ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ჩემი წინა პოსტი ადვოკატების მიერ მოქალაქეთა გაუთვითცნობიერებლობით სარგებლობას ეხებოდა. პოსტში აღვნიშნე და კომენტარებითაც დამიდასტურეს, რომ ადვოკატები მოქალაქეებს ხშირად უსაფუძვლოდ აიმედებენ ე.წ. “სტრასბურგის სასამართლოთი”. შევეცდები, მოკლედ მოვხაზო “სტრასბურგის სასამართლოს” ანუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობის სფერო და ფუნქციები და ნაწილობრივ მაინც გავფანტო ის ილუზიები, რომლებითაც არცთუ იშვიათად იმშვიდებენ თავს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიქმნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე (ამ კონვენციაში გარანტირებულ უფლებებს მოგვიანებით აუცილებლად მიმოვიხილავ უფრო ვრცლად) და მისი ფუნქციებიც სწორედ ამის მიხედვითაა განსაზღვრული.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში გარანტირებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ა.შ.). საქართველო ამ კონვენციის მონაწილეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში გარანტირებული უფლებები საქართველოს უზენაესი კანონით – კონსტიტუციითაც არის განმტკიცებული. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც ამ პროფილით საქმიანობს: განიხილავს მხოლოდ ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლიათ მოქალაქეებს სახელმწიფოს წინააღმდეგ ან კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს ერთმანეთის წინააღმდეგ. მოპასუხე მხარე ყველა შემთხვევაში სახელმწიფოა. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მოქალაქემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვამდე სახელმწიფოს შიგნით არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება უნდა ამოწუროს.

საქართველოს სასამართლო სისტემა სამი ინსტანციისაგან შედგება: პირველ ინსტანციას ქმნის რაიონული და საქალაქო სასამართლოები; მეორე ინსტანცია მოიცავს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს, სადაც პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საჩივრდება; მესამე და საბოლოო ინსტანცია კი არის საქართველოს უზენაესი სასამართლო, სადაც საჩივრდება სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები – ამას სამართლებრივ ენაზე კასაციას უწოდებენ.

ჩვენს შემთხვევაში ქვეყნის შიგნით არსებული ყველა საშუალების ამოწურვა ზემოჩამოთვლილი ინსტანციების თანმიმდევრობით გავლას გულისხმობს. ამ თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია, მაგალითად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება არ შეიძლება. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც უზენაესი სასამართლო საქმეს საკასაციო წესით განიხილავს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი უკვე არა თავისი მოპასუხის ან კონკრეტული მოსამართლის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეაქვს (მაგ: “ვინმე …ძე საქართველოს წინააღმდეგ”), რადგან სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება საქართველოს სახელით გამოდის.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანი საჩივრის საგანი ადამიანის უფლებათა დარღვევა უნდა იყოს, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ განიხილება!!!

ეს იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგში განიხილება მხოლოდ კონკრეტულ სახელმწიფოში სასამართლოს მიერ საქმის განხილვის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, რომლებიც კონვენციას ეწინააღმდეგება. მაგალითად, კანონით დადგენილ ვადაზე ხანგრძლივი ვადით პატიმრობა, პირადი ჩხრეკა მოსამართლის შესაბამისი ნებართვის გარეშე და ა.შ. ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში სასამართლომ შესაძლოა  სახელმწიფოს ფულადი ჯარიმა დააკისროს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივი შეიძლება იყოს, რადგან სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კი მთელ ევროპაში ერთადერთი წარმომადგენლობა აქვს – საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში.

ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც ჩვეულებრივი სასამართლოა და არა სახელმწიფოს დასასჯელად მოგონილი ზე-დაწესებულება. აქ არ არსებობს გარანტია, რომ საჩივარს წარმოებაში მიიღებენ, რადგან საქმე არ განიხილება, თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ საჩივარი საფუძველს მოკლებულია. საქმის განხილვის შემთხვევაშიც კი არ არსებობს გარანტია, რომ მოქალაქე აუცილებლად მოიგებს. საქმეს აქაც მოსამართლეები განიხილავენ, რომლებიც კანონის – ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით მოქმედებენ, რაც შესაძლოა, სრულიადაც არ ემთხვეოდეს რიგითი მოქალაქის წარმოდგენას სამართლიანობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდი.

ადვოკატები, ხრიკები და პროფესიონალიზმი

ჩემს ბლოგს მაინცადამაინც ხშირად არსად ვაშეარებ, მაგრამ ვხედავ, რომ სერჩებით საკმაოდ ბევრი ვიზიტორი შემოდის. ამ რაოდენობით შეგულიანებული ყოველკვირას მაინც ვაძლევ საკუთარ თავს პირობას, რომ ბლოგს სერიოზულად მივხედავ, მაგრამ ხან უდროობა მიშლის ხელს და ხანაც განწყობის ნაკლებობა. აი, დღეს კი მეგობართან საუბრისას ისე აღვშფოთდი, რომ ვერ მოვითმინე და გადავწყვიტე, ეს აღშფოთება ყველა იმ პიროვნებას გავუზიარო, ვინც სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციას ინტერნეტში ეძებს, მით უმეტეს, თუკი კომპეტენტური პროფესიონალისთვის მიმართვა სხვადასხვა მიზეზით არ შეუძლია.

ჩემი აღშფოთების მიზეზი ასეთნაირად გამოიყურება: პიროვნებას ბრალად ედება ყაჩაღობა და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ამჟამად (საქმის ფაქტობრივი გარემოებების განხილვას არ შევუდგები). ოჯახის წევრებმა სახაზინო ადვოკატზე უარი თქვეს და მის მაგივრად საკმაოდ სახელმოხვეჭილი კოლეგა დაიქირავეს. სახაზინო ადვოკატი რატომღაც მოქალაქეთა უმრავლესობის დიდი ნდობით არ სარგებლობს. სამწუხაროდ, ეს იმ იდეოლოგიის გადმონაშთია, როდესაც საქმის გაკეთება ჯიბეში ფულის ჩაკუჭვასთან ასოცირდებოდა. ლოგიკა მარტივია: მე არ ვუხდი, მაშასადამე, ჩემთვის თავს არ შეიწუხებს! არადა, ხშირად პირიქით უფროა.

ახალდაქირავებულმა ადვოკატმა არც აცია, არც აცხელა და ოჯახის წევრებს სტრასბურგის სასამართლოს (ვრცლად ამ სასამართლოსა და მისი საქმიანობის თაობაზე) არსებობა შეახსენა. ეს მაშინ, როცა სავარაუდოდ, საქმის მასალებს წესიერად არც იყო გაცნობილი, არც ბრალდებულს შეხვედრია, არც მოწმეებს და არც პროკურორს – ანუ ლამის პირველივე დღეს. სანამ სტრასბურგის სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას გაგაცნობდეთ, მოკლედ, გეტყვით, რომ მისდამი მიმართვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი მხარე სახელმწიფოში არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ამოწურავს. ჩვენს შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ არასასურველი განაჩენი ჯერ სააპელაციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს, ხოლო შემდეგ, სურვილის შემთხვევაში – უზენაეს სასამართლოში (შემდგომში სასამართლო სისტემასაც მიმოვიხილავთ).

ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) ღრმა რწმენით, სტრასბურგის პერსპექტივის დასახვა მაშინ, როცა საქმისთვის ხელი ფაქტობრივად, არც მოგიკიდია, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმია. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეს თავიდანვე აჩვევ აზრს, რომ ამ სახელმწიფოში საქმის მოგება შეუძლებელია და მოსამართლე ყველა შემთხვევაში პროკურორს მიემხრობა, თუნდაც ეს უკანასკნელი სამტრედიაში დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს კენედის მკვლელობაში ადანაშაულებდეს.

ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია მოგცეთ: არ მისცეთ ასეთ “პროფესიონალებს” თქვენი გასაჭირით მანიპულირების საშუალება!!!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატის ეს ხრიკი ორ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: წინასწარ ამართლებს წაგებას სამივე ინსტანციაში და ზრდის ჰონორარის მოცულობას. მოგეხსენებათ ალბათ, რომ ადვოკატის მომსახურება საქმის შედეგის მიუხედავად ფასიანია. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალ ინსტანციაში მიიწევს საქმე, მით უფრო აშკარა გახდება უკანონობა. ასე რომ, ნებისმიერ მხარეს მართებს მეტი ნდობა სასამართლოს და მეტი კონტროლი – ადვოკატის მიმართ.

ასე რომ, ნუ აჰყვებით ნერვებს და ნუ მოგატყუებთ სახელმწიფოსა და სასამართლო სისტემის თათხვა, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას – ადვოკატი თუ პოლიტიკოსი. დაიმახსოვრეთ, ადვოკატი ამ სისტემაშია დასაქმებული, ხოლო პოლიტიკოსების უმრავლესობა პროცესებზე მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც სასამართლო დარბაზში კამერის გამოყენება აიკრძალა და შესაბამისად, ტელევიზორის ეკრანზე გამოჩენაც შეუძლებელი გახდა. აქვე დამატებით შევნიშნავ, რომ სასამართლო დარბაზში მხოლოდ კამერის გამოყენებაა აკრძალული, პროცესები (გამონაკლისის გათვალისწინებით) კვლავინდებურად საჯაროა.

მეტი სანდოობისთვის მეგობარს დავუკავშირდი, რომელიც ამ სისტემაშია დასაქმებული და გარდა იმისა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულში დამეთანხმა, მიამბო, თუ როგორ სთხოვდა მის ნაცნობს ადვოკატი ფულს იმისათვის, რომ წინასწარი პატიმრობა და სასამართლო განხილვის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნის ვადა ბრალდებულს სასჯელში ჩათვლოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ წინასწარი პატიმრობა კანონის თანახმად სასჯელის ნაწილად ითვლება, ადვოკატი კი ყოველივე ამის საკუთარ დამსახურებად გასაღებას და ფულის აღებას გეგმავდა. ამ დროს კი ბრალდებულის ოჯახის წევრი ალბათ სიხარულს ვერ მალავდა, ეს რა კარგი ადვოკატი დამიქირავებიაო.

ასე რომ, თუკი რაიმე პრობლემა შეგექმნათ, შეეცადეთ, ცივი გონებით შეაფასოთ ფაქტები. დაიმახსოვრეთ, რომ ადვოკატი შეუმცდარი არ არის და ცოდვა გამხელილი სჯობს, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება მაინცდამაინც დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული – ეს სერთიფიკატი თითქმის ყველას აქვს, ვინც კი იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.