მეუღლეთა თანასაკუთრება

რისთვის ქორწინდება ორი ადამიანი? მართალია, ოჯახის შესაქმნელად. რას ნიშნავს ოჯახი? იმას, რომ ორი ადამიანი თანახმაა, ჰქონდეთ ყველაფერი საერთო: უფლება–მოვალეობები, შვილები და ქონება.

მეუღლეებს განქორწინების უფლებაც ისევე აქვთ, როგორც ქორწინების, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, განქორწინების დროს ქონების განაწილებაა საჭირო. არცთუ იშვიათად, ეს უსიამოვნების მიზეზიც ხდება ხოლმე.

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რა ქონება შეადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ერთი მარტივი პრინციპი უნდა დავიმახსოვროთ: მეუღლეთა თანასაკუთრება (ანუ საერთო საკუთრება) არის ის ქონება, რაც მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს. ქორწინების პერიოდში მეუღლეებს თანასაკუთრებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, განქორწინების შემთხვევაში კი იგი მათ შორის თანაბრად ნაწილდება (თუმცა, სხვაგვარი შეთანხმებაც შესაძლებელია). ეს წესი ძალაშია იმის მიუხედავად, კონკრეტული ნივთი თუ სხვა რამ ქმარმა შეიძინა თუ ცოლმა, ერთ–ერთი მათგანი მუშაობს თუ ორივე და ა.შ. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი – თანასაკუთრებაში არ შედის მხოლოდ ერთ–ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით ან ჩუქების შედეგად მიღებული ქონება.

ქორწინებამდე შეძენილი ქონება ქორწინების პერიოდში და მის შემდეგაც კერძო საკუთრებაა და მასზე შემძენის მეუღლეს არავითარი უფლება წარმოეშობა. განსხვავებული წესი შეიძლება შემოღებულ იქნას მეუღლეთა მიერ საქორწინო კონტრაქტის დადების გზით, რომლის შინაარსის განსაზღვრაშიც მეუღლეებს სრული თავისუფლება აქვთ.

ქორწინების პერიოდში შეძენილ უძრავ ქონებასთან (სახლი, ბინა, მიწის ნაკვეთი და ა.შ.) დაკავშირებით ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: უძრავი ქონება აუცილებლად საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ხშირად ისე ხდება, რომ რეგისტრაციას მხოლოდ ერთ–ერთი მათგანი ახორციელებს თავის სახელზე.

საჯარო რეესტრში უძრავი ქონების კონკრეტული პიროვნების სახელზე რეგისტრაცია ნიშნავს, რომ ეს პიროვნება ამ ქონების მესაკუთრეა და უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს იგი. მესაკუთრის ეს უფლება უპირისპირდება თანასაკუთრებაზე მეუღლეთა თანაბარი უფლებების არსებობას. შესაძლოა “მესაკუთრის” მეუღლე სრულიადაც არ იყოს თანახმა ამ ქონების გასხვისებაზე, მაგრამ უპირატესი ამ შემთხვევაში სწორედ საჯარო რეესტრის მონაცემია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის თანხმობის გარეშე ამ ქონების გასხვისება სრულიად კანონიერია და ასეთ შემთხვევებში დავა უმეტესწილად უშედეგოა.

გამოსავალი ძალიან მარტივია: ნუ დაიზარებთ, ნუ დაგაბრკოლებთ ის აზრი, რომ ეს უხერხულია და მეუღლეებმა საჯარო რეესტრში უძრავი ქონება დაარეგისტრირეთ, როგორც თანამესაკუთრეებმა. ეს მარტივი პროცედურა მომავალში ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან.

 

მშობლების ვალდებულებანი შვილების მიმართ

გუშინ ყური მოვკარი საინფორმაციოს, საიდანაც შევიტყვე, თუ როგორ ცდილობენ დედობის უფლების ჩამორთმევას ქალბატონისთვის, რომლის შვილები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, არ აქვთ ტანსაცმელი და არც სკოლაში დადიან. მოგვიანებით კი მსგავსი ისტორია მოვისმინე იმის თაობაზე, თუ როგორ წაართვეს დედას შვილები და გადაანაწილეს ბავშვთა სახლებში.

ამ პოსტში მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს მიმოვიხილავ, უფრო კონკრეტულად კი – შვილების მიმართ მშობლების მოვალეობებს.

ბავშვის უფლებათაგან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, თავის მხრივ, მშობლებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ, თუ სად და ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. ამ თვალსაზრისით დედისათვის შვილების ჩამორთმევა და ბავშვთა სახლში გაგზავნა სრულ ბარბაროსობას ჰგავს, მაგრამ ბავშვს სხვა უფლებებიც აქვს და მათით სარგებლობის უზრუნველყოფა მშობლის პირდაპირი მოვალეობაა.

მშობელი შვილის კანონიერი წარმომადგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი ვალდებულია, დაიცვას შვილის ინტერესები, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის; იგი ვალდებულია არჩინოს შვილი, სანამ იგი არასრულწლოვანი (სრულწლოვანება 18 წლის ასაკიდან წარმოიშობა) და შესაბამისად, შრომისუუნაროა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასრულწლოვანს საკუთარი შრომით აქვს შემოსავალი (არასრულწლოვნის შრომის უფლება წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან მშობლის თანხმობით, 14–დან 16 წლის ასაკის არასრულწლოვანი შესაძლოა დასაქმდეს მხოლოდ კულტურას ან განათლებასთან დაკავშირებულ ან სარეკლამო სამუშაოზე), მშობელი მისი რჩენის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება.

საოჯახო დავები, განსაკუთრებით როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, როგორც წესი, ძალიან რთულია. ერთი მხრივ, სახეზეა მშობელი, რომელიც ვერ ან არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროა მისი ჩამოშორება ოჯახისაგან და ბავშვთა სახლში გადაყვანა; მეორე მხრივ კი ბავშვები, რომელთაც შესაძლოა, სრულიადაც არ სურდეთ მშობელთან განშორება.

შესაძლოა შემეკამათოთ, რომ არც ბავშვთა სახლებშია ბევრად უკეთესი სიტუაცია, მაგრამ აქ ერთი რამაა მნიშვნელოვანი: ბავშვთა სახლის ბინადარ ბავშვებზე ადმინისტრაციის სახით პირდაპირი პასუხისმგებელი სახელმწიფო ხდება. ეს გაცილებით უფრო მისაღები შემთხვევაა, ვიდრე მშობლის მიერ შვილზე პასუხისმგებლობის მოხსნა და ბავშვების ბედის ანაბარა დატოვება. დამეთანხმებით ალბათ, რომ ბავშვისა და მშობლების ფაქტობრივად ერთად ცხოვრება მეორეხარისხოვანია, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ზრუნავს მშობელი შვილზე. ზრუნვაში მხოლოდ ჩაცმა და ჭამა არ იგულისხმება, ასეთ შემთხვევაში ყველასთვის მოგვიწევდა შვილის ჩამორთმევა, ვინც კი ეკონომიურად შეძლებული არაა.

ბავშვის უფლებათაგან აღსანიშნავია აგრეთვე განათლების უფლება.  ყველაზე მოსიყვარულე მშობელიც კი არ ასრულებს თავის მოვალეობას შვილის მიმართ, თუკი ბავშვს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვს (ცნობისათვის, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა!). ხშირად სწორედ ამ საფუძველზე ხდება ხოლმე აუცილებელი მშობლისათვის შვილის ჩამორთმევა, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მძიმე და ემოციური პროცესია.

აუცილებელია, რომ მშობელმა გააცნობიეროს, რომ შვილი მისი საკუთრება არაა და მასზე პასუხისმგებელი არა მხოლოდ თვითონ კი არა, საზოგადოება და სახელმწიფოც არის. მშობლის უფლებები თვითნებობას არ გულისხმობს. ყველა  მშობელი რომ ათვითცნობიერებდეს ამას, მშობლის მიერ შვილისადმი უპასუხისმგებლო და სასტიკი მოპყრობის რიცხვიც შემცირდებოდა. ეს უკანასკნელი კი, დამეთანხმებით ალბათ, რომ ჩვენს რეალობაში არცთუ იშვიათია.

რამდენიმე მარტივი მოქმედება მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად

ახლობლის დაკარგვა, რა თქმა უნდა, ძალიან არასასურველი და სამწუხარო რამაა, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ასეთ დროსაც კი ღირს.

ადამიანის გარდაცვალების შემდეგ დგება სიცოცხლეში მისი კუთვნილი ქონების მემკვიდრეებისათვის გადაცემის საკითხი. რატომღაც ხშირად ხდება ისე, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები გულუბრყვილოდ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს საკითხი ბუნებრივი პროცესივით მშვიდად და უხმაუროდ მოგვარდება. შემდგომში კი თუ რაიმე სახის სირთულეს წააწყდნენ, გაოცებას ვერ მალავენ: “ცოლი (ქმარი) ვარ და ჩემია, აბა, ვისია?!”, ” შვილი ვარ და უფლება არ მაქვს?” და ა.შ.

დავიწყოთ იმით, რომ თავისით და ავტომატურად არაფერი გვარდება. ნებისმიერ შემთხვევაში საქმის ფორმალური მხარე რაც მალე მოგვარდება, მით უკეთესი.

ადამიანის გარდაცვალების დრო სამოქალაქო კოდექსის ენაზე სამკვიდროს გახსნის დროა. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ადამიანის მემკვიდრეებზე მისი ქონების გადანაწილება უკვე შესაძლებელია. სამკვიდრო ქონება კი ის ქონებაა, რომელიც გარდაცვლილს ანუ მამკვიდრებელს სიცოცხლეში ეკუთვნოდა. მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავ–მოძრავი ქონების გარდა (სამკვიდრო აქტივი) მემკვიდრეებზე გადადის ის მოვალეობებიც (სამკვიდრო პასივი), რაც მამკვიდრებელს სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრეებს მამკვიდრებლის ვალების (კანონის ენაზე ამას კრედიტორების დაკმაყოფილება ჰქვია) გადახდაც მოუწევთ.

სამკვიდროს მისაღებად და მასზე უარის სათქმელადაც კი კანონით დადგენილი ვადების დაცვაა საჭირო.

სამკვიდროს მიღების ვადა მისი გახსნიდან ექვსი თვეა. სამკვიდროს მიღება ორი გზითაა შესაძლებელი:

– მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანის გზით;

– სამკვიდროს ქონების ფაქტობრივი დაუფლებისა და მართვის საშუალებით, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო.

ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ მემკვიდრეებს მაინც პირველი ვარიანტისთვის მიემართათ. ხშირად ხდება ისე, რომ სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ წარმოიშობა დავა მემკვიდრეებს შორის ქონების განაწილების, მემკვიდრეების არაინფორმირებულობის ან სხვა მსგავსი საკითხის გამო. ნოტარიუსის მომსახურებით სარგებლობა კი შემდგომში მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად ნამდვილად ღირს. მემკვიდრეობის საკითხები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარ შეფასებასა და მიდგომას მოითხოვს და ნოტარიუსის რჩევები, როგორც წესი, ძალიან საჭირო აღმოჩნდება ხოლმე.

სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა სამი თვეა იმ მომენტიდან, როდესაც მემკვიდრემ შეიტყო ან უნდა შეეტყო სამკვიდროს მისაღებად მოწვევის შესახებ; საპატიო  მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ ეს ვადა შეიძლება გაგრძელებული იქნას, მაგრამ არა უმეტეს ორი თვით. უარი უნდა გაფორმდეს ნოტარიუსის მიერ. ამ ვადის დაუცველობის შედეგად მემკვიდრეს თავის წილ სამკვიდროზე უარის თქმის უფლება აღარ აქვს. მართალია, შემდგომში მემკვიდრეობით მიღებული არასასურველი ქონების გასხვისებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ამ ვადების დაცვით ბევრი გრძელვადიანი პროცედურის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.

ვფიქრობ, ესაა ის უმარტივესი მოქმედებები, რაც მომავალში სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

განქორწინების რეგისტრაცია ორივე მეუღლის თანხმობით

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა დახმარება მთხოვა. უკვე დიდი ხანია, ის და მისი მეუღლე ერთად აღარ ცხოვრობენ და აინტერესებდა, როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია. ეგონა, სასამართლოსთვის უნდა მიემართა და წინასწარ ზრინავდა იმის წარმოდგენაზე, რამდენჯერ მოუწევდა სასამართლოში მისვლა, ყოფილ მეუღლესთან შეხვედრა და ამასთან დაკავშირებული  მთელი უსიამოვნო პროცედურები. ამას ისიც დაერთო, რომ ვიღაცამ არასწორად მიაწოდა კანონის ერთ–ერთი მუხლის ნაგლეჯი და ეგონა, სანამ მისი უმცროსი შვილი ერთი წლის არ შესრულდებოდა, განქორწინების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა.

ეს უკანასკნელი მცდარი აზრი მაშინვე გავუბათილე. ჩემი მეგობარი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, ჩვენი სამოქალაქო კოდექსი კი მხოლოდ ქმარს უწესებს განქორწინების თაობაზე განცხადების შეტანას ცოლის ორსულობისა და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში მისი თანხმობის გარეშე.

ფოტო განწყობისათვის 🙂

წყვილებს, უფრო სწორად კი, ყოფილ წყვილებს, რომლებსაც თავიანთი ამ სტატუსის დარეგისტრირება ოფიციალურადაც სურთ, აღარ მოუწევთ სასამართლოში სირბილი, თუკი ერთმანეთში ყველაფერი გარკვეული აქვთ და სადავო არაფერია. ყველაფერი ძალიან მარტივადაა: უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც 45 ლარიანი ქვითრისა და ერთობლივი განცხადების მიღების შედეგად 15 დღის შემდეგ გასცემს განქორწინების მოწმობას. თუკი ამ ვადაში ერთ–ერთი მათგანი მაინც განაცხადებს უარს განქორწინებაზე, განქორწინება არ დარეგისტრირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღარ არის აუცილებელი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიმართვა (თუმცა, სამოქალაქო კოდექსში ჯერ კიდევ შემორჩენილია ეს მოთხოვნა!). სამოქალაქო რეესტრის მთელი მონაცემთა ბაზა უკვე ელექტრონულია, შესაბამისად, ტერიტორიული სამსახურისათვის სრულიადაც არ წარმოადგენს პრობლემას იმ აქტის მოძიება, რომელიც თავის დროზე მას არ დაურეგისტრირებია.

ზემოთაღწერილი პროცედურა ხორციელდება იმის მიუხედავად, ჰყავთ თუ არა ცოლ–ქმარს არასრულწლოვანი შვილები. კანონის (სამოქალაქო კოდექსის) ძველი რედაქცია ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ჩარევას მიიჩნევდა აუცილებლად. დღევანდელი მდგომარეობით კი თუკი მშობლები თავად შეთანხმდებიან შვილების საცხოვრებელი ადგილის, აღზრდაში თითოეული მათგანის მონაწილეობისა და სხვა მსგავს საკითხებზე, სასამართლოსთვის მიმართვა აღარ მოუწევთ. იგივე შეიძლება ითქვას ქონებრივ დავაზეც.

შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვა მეუღლეებს აუცილებლად მოუწევთ. სამოქალაქო რეესტრი მხოლოდ  ორივე მათგანის თანხმობის შემთხვევაში დაარეგისტრირებს განქორწინებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სადავო საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება კი მისი კომპეტენცია არაა. ეს საკითხები სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო სამოქალაქო რეესტრი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაარეგისტრირებს განქორწინებასაც.

კანონში გათვალისწინებულია სპეციალური შემთხვევებიც, როცა ერთ–ერთი მეუღლე ქმედუუნარო ან მსჯავრდებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქმეში ჩაერთოს ქმედუუნარო მეუღლის მეურვე, საჭიროების შემთხვევაში კი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციაც.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს ერთ–ერთი მეუღლის განცხადება განქორწინების შესახებ, მაგრამ აუცილებლად აცნობებს ამის თაობაზე ქმედუუნარო მეუღლის მეურვეს ან მსჯავრდებულ მეუღლეს. თუკი ეს უკანასკნელნი სამი თვის ვადაში შეატყობინებენ სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურს დავის არარსებობისა და განქორწინებაზე თანხმობის შესახებ, განქორწინება დაუბრკოლებლად დარეგისტრირდება.

ასე გამოიყურება განქორწინების ტიპიური პროცედურა, როდესაც ორივე მეუღლე თანახმაა განქორწინებაზე. ასეთი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში კი წარმოიშობა დავები ალიმენტის, შრომისუუნარო მეუღლის დახმარების, ქონების გაყოფისა და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. ამ საკითხებს უფრო ვრცლად მომდევნო პოსტებში შევეხები.

P.S. დიდი სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს ტექსტის ხარისხსა ან სირთულესთან დაკავშირებით.

პირველი პოსტი b–law–g–ზე

იურიდიული თემატიკის ბლოგის წარმოება ცოტა სარისკო საქმეა, მაგრამ მთავარი წამოწყებაა; იქნებ ვინმეს შემდგომში ჩემზე უკეთ გამოუვიდეს.

ჩემი აზრით,  მოქალაქეების მიერ კანონის არასწორად გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რასაც შედეგად მისი შეუსრულებლობა ან უკეთეს შემთხვევაში, იძულების წესით შესრულება მოსდევს.

თავისი არსით ყველა კანონი იძულებითია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხშირად ადამიანის მიერ ის აღიქმება, როგორც მათი უფლებების შეზღუდვისა და ჩაგვრის იარაღი. თუ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდება იქამდე, რომ კანონს მიიღებენ, როგორც საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის აუცილებელი წესრიგის უზრუნველყოფის საშუალებას, აღარ გაჩნდება ის შინაგანი პროტესტი, რაც მოქალაქეთა უმრავლესობას კანონისა და ხელისუფლებისადმი უარყოფითად განაწყობს.

ის, რაც ბიუროკრატიად და უდანაშაულო ხალხის წამების საშუალებად მიიჩნევა, ხშირად საჯარო სამსახურისათვის აუცილებელი პროცედურაა. მოქალაქეს, რომელიც საჯარო მოხელის სამუშაოს სპეციფიკას არ იცნობს, უჭირს იმის გაგება, თუ რა საჭიროა რამდენიმეჯერ ერთი და იგივე მონაცემის გადამოწმება და ხშირად არცთუ მოკლე ვადები. სწორედ ეს ქმნის მოქალაქისა და საჯარო სამსახურის ურთიერთობებში პრობლემებს, რაც საჯარო სამსახურისადმი უნდობლობაში გადაიზრდება. საჯარო სამსახურებთან ურთიერთობისათვის თავის არიდებამ კი შესაძლოა მოქალაქესა და მისი ოჯახის წევრებს დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნას, რადგან, როგორც წესი, სათავიდანვე აწეწილი საქმე დროთა განმავლობაში კიდევ უფრო რთულად მოსაგვარებელი ხდება.

პოსტი საკმაოდ ზოგადი გამოვიდა, მაგრამ შემდგომი პოსტები კონკრეტულ საკითხებს შეეხება და დაწვრილებით იქნება განხილული თითოეული მათგანი; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევეცდები განვიხილო ისეთნაირად, რომ მაქსიმალურად ადვილად გასაგები იყოს იურისპრუდენციაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის.