მიუღწეველი ბავშვები და სულით ავადმყოფები ან ჭკუასუსტები, რომლებიც სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ არიან აღიარებული. მშობლების სახეზე არარსებობის შემთხვევაში მათ მოვალეობას მეურვე ასრულებს.

კანონი საოჯახო სამართლის შესახებ – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე წიგნი.

განათლების უფლება – ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით და აგრეთვე ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლება.

კანონი ქორწინების შესახებ –  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, წიგნი მეხუთე, კარი პირველი.

კანონი მემკვიდრეობის შესახებ – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე წიგნი.

საჯარო მოხელე –  საქართველოს კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ” მიხედვით, მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე.  მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად.

ჩაწერის ინსტიტუტი – აღარ არსებობს.

არასრულწლოვანი დედის და მამის უფლებები და დახმარება – თუ არასრულწლოვნები დაქორწინდნენ (მშობლების ნებართვით) ისინი უკვე სრულ ქმედუნარიანად ითვლებიან და სრულწლოვანებს უთანაბრდებიან. შესაბამისად, მათთვის დაწესებულ რაიმე დამატებით უფლებას ან შეღავათს კანონი არ იცნობს.

არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული ბავშვის უფლებები – მშობლებს იგივე მოვალეობები აქვთ არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული ბავშვის მიმართ, როგორიც ქორწინების პერიოდში შეძენილი შვილის მიმართ ექნებოდათ.

საკუთრების მოწმობა – ასეთი არ არსებობს. საკუთრების უფლების დასადასტურებლად უპირველესი მტკიცებულება საჯარო რეესტრის ამონაწერია.

მიწის ნაკვეთის ჩუქება შეზღუდული ქმედუნარიანობის პირისთვის – აუცილებელია მშობლის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, მზრუნველის თანხმობა; იგი შეზღუდული ქმედუნარიანობის პირის მაგივრად საჩუქარს მიიღებს და მის სასარგებლოდ მართავს.

შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა – განისაზღვრება თავად მშობლების, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში – სასამართლოს მიერ.

წილი სამოქალაქო ქორწინების შედეგად ბავშვებს – ასეთი არ არსებობს. შვილები შეიძლება მხოლოდ მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობდნენ მშობლების გარდაცვალების შემდეგ.

დედის მოვალეობა შვილისადმი – შვილების მიმართ დედას და მამას თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, “მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.” მშობლებს აქვთ არასრულწლოვანი შვილის რჩენისა და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის ვალდებულება, არიან მისი კანონიერ წარმომადგენლები ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოშიც.

მემკვიდრის უფლება – მიიღოს სამკვიდრო ან უარი თქვას მასზე.

მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის წესები – აუცილებელია ნოტარიუსთან მისვლა და სამკვიდროზე უარის თქმა სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში.

ფიზიკური პირის კანონიერი წარმომადგენელი - არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელია მშობელი, მისი არარსებობის შემთხვევაში კი შვიდ წელს მიუღწეველ ბავშვს ენიშნება მეურვე, ხოლო შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მოზარდს – მზრუნველი. სასამართლოს მიერ სრულწლოვანი პირი შეიძლება იქნას აღიარებული ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად. წარმომადგენლობის წესი ამ შემთხვევაშიც იგივეა. აგრეთვე დასაშვებია, რომ პირმა წარმომადგენლობითი უფლება მიანიჭოს სხვა პირს, რათა მან იგი წარმოადგინოს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში და იმოქმედოს მისი სახელით, ამისათვის საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

სამოქალაქო რეესტრის შესახებ კანონი – გვაქვს მხოლოდ კანონი “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ”. 

საჯარო რეესტრივებ-გვერდი

ჩუქების გაუქმება და კანონით მემკვიდრეობა – იმედი მაქვს, სწორად მივხვდი, რასაც გულისხმობდნენ. მემკვიდრეობის განაწილებისას სავალდებულო წილის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს სავალდებულო წილის შევსება თანხის იმ ოდენობით, რა ღირებულების ნივთიც მამკვიდრებელმა სიცოცხლეში აჩუქა მესამე პირს. ეს წესი აღარ მოქმედებს, თუ ჩუქებიდან ათი წელია გასული.

მშობლის მოვალეობანი სრულწლოვანი ბავშვის მიმართ – მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები; აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

აქვს თუ არა არასრულწლოვანს მაღაზიასთან გარიგების დადების უფლება – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განკარგავს მშობლის მიერ მისთვის გადაცემულ ჯიბის ფულს. თუკი არასრულწლოვანი დებს გაცილებით დიდი ღირებულების გარიგებას, აუცილებელია მისი მოწონება მშობლის მიერ.

სამართლის ცნება – სიმართლე გითხრათ, მისი უამრავი ვარიაცია არსებობს. ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, სამართალი სახელმწიფოს მიერ დადგენილი  ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობაა.

დედობის უფლების ჩამორთმევა – მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სესხის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა – სესხის დაბრუნების ვადა, თუკი მხარეები თავად არ შეთანხმებულან, სამი თვეა; მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კი – სამი წელი.

სხვისი ნივთის პოვნა – მპოვნელმა უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს, ხოლო თუკი მისი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს. თუკი ამ მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში მესაკუთრის ვინაობა ცნობილი არ გახდა, მპოვნელი იძენს საკუთრების უფლებას ნაპოვარზე; ხოლო თუკი მესაკუთრე გამოვლენილი იქნა, მპოვნელს შეუძლია მოითხოვოს ჯილდო ნაპოვნის ღირებულების ხუთ პროცენტამდე ოდენობით.

განქორწინების შემდგომი მოვლენები ქართულ სამართალში – არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, საერთო ქონების გაყოფა.

ურთიერთობა სამოქალაქო რეესტრთან – მაქსიმალურად გამარტივებულია. მიმართეთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.

მეუღლის უარი განქორწინებაზე – განქორწინება ურთიერთთანხმობის გარეშე ვერ დარეგისტრირდება.

რეგისტრირებული ქორწინების უფლებები – ქონებრივი უფლება-მოვალეობანი მეუღლეებს შორის.

კანონი მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ – სამოქალაქო კოდექსი, წიგნი მეხუთე, კარი მეორე.

მოძრავი ნივთების რეესტრი – ასეთი არ არსებობს. მხოლოდ უძრავი ქონება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

მეურვის მიერ ქონების განკარგვა – ივარაუდება, რომ მეურვე ქონებას მართავს სამეურვეო პირის სასარგებლოდ და უნდა მიმართოს ყველა ზომას, რათა იგი საუკეთესო მდგომარეობაში შეინარჩუნოს.

უნდა იცხოვრო თუ არა 18 წლის შემდეგ მშობლებთან ერთად – სურვილზე და ოჯახურ გარემოებებზეა დამოკიდებული. თუ დამოუკიდებლად ცხოვრება და მუშაობა გნებავთ, თქვენი ნებაა, კანონით ამის უფლება გაქვთ! :)

შრომისუუნარო პირების მემკვიდრეობის საკითხი – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ შრომისუუნარო პირს მამკვიდრებელი უზრუნველყოფდა სარჩოთი, მაგრამ ანდერძში მის შესახებ მოხსენიებული არ არის, მას უფლება აქვს მოითხოვოს ალიმენტი სამკვიდროდან. რაც შეეხება ანდერძით ან კანონით მემკვიდრეობას, შრომისუუნარო პირი ისეთივე უფლებით სარგებლობს, როგორც შრომისუნარიანი პირი.

შვილის გაჩუქება – ეს დანაშაულია. საერთოდ, რატომ უნდა მოუვიდეს ადამიანს ასეთი რამ აზრად? :(

16წლის არასრულწლოვანი ბავშვის უფლებები - ამ ასაკში პირს აქვს მუშაობის უფლება; აგრეთვე დაქორწინების უფლებაც მხოლოდ მშობლის თანხმობით.

ანდერძის საჭიროებაზედ

მითხრეს, კარგი ჩანაფიქრია და არ მიაგდოო.. ჰოდა, ვაგრძელებ!

რამდენიმე დღის წინ დეიდაჩემს თანამშრომელმა კითხვა დააბარა ჩემთან: თუ გარდაცვლილმა მამამ ერთ შვილს წილი სიცოცხლეშივე მისცა, ეკუთვნის თუ არა მემკვიდრეობაო.

დასაწყისიდანვე ვიტყვი, რომ კითხვა მთლიანად არასწორია, მაგრამ ჯერ სიტუაცია განვიხილოთ.

ჩვენი საზოგადოების დაბალი სამართლებრივი კულტურა ჩემთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ როცა საქმე სამემკვიდრეო სამართალს ეხება, ეს საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებიც კი სამკვდრო–სასიცოცხლოდ გადაემტერებიან ხოლმე ერთმანეთს. ეს კი იმის ბრალია, რომ მამკვიდრებელთა უმრავლესობას (უფროსი თაობა) წარმოდგენაც არა აქვს არსებულ საკანონმდებლო პროცედურებზე და დაკვიდრებული (რომელიც არცთუ იშვიათად მანკიერიცაა) ჩვეულებებით ხელმძღვანელობენ.

სიტუაცია #1. მამკვიდრებლის ქალიშვილი გათხოვდა. მშობლებმა ტრადიციისამებრ გაამზითვეს და ჩათვალეს, რომ მის წინაშე ყოველგვარი ვალდებულება უკვე მოხსნილი აქვთ და ყველაფერი, რაც კი მათ ოჯახში დარჩა, ვაჟს (ვაჟებს) ეკუთვნის. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დადგა სამკვიდროს განაწილების საკითხი. აქ შემთხვევათა ორი ძირითადი სხვადასხვაობაა სახეზე:

– თუ გათხოვილ ქალიშვილს მატერიალური პრობლემები არ აქვს და ქმრის ოჯახში ისედაც ყველაფრით უზრუნველყოფილია, არაფერში სჭირდება გარდაცვლილი მშობლების ქონება და სადავოც არაფერი ხდება.

– გათხოვილი ქალიშვილი უარს არ იტყოდა დამატებით მატერიალურ სახსრებზე (მეუღლე უმუშევარია,  განქორწინდა, ბანკის ვალი აქვს და რაც გნებავთ), ითხოვს სამკვიდრო წილს და ძმებისა და ნათესავების თვალში უმადურისა და ხარბის იმიჯს იმკვიდრებს.

სიტუაცია #2. ოჯახის ერთ–ერთი წევრი მშობლის (ან სხვა მამკვიდრებლის) სიცოცხლეშივე წავიდა სახლიდან და ცხოვრობს ცალკე, მაგრამ სარგებლობს მამკვიდრებლს ფინანსური და სხვა სახის დახმარებით. მამკვიდრებლის გარდაცვალებას კი წინა სიტუაციის ანალოგიური შედეგები მოსდევს.

სიტუაცია #3. მშობლებმა ერთ–ერთი შვილის თხოვნით გაასხვისეს ის ქონება, რაც სამკვიდრო უნდა ყოფილიყო მათი გარდაცვალების შემდეგ და აღებული თანხა მთლიანად გადასცეს მას. ეს ამბავი შემთხვევით გაიგო მეორე შვილმა, რომელიც დაობს თავის წილზე და ეჭვქვეშ აყენებს მშობლების მიერ დადებული ხელშეკრულების (მაგალითად, სახლის გაყიდვის შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების) ნამდვილობას. აქ ზარალდებიან მშობლებიც, და–ძმებიც, რომლებიც ქონების გაყოფაზე ვერ მორიგებულან და მყიდველიც, რომელიც მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერაფრით წარმოიდგენდა.

კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ტიპიური ქართული სიტუაციები მგონი, უკვე გეცნოთ.

რა არის “სამკვიდრო წილი”?

სამკვიდრო იხსნება მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, არ შეიძლება მის სიცოცხლეში მისივე კუთვნილი ქონების სამკვიდროდ განხილვა და თანამემკვიდრეების მიერ წილის განსაზღვრა. წილის განსაზღვრა მამკვიდრებლის პრეროგატივაა, ხოლო თუ იგი ამას არ ან ვერ აკეთებს – კანონის. შესაბამისად, მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეში გასხვისებული ქონება არ ითვლება სამკვიდრო ქონებად. სამკვიდრო ქონება მხოლოდ ისაა, რაც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა გარდაცვალების მომენტისათვის.

შემთხვევა, როდესაც მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეში მემკვიდრისთვის გადაცემული ქონება სამკვიდროში უნდა ჩაითვალოს, არის სავალდებულო წილის განსაზღვრა.

მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ კანონისათვის ქალიშვილიც და ვაჟიც თანაბარია და სამკვიდრო წილიც ორივე მათგანს თანაბრად ეკუთვნის; აგრეთვე ისიც, რომ კანონი ვერ გაითვალისწინებს, თუ რა სამსახური გაუწიეს სიცოცხლეში თითოეულ შვილს და შესაბამისად, კანონი ვერ გაანაწილებს მემკვიდრეობას ისე, როგორც ეს მათ მიაჩნიათ სამართლიანად.

გამოსავალი: დატოვეთ ანდერძი .

ყოველივე აქედან გამომდინარე, პასუხი პოსტის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე შემდეგია: მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ნაწილდება ყველა თანამემკვიდრეს შორის.

პასუხი შეკითხვაზე – მემკვიდრეობა

ელექტრონული ფოსტით შეკითხვა მომივიდა.

პიროვნებას აინტერესებს, შეუძლია თუ რა სახლის გაყიდვა მისი რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი მამის მეუღლეს. შეკითხვის ავტორი დასთან ერთად ჩაწერილია აღნიშნულ სახლში და გაყიდვის წინააღმდეგია.

უპირველეს ყოვლისა უნდა განიმარტოს ის, რომ ჩაწერის ინსტიტუტი საქართველოში აღარ მოქმედებს. საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, მათ ვინც ჩაწერილი იყო კონკრეტული უძრავი ქონების მდებარეობის ადგილზე, წარმოეშობოდათ უფლებები ამ უძრავ ქონებაზე.

დღეს უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ხდება მხოლოდ ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელია გაირკვეს, არის თუ არა შეკითხვაში დასახელებული ქონება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და თუ არის, ვის სახელზე. ამისათვის საჭიროა საჯარო რეესტრის შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ცნობა–დახასიათების გამოთხოვა.

იმ შემთხვევაში, თუ ქონება რეგისტრირებულია გარდაცვლილ პირზე, საჭიროა მისი გადაცემა გარდაცვლილი პირის ანუ მამკვიდრებლის მემკვიდრეებისათვის. სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეებმა უნდა მიმართონ ნოტარიუსს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღნიშნული ქონება.

შეკითხვის შინაარსიდან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რომ მამკვიდრებელს ანდერძი არ დაუტოვებია.  სახეზეა კანონით მემკვიდრეობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336–ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: შვილები, მეუღლე, მშობლები.

შესაბამისად, შეკითხვის ავტორს, მის დასა და მამკვიდრებლის მეუღლეს თანაბარი უფლებები აქვთ სამკვიდრო ქონებაზე (აგრეთვე მამკვიდრებლის მშობლებსაც, თუ ისინი ცოცხლები არიან). თუ აღნიშნულ სამკვიდროს მხოლოდ ეს სახლი წარმოადგენს, ისინი მემკვიდრეობის მიღების შედეგად გახდებიან თანამესაკუთრეები. თანასაკუთრება  უნდა დარეგისტრირდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში. (საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საჯარო რეესტრის ავტორიზებულ მომხმარებელს, რომელიც უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევთ).

ზოგადად კი თანასაკუთრება იმას ნიშნავს, რომ თანამესაკუთრეებს ქონების განკარგვა (გაყიდვა, გაჩუქება ან სხვა ფორმით გასხვისება და ა.შ.) შეუძლიათ მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით.

შეკითხვის ავტორს შემიძლია დამატებით ვუთხრა, რომ თუკი ზემოთაღწერილი პროცედურები არ განხორციელდება და ქონება გარდაცვლილი პირიდან არ გადაფორმდება მის მემკვიდრეებზე, შეუძლებელი იქნება მისი გაყიდვა. შესაძლოა, ნასყიდობა ფაქტობრივად განხორციელდეს (მაგალითად, გარდაცვლილი პირის მეუღლის მიერ თანხის აღების გზით), მაგრამ მასზე მყიდველის საკუთრების  უფლების რეგისტრაცია (“გადაფორმება”) ვერ განხორციელდება და იურიდიულად ქონება გაყიდულადაც ვერ ჩაითვლება.

დამატებითი შეკითხვები მომწერეთ კომენტარებში ან ელექტრონული ფოსტით.

წარმატებებს გისურვებთ!

რამდენიმე მარტივი მოქმედება მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად

ახლობლის დაკარგვა, რა თქმა უნდა, ძალიან არასასურველი და სამწუხარო რამაა, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ასეთ დროსაც კი ღირს.

ადამიანის გარდაცვალების შემდეგ დგება სიცოცხლეში მისი კუთვნილი ქონების მემკვიდრეებისათვის გადაცემის საკითხი. რატომღაც ხშირად ხდება ისე, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები გულუბრყვილოდ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს საკითხი ბუნებრივი პროცესივით მშვიდად და უხმაუროდ მოგვარდება. შემდგომში კი თუ რაიმე სახის სირთულეს წააწყდნენ, გაოცებას ვერ მალავენ: “ცოლი (ქმარი) ვარ და ჩემია, აბა, ვისია?!”, ” შვილი ვარ და უფლება არ მაქვს?” და ა.შ.

დავიწყოთ იმით, რომ თავისით და ავტომატურად არაფერი გვარდება. ნებისმიერ შემთხვევაში საქმის ფორმალური მხარე რაც მალე მოგვარდება, მით უკეთესი.

ადამიანის გარდაცვალების დრო სამოქალაქო კოდექსის ენაზე სამკვიდროს გახსნის დროა. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ადამიანის მემკვიდრეებზე მისი ქონების გადანაწილება უკვე შესაძლებელია. სამკვიდრო ქონება კი ის ქონებაა, რომელიც გარდაცვლილს ანუ მამკვიდრებელს სიცოცხლეში ეკუთვნოდა. მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავ–მოძრავი ქონების გარდა (სამკვიდრო აქტივი) მემკვიდრეებზე გადადის ის მოვალეობებიც (სამკვიდრო პასივი), რაც მამკვიდრებელს სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრეებს მამკვიდრებლის ვალების (კანონის ენაზე ამას კრედიტორების დაკმაყოფილება ჰქვია) გადახდაც მოუწევთ.

სამკვიდროს მისაღებად და მასზე უარის სათქმელადაც კი კანონით დადგენილი ვადების დაცვაა საჭირო.

სამკვიდროს მიღების ვადა მისი გახსნიდან ექვსი თვეა. სამკვიდროს მიღება ორი გზითაა შესაძლებელი:

– მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანის გზით;

– სამკვიდროს ქონების ფაქტობრივი დაუფლებისა და მართვის საშუალებით, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო.

ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ მემკვიდრეებს მაინც პირველი ვარიანტისთვის მიემართათ. ხშირად ხდება ისე, რომ სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ წარმოიშობა დავა მემკვიდრეებს შორის ქონების განაწილების, მემკვიდრეების არაინფორმირებულობის ან სხვა მსგავსი საკითხის გამო. ნოტარიუსის მომსახურებით სარგებლობა კი შემდგომში მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად ნამდვილად ღირს. მემკვიდრეობის საკითხები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარ შეფასებასა და მიდგომას მოითხოვს და ნოტარიუსის რჩევები, როგორც წესი, ძალიან საჭირო აღმოჩნდება ხოლმე.

სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა სამი თვეა იმ მომენტიდან, როდესაც მემკვიდრემ შეიტყო ან უნდა შეეტყო სამკვიდროს მისაღებად მოწვევის შესახებ; საპატიო  მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ ეს ვადა შეიძლება გაგრძელებული იქნას, მაგრამ არა უმეტეს ორი თვით. უარი უნდა გაფორმდეს ნოტარიუსის მიერ. ამ ვადის დაუცველობის შედეგად მემკვიდრეს თავის წილ სამკვიდროზე უარის თქმის უფლება აღარ აქვს. მართალია, შემდგომში მემკვიდრეობით მიღებული არასასურველი ქონების გასხვისებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ამ ვადების დაცვით ბევრი გრძელვადიანი პროცედურის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.

ვფიქრობ, ესაა ის უმარტივესი მოქმედებები, რაც მომავალში სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.