კანონით მემკვიდრეობა და სავალდებულო წილი

წინა პოსტში უკვე აღვნიშნე, თუ რაოდენ კარგი საშუალებაა ანდერძი მემკვიდრეობასთან დაკავშირებული გაუგებრობებისა და შეხლა–შემოხლის თავიდან ასაცილებლად.

თუმცა, ჩვენმა კანონმდებლობამ კიდევ ერთი წესი შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც მამკვიდრებლის (პირი, ვისი კუთვნილი ქონებაც მემკვიდრეობის საგანია (სამკვიდრო ქონება)) ოჯახის წევრები შესაძლო უსამართლობისაგან დაიცვა:

გარდაცვლილი პირის მეუღლეს, შვილსა და მშობლებს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით იმ ქონების ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.

რა არის კანონით მემკვიდრეობა? – ესაა კანონის მიერ დადგენილი სამკვიდრო ქონების განაწილების წესი, რომელიც ანდერძის არარსებობისას გამოიყენება. კანონით მემკვიდრეობისას განსაზღვრულია მამკვიდრებლის ოჯახის წევრებისა და სხვა ნათესავების რიგითობა, რომელიც არის იმის განმსაზღვრელი, თუ ვის უნდა გაუნაწილდეს გარდაცვლილის ქონება.

ყველა რიგის მემკვიდრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და თითოეული მათგანის წილის გამოთვლა საკმაოდ რთული საქმეა, ამიტომ სჯობს ეს ისევ ნოტარიუსს მივანდოთ. ამ შემთხვევაში საკმარისია აღინიშნოს, რომ სავალდებულო წილი ეკუთვნის მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეებს – გარდაცვლილის მეუღლეს, შვილებსა და მშობლებს. ნოტარიუსი, გამოითვლის რა, თუ რა წილი ერგებოდა თითოეულ მათგანს, ანდერძი რომ არ ყოფილიყო, მიაკუთვნებს მათ ამ წილის ნახევარს. შესაძლოა, რომ მამკვიდრებლის მიერ მემკვიდრეზე სიცოცხლეშივე გაცემული ქონებაც ჩაითვალოს სამკვიდრო წილში.

თუმცა, კანონში ერთი დეტალია, რომელზე ზუსტი პასუხიც პირადად მე ვერ ვიპოვე:

მამკვიდრებელს უფლება აქვს, ანდერძის მეშვეობით მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს.  შესაბამისად, ეკუთვნის თუ არა სავალდებულო წილი იმ მემკვიდრეს, რომელსაც ანდერძით მემკვიდრეობის უფლება ჩამორთმეული აქვს? სავალდებულო წილის მუხლში ხომ წერია: “ანდერძის შინაარსის მიუხედავად”.

ჩემი აზრით – არა. ანდერძის მეშვეობით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა არის მამკვიდრებლის ნების გამოხატულება, რომლის უგულებელყოფა კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა. მართალია, ერთი შეხედვით სავალდებულო წილის შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გარდაცვლილის ნების უგულებელყოფასთან, მაგრამ აქ სახეზეა კონკურენცია ორ სიკეთეს შორის: გარდაცვლილის ნება და პირველი რიგის მემკვიდრეების უფლება, მიიღონ სამკვიდრო. კანონმა აქ შუალედური მიდგომა აირჩია, მიაკუთვნა მათ იმის ნახევარი, რაც კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ.

ეს ჩემი თეორიული მსჯელობის შედეგად, თუმცა, პრაქტიკულად შესაძლოა, ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდებოდეს, რის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ მაქვს. განსხვავებულ აზრს სიამოვნებით მოვისმენ კოლეგებისგან.

ანდერძის ფორმები და შინაარსი

ანდერძი შედგენილი უნდა იქნას მხოლოდ წერილობითი ფორმით, პირადად მოანდერძის მიერ.

მოანდერძე შეიძლება იყოს მხოლოდ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი. დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივი ანდერძის შედგენა (მხოლოდ მეუღლეებს აქვთ უფლება შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის თაობაზე).

ანდერძი შეიძლება იყოს ორი სახის: ე.წ. შინაურული და სანოტარო ფორმით შედგენილი.

შინაურული ანდერძი შეიძლება შეადგინოს მოანდერძემ, მოაწეროს ხელი და საკუთარი სურვილისამებრ შეინახოს. თუმცა, სანოტარო ფორმა გაცილებით საიმედოა და გაუგებრობის თავიდან აცილების მხრივაც უმჯობესი.

სანოტარო ფორმა გულისხმობს, რომ მოანდერძის მიერ შედგენილი ანდერძი უნდა დაადასტუროს ნოტარიუსმა, ხოლო სადაც ნოტარიუსი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ. სურვილისამებრ, ანდერძი შეიძლება ჩაიწეროს ნოტარიუსმა, ხოლო მოანდერძემ და მოწმემ ხელი მოაწეროს მას. ნოტარიუსსა და მოწმეს უფლება არ აქვთ, გათქვან ანდერძის შინაარსი.

თუკი მოანდერძეს ანდერძის შინაარსის გამხელა მოწმეებისთვის არ სურს, დასაშვებია, რომ მან მოწმეების თანდასწრებით შეადგინოს ანდერძი, ხოლო მოწმეებმა ხელი მოაწერონ მას იმის მითითებით, რომ ანდერძი შედგა მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი მის შინაარსს არ გასცნობიან.

მოანდერძეს აგრეთვე უფლება აქვს, თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დადასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.

მოანდერძეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს ანდერძი. გაუქმება შეიძლება მოანდერძის მოთხოვნით ნოტარიუსის ან თავად მოანდერძის მიერ ანდერძის განადგურებით.

ანდერძზე აუცილებლად უნდა მიეთითოს თარიღი. თუკი მოანდერძემ შეადგინა ერთზე მეტი ანდერძი, ძალაშია ის, რომელიც უფრო გვიანდელი თარიღით არის შედგენილი. ხოლო თუკი არსებობს შინაურული და სანოტარო ფორმის ანდერძები, ძალაშია სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი შედგენის თარიღის მიუხედავად.

რაც შეეხება ანდერძის შინაარსს, მოანდერძეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე რა ქონება გადავა ან განსაზღვროს თითოეული მათგანის წილი. ანდერძით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ როგორც სრულწლოვნები, ისე არასრულწლოვნები და მამკვიდრებლის სიცოცხლეში ჩასახული ბავშვიც, თუკი იგი დაიბადება მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ათი თვის განმავლობაში.

მოანდერძეს ანუ მამკვიდრებელს უფლება აქვს, ანდერძით ჩამოართვას მემკვიდრეობის უფლება ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს (თუ რას ნიშნავს კანონით მემკვიდრე, მოგვიანებით განვმარტავ) ისე, რომ ამის მოტივი არ მიუთითოს.

ანდერძის გახსნა და აღსრულება ხდება მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ.

ანდერძის საჭიროებაზედ

მითხრეს, კარგი ჩანაფიქრია და არ მიაგდოო.. ჰოდა, ვაგრძელებ!

რამდენიმე დღის წინ დეიდაჩემს თანამშრომელმა კითხვა დააბარა ჩემთან: თუ გარდაცვლილმა მამამ ერთ შვილს წილი სიცოცხლეშივე მისცა, ეკუთვნის თუ არა მემკვიდრეობაო.

დასაწყისიდანვე ვიტყვი, რომ კითხვა მთლიანად არასწორია, მაგრამ ჯერ სიტუაცია განვიხილოთ.

ჩვენი საზოგადოების დაბალი სამართლებრივი კულტურა ჩემთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ როცა საქმე სამემკვიდრეო სამართალს ეხება, ეს საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებიც კი სამკვდრო–სასიცოცხლოდ გადაემტერებიან ხოლმე ერთმანეთს. ეს კი იმის ბრალია, რომ მამკვიდრებელთა უმრავლესობას (უფროსი თაობა) წარმოდგენაც არა აქვს არსებულ საკანონმდებლო პროცედურებზე და დაკვიდრებული (რომელიც არცთუ იშვიათად მანკიერიცაა) ჩვეულებებით ხელმძღვანელობენ.

სიტუაცია #1. მამკვიდრებლის ქალიშვილი გათხოვდა. მშობლებმა ტრადიციისამებრ გაამზითვეს და ჩათვალეს, რომ მის წინაშე ყოველგვარი ვალდებულება უკვე მოხსნილი აქვთ და ყველაფერი, რაც კი მათ ოჯახში დარჩა, ვაჟს (ვაჟებს) ეკუთვნის. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დადგა სამკვიდროს განაწილების საკითხი. აქ შემთხვევათა ორი ძირითადი სხვადასხვაობაა სახეზე:

– თუ გათხოვილ ქალიშვილს მატერიალური პრობლემები არ აქვს და ქმრის ოჯახში ისედაც ყველაფრით უზრუნველყოფილია, არაფერში სჭირდება გარდაცვლილი მშობლების ქონება და სადავოც არაფერი ხდება.

– გათხოვილი ქალიშვილი უარს არ იტყოდა დამატებით მატერიალურ სახსრებზე (მეუღლე უმუშევარია,  განქორწინდა, ბანკის ვალი აქვს და რაც გნებავთ), ითხოვს სამკვიდრო წილს და ძმებისა და ნათესავების თვალში უმადურისა და ხარბის იმიჯს იმკვიდრებს.

სიტუაცია #2. ოჯახის ერთ–ერთი წევრი მშობლის (ან სხვა მამკვიდრებლის) სიცოცხლეშივე წავიდა სახლიდან და ცხოვრობს ცალკე, მაგრამ სარგებლობს მამკვიდრებლს ფინანსური და სხვა სახის დახმარებით. მამკვიდრებლის გარდაცვალებას კი წინა სიტუაციის ანალოგიური შედეგები მოსდევს.

სიტუაცია #3. მშობლებმა ერთ–ერთი შვილის თხოვნით გაასხვისეს ის ქონება, რაც სამკვიდრო უნდა ყოფილიყო მათი გარდაცვალების შემდეგ და აღებული თანხა მთლიანად გადასცეს მას. ეს ამბავი შემთხვევით გაიგო მეორე შვილმა, რომელიც დაობს თავის წილზე და ეჭვქვეშ აყენებს მშობლების მიერ დადებული ხელშეკრულების (მაგალითად, სახლის გაყიდვის შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების) ნამდვილობას. აქ ზარალდებიან მშობლებიც, და–ძმებიც, რომლებიც ქონების გაყოფაზე ვერ მორიგებულან და მყიდველიც, რომელიც მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერაფრით წარმოიდგენდა.

კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ტიპიური ქართული სიტუაციები მგონი, უკვე გეცნოთ.

რა არის “სამკვიდრო წილი”?

სამკვიდრო იხსნება მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, არ შეიძლება მის სიცოცხლეში მისივე კუთვნილი ქონების სამკვიდროდ განხილვა და თანამემკვიდრეების მიერ წილის განსაზღვრა. წილის განსაზღვრა მამკვიდრებლის პრეროგატივაა, ხოლო თუ იგი ამას არ ან ვერ აკეთებს – კანონის. შესაბამისად, მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეში გასხვისებული ქონება არ ითვლება სამკვიდრო ქონებად. სამკვიდრო ქონება მხოლოდ ისაა, რაც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა გარდაცვალების მომენტისათვის.

შემთხვევა, როდესაც მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეში მემკვიდრისთვის გადაცემული ქონება სამკვიდროში უნდა ჩაითვალოს, არის სავალდებულო წილის განსაზღვრა.

მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ კანონისათვის ქალიშვილიც და ვაჟიც თანაბარია და სამკვიდრო წილიც ორივე მათგანს თანაბრად ეკუთვნის; აგრეთვე ისიც, რომ კანონი ვერ გაითვალისწინებს, თუ რა სამსახური გაუწიეს სიცოცხლეში თითოეულ შვილს და შესაბამისად, კანონი ვერ გაანაწილებს მემკვიდრეობას ისე, როგორც ეს მათ მიაჩნიათ სამართლიანად.

გამოსავალი: დატოვეთ ანდერძი .

ყოველივე აქედან გამომდინარე, პასუხი პოსტის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე შემდეგია: მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ნაწილდება ყველა თანამემკვიდრეს შორის.