მეუღლეთა თანასაკუთრება

რისთვის ქორწინდება ორი ადამიანი? მართალია, ოჯახის შესაქმნელად. რას ნიშნავს ოჯახი? იმას, რომ ორი ადამიანი თანახმაა, ჰქონდეთ ყველაფერი საერთო: უფლება–მოვალეობები, შვილები და ქონება.

მეუღლეებს განქორწინების უფლებაც ისევე აქვთ, როგორც ქორწინების, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, განქორწინების დროს ქონების განაწილებაა საჭირო. არცთუ იშვიათად, ეს უსიამოვნების მიზეზიც ხდება ხოლმე.

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რა ქონება შეადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ერთი მარტივი პრინციპი უნდა დავიმახსოვროთ: მეუღლეთა თანასაკუთრება (ანუ საერთო საკუთრება) არის ის ქონება, რაც მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს. ქორწინების პერიოდში მეუღლეებს თანასაკუთრებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, განქორწინების შემთხვევაში კი იგი მათ შორის თანაბრად ნაწილდება (თუმცა, სხვაგვარი შეთანხმებაც შესაძლებელია). ეს წესი ძალაშია იმის მიუხედავად, კონკრეტული ნივთი თუ სხვა რამ ქმარმა შეიძინა თუ ცოლმა, ერთ–ერთი მათგანი მუშაობს თუ ორივე და ა.შ. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი – თანასაკუთრებაში არ შედის მხოლოდ ერთ–ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით ან ჩუქების შედეგად მიღებული ქონება.

ქორწინებამდე შეძენილი ქონება ქორწინების პერიოდში და მის შემდეგაც კერძო საკუთრებაა და მასზე შემძენის მეუღლეს არავითარი უფლება წარმოეშობა. განსხვავებული წესი შეიძლება შემოღებულ იქნას მეუღლეთა მიერ საქორწინო კონტრაქტის დადების გზით, რომლის შინაარსის განსაზღვრაშიც მეუღლეებს სრული თავისუფლება აქვთ.

ქორწინების პერიოდში შეძენილ უძრავ ქონებასთან (სახლი, ბინა, მიწის ნაკვეთი და ა.შ.) დაკავშირებით ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: უძრავი ქონება აუცილებლად საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ხშირად ისე ხდება, რომ რეგისტრაციას მხოლოდ ერთ–ერთი მათგანი ახორციელებს თავის სახელზე.

საჯარო რეესტრში უძრავი ქონების კონკრეტული პიროვნების სახელზე რეგისტრაცია ნიშნავს, რომ ეს პიროვნება ამ ქონების მესაკუთრეა და უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს იგი. მესაკუთრის ეს უფლება უპირისპირდება თანასაკუთრებაზე მეუღლეთა თანაბარი უფლებების არსებობას. შესაძლოა “მესაკუთრის” მეუღლე სრულიადაც არ იყოს თანახმა ამ ქონების გასხვისებაზე, მაგრამ უპირატესი ამ შემთხვევაში სწორედ საჯარო რეესტრის მონაცემია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის თანხმობის გარეშე ამ ქონების გასხვისება სრულიად კანონიერია და ასეთ შემთხვევებში დავა უმეტესწილად უშედეგოა.

გამოსავალი ძალიან მარტივია: ნუ დაიზარებთ, ნუ დაგაბრკოლებთ ის აზრი, რომ ეს უხერხულია და მეუღლეებმა საჯარო რეესტრში უძრავი ქონება დაარეგისტრირეთ, როგორც თანამესაკუთრეებმა. ეს მარტივი პროცედურა მომავალში ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან.

 

მშობლების ვალდებულებანი შვილების მიმართ

გუშინ ყური მოვკარი საინფორმაციოს, საიდანაც შევიტყვე, თუ როგორ ცდილობენ დედობის უფლების ჩამორთმევას ქალბატონისთვის, რომლის შვილები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, არ აქვთ ტანსაცმელი და არც სკოლაში დადიან. მოგვიანებით კი მსგავსი ისტორია მოვისმინე იმის თაობაზე, თუ როგორ წაართვეს დედას შვილები და გადაანაწილეს ბავშვთა სახლებში.

ამ პოსტში მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს მიმოვიხილავ, უფრო კონკრეტულად კი – შვილების მიმართ მშობლების მოვალეობებს.

ბავშვის უფლებათაგან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, თავის მხრივ, მშობლებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ, თუ სად და ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. ამ თვალსაზრისით დედისათვის შვილების ჩამორთმევა და ბავშვთა სახლში გაგზავნა სრულ ბარბაროსობას ჰგავს, მაგრამ ბავშვს სხვა უფლებებიც აქვს და მათით სარგებლობის უზრუნველყოფა მშობლის პირდაპირი მოვალეობაა.

მშობელი შვილის კანონიერი წარმომადგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი ვალდებულია, დაიცვას შვილის ინტერესები, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის; იგი ვალდებულია არჩინოს შვილი, სანამ იგი არასრულწლოვანი (სრულწლოვანება 18 წლის ასაკიდან წარმოიშობა) და შესაბამისად, შრომისუუნაროა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასრულწლოვანს საკუთარი შრომით აქვს შემოსავალი (არასრულწლოვნის შრომის უფლება წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან მშობლის თანხმობით, 14–დან 16 წლის ასაკის არასრულწლოვანი შესაძლოა დასაქმდეს მხოლოდ კულტურას ან განათლებასთან დაკავშირებულ ან სარეკლამო სამუშაოზე), მშობელი მისი რჩენის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება.

საოჯახო დავები, განსაკუთრებით როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, როგორც წესი, ძალიან რთულია. ერთი მხრივ, სახეზეა მშობელი, რომელიც ვერ ან არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროა მისი ჩამოშორება ოჯახისაგან და ბავშვთა სახლში გადაყვანა; მეორე მხრივ კი ბავშვები, რომელთაც შესაძლოა, სრულიადაც არ სურდეთ მშობელთან განშორება.

შესაძლოა შემეკამათოთ, რომ არც ბავშვთა სახლებშია ბევრად უკეთესი სიტუაცია, მაგრამ აქ ერთი რამაა მნიშვნელოვანი: ბავშვთა სახლის ბინადარ ბავშვებზე ადმინისტრაციის სახით პირდაპირი პასუხისმგებელი სახელმწიფო ხდება. ეს გაცილებით უფრო მისაღები შემთხვევაა, ვიდრე მშობლის მიერ შვილზე პასუხისმგებლობის მოხსნა და ბავშვების ბედის ანაბარა დატოვება. დამეთანხმებით ალბათ, რომ ბავშვისა და მშობლების ფაქტობრივად ერთად ცხოვრება მეორეხარისხოვანია, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ზრუნავს მშობელი შვილზე. ზრუნვაში მხოლოდ ჩაცმა და ჭამა არ იგულისხმება, ასეთ შემთხვევაში ყველასთვის მოგვიწევდა შვილის ჩამორთმევა, ვინც კი ეკონომიურად შეძლებული არაა.

ბავშვის უფლებათაგან აღსანიშნავია აგრეთვე განათლების უფლება.  ყველაზე მოსიყვარულე მშობელიც კი არ ასრულებს თავის მოვალეობას შვილის მიმართ, თუკი ბავშვს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვს (ცნობისათვის, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა!). ხშირად სწორედ ამ საფუძველზე ხდება ხოლმე აუცილებელი მშობლისათვის შვილის ჩამორთმევა, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მძიმე და ემოციური პროცესია.

აუცილებელია, რომ მშობელმა გააცნობიეროს, რომ შვილი მისი საკუთრება არაა და მასზე პასუხისმგებელი არა მხოლოდ თვითონ კი არა, საზოგადოება და სახელმწიფოც არის. მშობლის უფლებები თვითნებობას არ გულისხმობს. ყველა  მშობელი რომ ათვითცნობიერებდეს ამას, მშობლის მიერ შვილისადმი უპასუხისმგებლო და სასტიკი მოპყრობის რიცხვიც შემცირდებოდა. ეს უკანასკნელი კი, დამეთანხმებით ალბათ, რომ ჩვენს რეალობაში არცთუ იშვიათია.