რამდენიმე იურიდიული ტერმინის განმარტება

პოსტში მიმოვიხილავთ რამდენიმე ისეთი ტერმინის ზუსტ მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დასჭირდეს. ჩემს ბლოგს ხომ იურისპრუდენციის ანა–ბანას სწავლების მიზანი ჰქონდა თავიდანვე.

მაშ ასე:

გარიგება – ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლსს ან შეწყვეტას. გარიგება შეიძლება იყოს ცალმხრივი და მრავალმხრივი. ცალმხრივი გარიგებაა, მაგალითად, ანდერძი, რომელიც მხოლოდ მოანდერძის ნების გამოვლენას ემსახურება. მრავალმხრივი გარიგებების შემთხვევაში კი სახეზეა რამდენიმე მხარის ნების გამოვლენა; მხარის და არა პირის, რადგან ერთ  “მხარეში” შესაძლოა, რამდენიმე პირიც იგულისხმებოდეს.

ხელშეკრულება – ხელშეკრულება გარიგების ერთ–ერთი სახეა. ყველა ხელშეკრულება გარიგებაა, მაგრამ ყველა გარიგება ხელშეკრულება არ არის. ცალმხრივი ხელშეკრულება არ არსებობს, იგი რამდენიმე მხარის ნების გამოვლენის საშუალება შეიძლება იყოს. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობითი ან ზეპირი ფორმით, არჩევანი მხარეებზეა. თუმცა, არსებობს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრული კატეგორიის ხელშეკრულებებისათვის წერილობითი ფორმის აუცილებლობას ან რაიმე დამატებით პროცედურას აწესებს. მაგალითად, უძრავი ნივთის ნასყიდობისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ზეპირი ხელშეკრულების უმარტივესი მაგალითია მაღაზიაში რაიმე პროდუქტის ყიდვა.

მხარე – გარიგების ან ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს პირი ან პირთა ჯგუფი. “პირებში” იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

ფიზიკური პირი – იურისპრუდენციაში ამ ტერმინის გამოყენება უფრო მიღებულია, ვიდრე “პიროვნების”, “ადამიანის” და ა.შ. სხვა, უფრო ამომწურავი განმარტება ამ ცნებისა არ გვაქვს. ფიზიკურ პირს ახასიათებს უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა .

იურიდიული პირი – განსაზღვრული მიზნის მისაღწევად კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აქვს საკუთარი ქონება, პასუხს აგებს საკუთარი ქონებით, იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ეს კანონისმიერი განმარტებაა, სამწუხაროდ, უფრო გამარტივება არ შემიძლია. იურიდიული პირი ორგვარია – სამეწარმეო ანუ კომერციული, რომლის ფუნქციონირების მიზანი მოგების მიღებაა და არასამეწარმეო ანუ არაკომერციული – ასეთი მიზნის გარეშე (ამ უკანასკნელის ყველაზე გავრცელებული სახეა ე.წ. NGO-ები).

კანონიერი წარმომადგენელი – პირი, რომელიც რწმუნებულის (წარმომადგენლობის უფლებამოსილების მიმნიჭებლის) ან კანონის მიერ მისთვის მინიჭებული  უფლებამოსილების საფუძველზე მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობაში. კანონისმიერი წარმომადგენლობის მაგალითია მშობელი, როგორც არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენელი, მეურვე ან მზრუნველი – მშობლის სახეზე არარსებობის შემთხვევაში და ა.შ.

არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი;

კრედიტორი და დებიტორი (მოვალე) – სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი. კრედიტორი – უფლება აქვს მოითხოვოს და დებიტორი (მოვალე) – ვალდებულია შეასრულოს მოთხოვნა. მაგალითად, სესხის ხელშეკრულება: გამსესხებელს უფლება აქვს დათქმულ ვადაში მოითხოვოს თანხის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს თანხა.

ხანდაზმულობა – კანონის მიერ დადგენილი ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი კარგავს მოთხოვნის უფლებას. (ამ საკითხზე უფრო ვრცლად აგრეთვე შემდეგ პოსტში).

3 thoughts on “რამდენიმე იურიდიული ტერმინის განმარტება

  1. სესხი – ვალდებულების ტიპის ურთიერთობა,მოლაპარაკება,რომლის დროსაც ერთი მხარე მეორე მხარეს გადასცემს საკუთრებაში არსებულ ფულს ან სხვა სახის ქონებას, რომელიც შეფასებულია რაღაც თანხით. მხარე რომელიც იღებს ამ ქონებას ან თანხას ვალდებულია დაუბრუნოს მესაკუთრეს იგივე ოდენობის და სახის თანხა ან ქონება.

    Reply
  2. კითხვა მაქვს განმარტებასთან დაკავშირებით: “კანონისმიერი წარმომადგენლობის მაგალითია მშობელი, როგორც არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენელი” – ორივე მშობელს ერთად შეუძლიათ გამოვიდნენ არასრულწლოვანი შვილის წარმომადგენლად, თუ თითოეულს ცალ–ცალკე? მადლობა

    Reply
    • ორივე მშობელი უფლებამოსილია, იყოს შვილის წარმომადგენელი ერთად ან ცალ-ცალკე. ამასთან დაკავშირებულ შეზღუდვას კანონი არ იცნობს.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s