მოგესალმებით,
ჩვეულებრივ, ასე ვიწყებ ხოლმე შეკითხვაზე პასუხის გაცემას.
ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ ბლოგზე დიდი ხანია, არ შემომიხედავს. ბევრი რამ შემიძლია, მოვიმიზეზო უდროობით დაწყებული გადაღლილობით დასრულებული, მაგრამ დღეს, როცა ვიზიტორებისა და შემოსული შეკითხვების რაოდენობას გადავხედე, მივხვდი, რომ ჩემს პასიურობას, გამართლება, უბრალოდ, არ აქვს.
- კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას მათ, ვინც ხშირად თუ იშვიათად, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ბლოგს კითხულობდა;
- ძალიან მიხარია, თუკი შევძელი და ვინმეს საჭირო ინფორმაციით დავეხმარე;
- ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც შეკითხვაზე პასუხს ელოდა და ვერ მიიღო, ან მისთვის საინტერესო ინფორმაციას ეძებდა და ვერ იპოვა.
ნებისმიერ შემთხვევაში, მგონი, ღირს, წერა გავაგრძელო. თუნდაც იშვიათად, მაგრამ სისტემატურად.
აქვე გაცნობებთ, რომ კითხვა-პასუხის გვერდი დღეიდან უქმდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ შემოსული შეკითხვების რაოდენობისა და მრავალფეროვნების გამო ამ გვერდზე სრული ქაოსია და ინფორმაციის მოპოვება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თემატურად დალაგებული შეკითხვები შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე. ნებისმიერ მკითხველს ექნება შესაძლებლობა, შეკითხვები კომენტარებში დასვას, რომელსაც შეძლებისდაგვარად, იქვე გავცემ პასუხს ან ახალ პოსტს მოვამზადებ.
საბედნიეროდ, ჩემი ბლოგერული პასიურობის პერიოდს უქმად არ ჩაუვლია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე, რასაც პერიოდულად გაგიზიარებთ.