განქორწინების რეგისტრაცია ორივე მეუღლის თანხმობით

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა დახმარება მთხოვა. უკვე დიდი ხანია, ის და მისი მეუღლე ერთად აღარ ცხოვრობენ და აინტერესებდა, როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია. ეგონა, სასამართლოსთვის უნდა მიემართა და წინასწარ ზრინავდა იმის წარმოდგენაზე, რამდენჯერ მოუწევდა სასამართლოში მისვლა, ყოფილ მეუღლესთან შეხვედრა და ამასთან დაკავშირებული  მთელი უსიამოვნო პროცედურები. ამას ისიც დაერთო, რომ ვიღაცამ არასწორად მიაწოდა კანონის ერთ–ერთი მუხლის ნაგლეჯი და ეგონა, სანამ მისი უმცროსი შვილი ერთი წლის არ შესრულდებოდა, განქორწინების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა.

ეს უკანასკნელი მცდარი აზრი მაშინვე გავუბათილე. ჩემი მეგობარი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ჩვენი სამოქალაქო კოდექსი კი მხოლოდ ქმარს უწესებს განქორწინების თაობაზე განცხადების შეტანას ცოლის ორსულობისა და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში მისი თანხმობის გარეშე.

ფოტო განწყობისათვის🙂

წყვილებს, უფრო სწორად კი, ყოფილ წყვილებს, რომლებსაც თავიანთი ამ სტატუსის დარეგისტრირება ოფიციალურადაც სურთ, აღარ მოუწევთ სასამართლოში სირბილი, თუკი ერთმანეთში ყველაფერი გარკვეული აქვთ და სადავო არაფერია. ყველაფერი ძალიან მარტივადაა: უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც 45 ლარიანი ქვითრისა და ერთობლივი განცხადების მიღების შედეგად 15 დღის შემდეგ გასცემს განქორწინების მოწმობას. თუკი ამ ვადაში ერთ–ერთი მათგანი მაინც განაცხადებს უარს განქორწინებაზე, განქორწინება არ დარეგისტრირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღარ არის აუცილებელი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიმართვა (თუმცა, სამოქალაქო კოდექსში ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს მოთხოვნა!). სამოქალაქო რეესტრის მთელი მონაცემთა ბაზა უკვე ელექტრონულია, შესაბამისად, ტერიტორიული სამსახურისათვის სრულიადაც არ წარმოადგენს პრობლემას იმ აქტის მოძიება, რომელიც თავის დროზე მას არ დაურეგისტრირებია.

ზემოთაღწერილი პროცედურა ხორციელდება იმის მიუხედავად, ჰყავთ თუ არა ცოლ–ქმარს არასრულწლოვანი შვილები. კანონის (სამოქალაქო კოდექსის) ძველი რედაქცია ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ჩარევას მიიჩნევდა აუცილებლად. დღევანდელი მდგომარეობით კი თუკი მშობლები თავად შეთანხმდებიან შვილების საცხოვრებელი ადგილის, აღზრდაში თითოეული მათგანის მონაწილეობისა და სხვა მსგავს საკითხებზე, სასამართლოსთვის მიმართვა აღარ მოუწევთ. იგივე შეიძლება ითქვას ქონებრივ დავაზეც.

შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვა მეუღლეებს აუცილებლად მოუწევთ. სამოქალაქო რეესტრი მხოლოდ  ორივე მათგანის თანხმობის შემთხვევაში დაარეგისტრირებს განქორწინებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სადავო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება კი მისი კომპეტენცია არაა. ეს საკითხები სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო სამოქალაქო რეესტრი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაარეგისტრირებს განქორწინებასაც.

კანონში გათვალისწინებულია სპეციალური შემთხვევებიც, როცა ერთ–ერთი მეუღლე ქმედუუნარო ან მსჯავრდებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქმეში ჩაერთოს ქმედუუნარო მეუღლის მეურვე, საჭიროების შემთხვევაში კი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაც.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს ერთ–ერთი მეუღლის განცხადება განქორწინების შესახებ, მაგრამ აუცილებლად აცნობებს ამის თაობაზე ქმედუუნარო მეუღლის მეურვეს ან მსჯავრდებულ მეუღლეს. თუკი ეს უკანასკნელნი სამი თვის ვადაში შეატყობინებენ სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს დავის არარსებობისა და განქორწინებაზე თანხმობის შესახებ, განქორწინება დაუბრკოლებლად დარეგისტრირდება.

ასე გამოიყურება განქორწინების ტიპიური პროცედურა, როდესაც ორივე მეუღლე თანახმაა განქორწინებაზე. ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში კი წარმოიშობა დავები ალიმენტის, შრომისუუნარო მეუღლის დახმარების, ქონების გაყოფისა და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. ამ საკითხებს უფრო ვრცლად მომდევნო პოსტებში შევეხები.

P.S. დიდი სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს ტექსტის ხარისხსა ან სირთულესთან დაკავშირებით.

17 thoughts on “განქორწინების რეგისტრაცია ორივე მეუღლის თანხმობით

  1. აი, ზუსტად ასეთი პოსტები უნდა იყოს აქ – მე ასე მგონია.

    პრაქტიკული, სასარგებლო, ისეთი – ყველას რომ დასჭირდება. მარტივად და გასაგებ ენაზე ახსნილი მუხლები, ნაწილები და ქვეპუნქტები.

    ყოჩაღ!🙂

    Reply
  2. კითხვა მაქვს და იქნებ მიპასუხოთ….თუკი ქმედითუუნარო მეუღლე ანუ მსჯავრდებული უარს აცხადებს განქორწინებაზე მაგრამ ცოლს უნდა განქორწინება და შეიტანა რეესტრში განცხადება მაშინ რა მოხდება..???

    Reply
    • მოგესალმებით,
      პირველ რიგში განვმარტავ, რომ ქმედუუნარობა არავითარ კავშირშია მსჯავრდებასთან. ქმედუუნარობა პირის უნარია, რომ მან თავისი ნებითა და მოქმედებით შეიძინოს და განახორციელოს თავისი სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, ეს დაკავშირებულია ასაკთან, გონებრივ შესაძლებლობებთან და ზოგ შემთხვევაში, პიროვნების ცხოვრების წესთანაც (მაგალითად, თუკი პირი თავისი ქცევით, მიდრეკილებით ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს ოჯახს, მას შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეზღუდოს ქმედუნარიანობა).

      რაც შეეხება განქორწინების პროცედურას, პასუხი იხილეთ “კითხვა-პასუხის” გვერდზე.

      Reply
  3. მოკლედ სრულიად შემთხვევით წავაწყდი ამ საიტს. საინტერესო და სასარგებლოა. ხოო და რაც მთავარია აღფრთოვანებული ვარ პასუხებით. ამომწურავია და იგრძნობა რომ სიამოვნებით სცემს თითოეულ ადამიანს პასუხს. :*

    Reply
  4. მოგესალმებით
    მაინტერესებს განქორწინების შემდეგ თუ იმავე წყვილმა კვლავ გადაწყვიტა ქორწინება, ასეთ შემთხვევაში წინა განქორწინების მოწმობა რჩებათ მეუღლეებს თუ რეესტრში უნდა დატოვონ? და განქორწინების მოწმობა თითოეული მეუღლისათვის ცალ-ცალკე გაიცემა თუ არა?
    მადლობთ წინასწარ

    Reply
    • მოგესალმებით!
      მოწმობის ხელზე ქონას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. სააქტო ჩანაწერი არქივში უკვე შენახულია და არა მგონია, სახელმწიფო სერვისების სააგენტომ უპირობოდ მოგთხოვოთ მოწმობის ჩაბარება. ყოველი შემთხვევისთვის, ადგილზე გადაამოწმეთ, მაგრამ ეს საკითხი არ გახლავთ, არც პრობლემური და არც რაიმე კუთხით სადავო🙂
      გისურვებთ წარმატებებს!

      Reply
  5. თუ მეუღლესთან რომელთანაც აღარ ვცხოვრობ უკვე 9 წელია, არ მაქვს არანაირი კავშირი და მინდა განქორწინება… ანუ ვერ ვახერხებ ერთობლივად განცხადების შეტანას განქორწინების შესახებ, არ მაქვს უფლება მარტომ შევიტანო ეს განცხადება ?

    Reply
    • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეუღლეებმა ერთბლივად უნდა მიმართონ. თუკი მეუღლეებს დავა არ აქვთ, განქორწინებას სააგენტო დაარეგისტრირებს.
      სხვა შემთხვევაში, უნდა მიმართოთ სასამართლოს. თუკი პრობლემა მხოლოდ დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობის არქონაა, მაინც გირჩევდით ერთობლივად მიმართვას.

      Reply
  6. ვცხოვრობ საქართველოს ფარგლებს გარეთ. თუ შეიძლება ჩემმა სანდო პირმა მინდობილობით შეიტანოს განცხდება, მეუღლესთან ერთად განქორწინებაზე სამოქალაქო რეესტრში? საერთო შვილები არ გვყავს.
    ლადო

    Reply
    • რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეიძლება. უმჯობესია, კონსულტაციისთვის მაინც მიმართოთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (იუსტიციის სახლი).

      Reply
  7. როდესაც მხოლოდ ერთ მეუღლეს სურს განქორწინება მაშინ რა პროცედურებია?

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s