ქმედუნარიანობა

უფლებაუნარიანობისაგან განსხვავებით, ქმედუნარიანობა ახასიათებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს. იურიდიულ პირს მხოლოდ ქმედუნარიანობა გააჩნია.

ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა არის პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედების სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. უფლებაუნარიანობისაგან განსხვავებით, ქმედუნარიანობის სრული მოცულობით შეძენა ასაკზეა დამოკიდებული. შვიდ წლამდე არასრულწლოვანი ქმედუუნაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს. მისი კანონიერი წარმომადგენელი მშობელი ან მეურვეა. თუკი შვიდ წლამდე არასრულწლოვანი მიიღებს მემკვიდრეობას, მისი მართვა მხოლოდ მშობლის ან მეურვის მიერ დაიშვება.

შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდული ქმედუნარიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ უფლებების ნაწილის განხორციელება შეუძლია, მისი კანონიერი წარმომადგენელია მშობელი ან მზრუნველი. მაგალითად, მას შეუძლია განკარგოს ჯიბის ფული, რომელიც მისცეს მშობლებმა, ჰონორარი, რომელიც საკუთარი გამომუშავებით აიღო და ა.შ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუკი არასრულწლოვანმა რაიმე გარიგება დადო (მაგალითად, შეგროვილი თანხით იყიდა ძვირადღირებული ფოტოაპარატი), მშობლის ან მზრუნველის მიერ ამ გარიგების მოწონება მისი ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. თუკი მშობელი ან მზრუნველი ჩათვლის, რომ არასრულწლოვნის მიერ დადებული ეს გარიგება ეწინააღმდეგება მის ინტერესებს (მათ შორის, აღმზრდელობითსაც), ეს გარიგება ბათილია და  უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა (იურიდიულად ამას რესტიტუცია ჰქვია) – თანხა დაუბრუნდეს არასრუწლოვანს, შენაძენი – გამსხვისებელს.

რაც შეეხება შეზღუდული ქმედუნარიანი პირის პასუხისმგებლობას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დგება ათი წლის ასაკიდან, ხოლო სისხლის სამართლის – თოთხმეტი წლიდან. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ არასრულწლოვნის მიერ სხვისი ქონების დაზიანება, მაგ. ფანჯრის ჩამსხვრევა. ასეთ შემთხვევაში მშობელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ასეთი ერთობლივი პასუხისმგებლობის მაგალითი შეიძლება იყოს მშობლის მიერ ახალი მინის ყიდვა, ხოლო არასრულწლოვნის მიერ მისი ჩასმა.

შეიძლება ფიზიკური პირი ასაკის მიუხედავად გამოცხადდეს ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად. მაგალითად, ქმედუუნაროდ შეიძლება ჩაითვალოს სულით ავადმყოფი ან ჭკუასუსტი პირი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, თავად დაიცვას საკუთარი უფლებები და შეასრულოს მოვალეობები. ასეთი პირს სჭირდება მეურვე. რაც შეეხება შეზღუდულ ქმედუნარიანობას, შესაძლოა ასეთად ოჯახის წევრების თხოვნით გამოცხადდეს პირი, რომელიც ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ოჯახს და საჭიროა მისი უფლებების შეზღუდვა. პირის ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად გამოცხადება და შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს. ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით დაუშვებელია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაუშვებელია, პირმა დადოს ისეთი გარიგება, რომელიც მის მიერ მისი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების შესაძლებლობაზე უარის თქმას ავალდებულებს. (ამასთან დაკავშირებული საინტერესო კაზუსი).

თვრამეტი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ფიზიკური პირი ხდება სრულწლოვანი და შესაბამისად, ქმედუნარიანიც. სრულწლოვანი პირი აღარ საჭიროებს კანონიერ წარმომადგენელს და შეუძლია, თავისი უფლებები თავად განახორციელოს და მოვალეობების გამოც თავად უნდა აგოს პასუხი.

იურიდიული პირის ქმედუნარიანობა წარმოიშობა იურიდიული პირის რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის მომენტიდან. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იურიდიული პირის არსებობა–არარსებობის საკითხი სწორედ მის რეგისტრაციაზეა დამოკიდებული. ქმედუუნარობისა და შეზღუდული ქმედუნარიანობის ფიზიკური პირებისათვის დამახასიათებელი შემთხვევები იურიდიულ პირზე არ ვრცელდება.

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბლოგს მეზობელ ბლოგერებზე მეტად სერჩ–თერმებს გადმოყოლილი შემთხვევითი ხალხი სტუმრობს. ჰოდა, ერთ–ერთ მათგანს დაუსერჩავს “ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა”, მაგრამ როგორც ჩანს, წინა პოსტში მოცემულმა მოკლე განმარტებამ არ დააკმაყოფილა და ძიებას ასეთი სახე მისცა: “ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა ვრცლად”. კარგი, შევეცდები “ვრცლად”.

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა – ესაა უნარი, ჰქონდეს საკუთარი უფლებები და მოვალეობები. აქ საუბარია მხოლოდ მათ ქონაზე, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება უკვე ქმედუნარიანობის სფეროა. ფიზიკურ პირს უფლებაუნარიანობა წარმოეშობა დაბადებისთანავე და წყდება მისი გარდაცვალებით. გარდაცვალებად მიიჩნევა თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა. ფიზიკური პირისთვის უფლებაუნარიანობის ჩამორთმევა დაუშვებელია (რომ არ ვთქვათ, შეუძლებელი).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადებისთანავე, განსხვავებით მემკვიდრეობის უფლებისაგან, რომელიც წარმოიშობა ადამიანის ჩასახვისთანავე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მამკვიდრებელს უფლება აქვს, სამკვიდრო ქონება დაუტოვოს პირს, რომელიც მისი გარდაცვალების მომენტისათვის ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, მაგრამ დაიბადა გარდაცვალებიდან ათი თვის განმავლობაში.

რაც შეეხება ჩანასახის სხვა უფლებას, მაგალითად, აქვს ან უნდა ჰქონდეს თუ არა ჩანასახს სიცოცხლის უფლება, ეს ჯერ კიდევ დავის საგანია. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს სხვადასხვაგვარად არეგულირებს. თუმცა, ეს უკვე სხვა პოსტის თემაა.