სამკვიდრო მოწმობის გაცემის ტარიფი

“სანოტარო მოქმედებათა შესრულების საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი განაკვეთებია:

როცა გარიგების ღირებულებაა

საზღაურის ოდენობა ლარებით არის გარიგების ღირებულების

1 500 ლარის ჩათვლით 3%
2 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით 15 ლარი + 500 ლარის ზევით თანხის 2,5%
3 1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით 27,5 ლარი + 1000 ლარის ზევითთანხის 1,5%
4 2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით 42,5 ლარი + 2000 ლარის ზევითთანხის 1%
5 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით 52,5 ლარი + 3000 ლარის ზევითთანხის 0,5%
6 5001 ლარიდან 20000 ლარის ჩათვლით 62,5 ლარი + 5000 ლარის ზევით თანხის 0,4 %
7 20001 ლარიდან 100000 ლარის ჩათვლით 122,5 ლარი + 20000 ლარის ზევითთანხის 0,3%
8 100001 ლარიდან 500000 ლარის ჩათვლით 362,5 ლარი + 100000 ლარის ზევითთანხის 0,2%
9 500001 ლარიდან 1000000 ლარის ჩათვლით 1162,5 ლარი + 500000 ლარის ზევით თანხის 0,1%
10 1000000 ლარის ზევით 1662,5 ლარი + 1000000 ლარის ზევით თანხის 0,05 %.

ამავე დადგენილების 29-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობის უფლების გაცემის, სამკვიდრო მოწმობის გაცემისა და სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად გადაიხდევინება ცხრილში დადგენილი განაკვეთების ნახევარი. სამკვიდრო მოწმობის უფლებისა და სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად საზღაურის მინიმუმი არის 10 ლარი.

საფასური აუცილებლად დაიანგარიშება ეროვნულ ვალუტაში; თუკი ქონება შეფასებულია სხვა ქვეყნის ვალუტით, მხედველობაში მიიღება გადახდევინების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეროვნული ვალუტის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ.

უცნობი ადვოკატის წერილი და კანონით მემკვიდრეების რიგითობა

ორიოდე დღის წინ მეგობარმა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, აფორიაქებულმა მაცნობა ახალი ამბავი.

თურმე მისი მეგობრის დედას ვინმე ადვოკატმა მისწერა წერილი, სადაც უხსნიდა, რომ მისი კლიენტი, ვინმე მილიონერი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ამავე შემთხვევის შედეგად დაიღუპა მისი ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი და მან ვერ შეძლო მისი სხვა ნათესავების პოვნა, რათა სამკვიდრო ქონება მათ შორის განაწილებულიყო. ზოგადად, თუკი მამკვიდრებელს მემკვიდრე არ ჰყავს, ქონება სახელმწიფოს რჩება. პატივცემულ ადვოკატს, თურმე, არ ნებავს, რომ ეს მილიონები სახელმწიფოს დარჩეს და ქალბატონს, რომელიც ამ  მილიონერის მოგვარე აღმოჩნდა (საკმაოდ იშვიათი გვარია და მხოლოდ ის იპოვა სოციალური ქსელის საშუალებით), სთავაზობს, რომ მას წარადგენს, როგორცს ამ გარდაცვლილი მილიონერის მემკვიდრეს.

მინდა გითხრათ, რომ მთელი წერილი ძალიან გამართული ინგლისურითა და დამაჯერებელი ტონითაა დაწერილი, გაძეძგილია იურიდიული ტერმინოლოგიით და წერილის ბოლოს ავტორი იმის ალბათობასაც უშვებს, რომ შესაძლოა ადრესატმა ყოველივე ამას ეჭვით შეხედოს და იმეილის საშუალებით წვრილმანებზე მოლაპარაკებას სთავაზობს. გარდა ამისა, არწმუნებს, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით მოგვარდება და პრობლემები არავის შეექმნება.

რა გითხრათ, აბა! არ ვიცი, ვიღაც ფულზე გაგიჟებული შიზოიდი ადვოკატი აფრქვევს ამ რბილად რომ ვთქვათ, თაღლითურ სქემას თუ უსაქმურთა ლეგიონის მეომარი ხუმრობს. ორივე შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ:

– ნათესაური კავშირის დასადგენად მხოლოდ გვარი არ არის საკმარისი. ერთი წუთით დაუშვით ამის ალბათობა და თავად მიხვდებით, თუ რა სისულელეს მივიღებთ შედეგად, სულაც ერთი გვარის ორად ორი წარმომადგენელი რომ ცხოვრობდეს მთელ მსოფლიოში;

– ნათესაური კავშირის დადგენა საეჭვოობის შემთხვევაში სასამართლოს საქმეა და მხოლოდ მოგვარეობას არ ეფუძნება. თქვენ წარმოიდგინეთ, დნმ–ს ანალიზიც კი არ არის ასპროცენტიანი სიმართლის გარანტიად მიჩნეული;

– თუ ვინმეს გგონიათ, რომ უსაფუძვლოდ ვუყურებ ეჭვით ყოველივე ამას და მეგობრის მეგობარს მილიონებს ვაკარგვინებ, დროზე გამაფრთხილეთ! (ნახევრად ხუმრობით!)

ჰოდა, რაკი ნათესაობაზე და მემკვიდრეობის განაწილებაზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე ავხსნათ, თუ რა არის კანონით მემკვიდრეობა.

მოანდერძის ნების გამოვლინება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანდერძია, მაგრამ რა მოხდება ისეთ შემთხვევაში, თუკი ანდერძი არ არსებობს – მოანდერძემ ვერ მოასწრო მისი დაწერა, არ ჩათვალა საჭიროდ და ა.შ?

სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის კანონი ადგენს მამკვიდრებლის ოჯახის წევრებისა და ნათესავების რიგითობას, რომლის მიხედვითაც უნდა განაწილდეს მამკვიდრებლის ქონება. კანონით მემკვიდრეობა უკვე ვახსენეთ სავალდებულო წილის განხილვის დროს. ასახსნელი აქ ბევრიც არაფერია, სწორედ ამიტომ იძულებული ვარ, სამოქალაქო კოდექსიდან მთელი მუხლი უცვლელად დავაკოპირო:

კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:

I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.

III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის  დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.

IV. მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.

V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

მთავარი კი ისაა, რომ ერთი რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების შესაძლებლობას.

მოკლედ, კანონით მემკვიდრეობისა და ანდერძის ღირსებები და ნაკლოვანებები უკვე საკმარისად განვიხილეთ. არჩევანი მამკვიდრებელზეა.

კანონით მემკვიდრეობა და სავალდებულო წილი

წინა პოსტში უკვე აღვნიშნე, თუ რაოდენ კარგი საშუალებაა ანდერძი მემკვიდრეობასთან დაკავშირებული გაუგებრობებისა და შეხლა–შემოხლის თავიდან ასაცილებლად.

თუმცა, ჩვენმა კანონმდებლობამ კიდევ ერთი წესი შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც მამკვიდრებლის (პირი, ვისი კუთვნილი ქონებაც მემკვიდრეობის საგანია (სამკვიდრო ქონება)) ოჯახის წევრები შესაძლო უსამართლობისაგან დაიცვა:

გარდაცვლილი პირის მეუღლეს, შვილსა და მშობლებს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით იმ ქონების ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.

რა არის კანონით მემკვიდრეობა? – ესაა კანონის მიერ დადგენილი სამკვიდრო ქონების განაწილების წესი, რომელიც ანდერძის არარსებობისას გამოიყენება. კანონით მემკვიდრეობისას განსაზღვრულია მამკვიდრებლის ოჯახის წევრებისა და სხვა ნათესავების რიგითობა, რომელიც არის იმის განმსაზღვრელი, თუ ვის უნდა გაუნაწილდეს გარდაცვლილის ქონება.

ყველა რიგის მემკვიდრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და თითოეული მათგანის წილის გამოთვლა საკმაოდ რთული საქმეა, ამიტომ სჯობს ეს ისევ ნოტარიუსს მივანდოთ. ამ შემთხვევაში საკმარისია აღინიშნოს, რომ სავალდებულო წილი ეკუთვნის მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეებს – გარდაცვლილის მეუღლეს, შვილებსა და მშობლებს. ნოტარიუსი, გამოითვლის რა, თუ რა წილი ერგებოდა თითოეულ მათგანს, ანდერძი რომ არ ყოფილიყო, მიაკუთვნებს მათ ამ წილის ნახევარს. შესაძლოა, რომ მამკვიდრებლის მიერ მემკვიდრეზე სიცოცხლეშივე გაცემული ქონებაც ჩაითვალოს სამკვიდრო წილში.

თუმცა, კანონში ერთი დეტალია, რომელზე ზუსტი პასუხიც პირადად მე ვერ ვიპოვე:

მამკვიდრებელს უფლება აქვს, ანდერძის მეშვეობით მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს.  შესაბამისად, ეკუთვნის თუ არა სავალდებულო წილი იმ მემკვიდრეს, რომელსაც ანდერძით მემკვიდრეობის უფლება ჩამორთმეული აქვს? სავალდებულო წილის მუხლში ხომ წერია: “ანდერძის შინაარსის მიუხედავად”.

ჩემი აზრით – არა. ანდერძის მეშვეობით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა არის მამკვიდრებლის ნების გამოხატულება, რომლის უგულებელყოფა კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა. მართალია, ერთი შეხედვით სავალდებულო წილის შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გარდაცვლილის ნების უგულებელყოფასთან, მაგრამ აქ სახეზეა კონკურენცია ორ სიკეთეს შორის: გარდაცვლილის ნება და პირველი რიგის მემკვიდრეების უფლება, მიიღონ სამკვიდრო. კანონმა აქ შუალედური მიდგომა აირჩია, მიაკუთვნა მათ იმის ნახევარი, რაც კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ.

ეს ჩემი თეორიული მსჯელობის შედეგად, თუმცა, პრაქტიკულად შესაძლოა, ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდებოდეს, რის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ მაქვს. განსხვავებულ აზრს სიამოვნებით მოვისმენ კოლეგებისგან.

ანდერძის ფორმები და შინაარსი

ანდერძი შედგენილი უნდა იქნას მხოლოდ წერილობითი ფორმით, პირადად მოანდერძის მიერ.

მოანდერძე შეიძლება იყოს მხოლოდ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი. დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივი ანდერძის შედგენა (მხოლოდ მეუღლეებს აქვთ უფლება შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის თაობაზე).

ანდერძი შეიძლება იყოს ორი სახის: ე.წ. შინაურული და სანოტარო ფორმით შედგენილი.

შინაურული ანდერძი შეიძლება შეადგინოს მოანდერძემ, მოაწეროს ხელი და საკუთარი სურვილისამებრ შეინახოს. თუმცა, სანოტარო ფორმა გაცილებით საიმედოა და გაუგებრობის თავიდან აცილების მხრივაც უმჯობესი.

სანოტარო ფორმა გულისხმობს, რომ მოანდერძის მიერ შედგენილი ანდერძი უნდა დაადასტუროს ნოტარიუსმა, ხოლო სადაც ნოტარიუსი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ. სურვილისამებრ, ანდერძი შეიძლება ჩაიწეროს ნოტარიუსმა, ხოლო მოანდერძემ და მოწმემ ხელი მოაწეროს მას. ნოტარიუსსა და მოწმეს უფლება არ აქვთ, გათქვან ანდერძის შინაარსი.

თუკი მოანდერძეს ანდერძის შინაარსის გამხელა მოწმეებისთვის არ სურს, დასაშვებია, რომ მან მოწმეების თანდასწრებით შეადგინოს ანდერძი, ხოლო მოწმეებმა ხელი მოაწერონ მას იმის მითითებით, რომ ანდერძი შედგა მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი მის შინაარსს არ გასცნობიან.

მოანდერძეს აგრეთვე უფლება აქვს, თავისი ხელით დაწერილი და ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს სამი მოწმის თანდასწრებით, რაც დადასტურდება კონვერტზე ხელის მოწერით.

მოანდერძეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია შეცვალოს ან გააუქმოს ანდერძი. გაუქმება შეიძლება მოანდერძის მოთხოვნით ნოტარიუსის ან თავად მოანდერძის მიერ ანდერძის განადგურებით.

ანდერძზე აუცილებლად უნდა მიეთითოს თარიღი. თუკი მოანდერძემ შეადგინა ერთზე მეტი ანდერძი, ძალაშია ის, რომელიც უფრო გვიანდელი თარიღით არის შედგენილი. ხოლო თუკი არსებობს შინაურული და სანოტარო ფორმის ანდერძები, ძალაშია სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი შედგენის თარიღის მიუხედავად.

რაც შეეხება ანდერძის შინაარსს, მოანდერძეს თავისი სურვილისამებრ შეუძლია მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე რა ქონება გადავა ან განსაზღვროს თითოეული მათგანის წილი. ანდერძით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ როგორც სრულწლოვნები, ისე არასრულწლოვნები და მამკვიდრებლის სიცოცხლეში ჩასახული ბავშვიც, თუკი იგი დაიბადება მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ათი თვის განმავლობაში.

მოანდერძეს ანუ მამკვიდრებელს უფლება აქვს, ანდერძით ჩამოართვას მემკვიდრეობის უფლება ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს (თუ რას ნიშნავს კანონით მემკვიდრე, მოგვიანებით განვმარტავ) ისე, რომ ამის მოტივი არ მიუთითოს.

ანდერძის გახსნა და აღსრულება ხდება მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ.

ანდერძის საჭიროებაზედ

მითხრეს, კარგი ჩანაფიქრია და არ მიაგდოო.. ჰოდა, ვაგრძელებ!

რამდენიმე დღის წინ დეიდაჩემს თანამშრომელმა კითხვა დააბარა ჩემთან: თუ გარდაცვლილმა მამამ ერთ შვილს წილი სიცოცხლეშივე მისცა, ეკუთვნის თუ არა მემკვიდრეობაო.

დასაწყისიდანვე ვიტყვი, რომ კითხვა მთლიანად არასწორია, მაგრამ ჯერ სიტუაცია განვიხილოთ.

ჩვენი საზოგადოების დაბალი სამართლებრივი კულტურა ჩემთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ როცა საქმე სამემკვიდრეო სამართალს ეხება, ეს საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებიც კი სამკვდრო–სასიცოცხლოდ გადაემტერებიან ხოლმე ერთმანეთს. ეს კი იმის ბრალია, რომ მამკვიდრებელთა უმრავლესობას (უფროსი თაობა) წარმოდგენაც არა აქვს არსებულ საკანონმდებლო პროცედურებზე და დაკვიდრებული (რომელიც არცთუ იშვიათად მანკიერიცაა) ჩვეულებებით ხელმძღვანელობენ.

სიტუაცია #1. მამკვიდრებლის ქალიშვილი გათხოვდა. მშობლებმა ტრადიციისამებრ გაამზითვეს და ჩათვალეს, რომ მის წინაშე ყოველგვარი ვალდებულება უკვე მოხსნილი აქვთ და ყველაფერი, რაც კი მათ ოჯახში დარჩა, ვაჟს (ვაჟებს) ეკუთვნის. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დადგა სამკვიდროს განაწილების საკითხი. აქ შემთხვევათა ორი ძირითადი სხვადასხვაობაა სახეზე:

– თუ გათხოვილ ქალიშვილს მატერიალური პრობლემები არ აქვს და ქმრის ოჯახში ისედაც ყველაფრით უზრუნველყოფილია, არაფერში სჭირდება გარდაცვლილი მშობლების ქონება და სადავოც არაფერი ხდება.

– გათხოვილი ქალიშვილი უარს არ იტყოდა დამატებით მატერიალურ სახსრებზე (მეუღლე უმუშევარია,  განქორწინდა, ბანკის ვალი აქვს და რაც გნებავთ), ითხოვს სამკვიდრო წილს და ძმებისა და ნათესავების თვალში უმადურისა და ხარბის იმიჯს იმკვიდრებს.

სიტუაცია #2. ოჯახის ერთ–ერთი წევრი მშობლის (ან სხვა მამკვიდრებლის) სიცოცხლეშივე წავიდა სახლიდან და ცხოვრობს ცალკე, მაგრამ სარგებლობს მამკვიდრებლს ფინანსური და სხვა სახის დახმარებით. მამკვიდრებლის გარდაცვალებას კი წინა სიტუაციის ანალოგიური შედეგები მოსდევს.

სიტუაცია #3. მშობლებმა ერთ–ერთი შვილის თხოვნით გაასხვისეს ის ქონება, რაც სამკვიდრო უნდა ყოფილიყო მათი გარდაცვალების შემდეგ და აღებული თანხა მთლიანად გადასცეს მას. ეს ამბავი შემთხვევით გაიგო მეორე შვილმა, რომელიც დაობს თავის წილზე და ეჭვქვეშ აყენებს მშობლების მიერ დადებული ხელშეკრულების (მაგალითად, სახლის გაყიდვის შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების) ნამდვილობას. აქ ზარალდებიან მშობლებიც, და–ძმებიც, რომლებიც ქონების გაყოფაზე ვერ მორიგებულან და მყიდველიც, რომელიც მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერაფრით წარმოიდგენდა.

კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ტიპიური ქართული სიტუაციები მგონი, უკვე გეცნოთ.

რა არის “სამკვიდრო წილი”?

სამკვიდრო იხსნება მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, არ შეიძლება მის სიცოცხლეში მისივე კუთვნილი ქონების სამკვიდროდ განხილვა და თანამემკვიდრეების მიერ წილის განსაზღვრა. წილის განსაზღვრა მამკვიდრებლის პრეროგატივაა, ხოლო თუ იგი ამას არ ან ვერ აკეთებს – კანონის. შესაბამისად, მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეში გასხვისებული ქონება არ ითვლება სამკვიდრო ქონებად. სამკვიდრო ქონება მხოლოდ ისაა, რაც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა გარდაცვალების მომენტისათვის.

შემთხვევა, როდესაც მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეში მემკვიდრისთვის გადაცემული ქონება სამკვიდროში უნდა ჩაითვალოს, არის სავალდებულო წილის განსაზღვრა.

მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ კანონისათვის ქალიშვილიც და ვაჟიც თანაბარია და სამკვიდრო წილიც ორივე მათგანს თანაბრად ეკუთვნის; აგრეთვე ისიც, რომ კანონი ვერ გაითვალისწინებს, თუ რა სამსახური გაუწიეს სიცოცხლეში თითოეულ შვილს და შესაბამისად, კანონი ვერ გაანაწილებს მემკვიდრეობას ისე, როგორც ეს მათ მიაჩნიათ სამართლიანად.

გამოსავალი: დატოვეთ ანდერძი .

ყოველივე აქედან გამომდინარე, პასუხი პოსტის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე შემდეგია: მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ნაწილდება ყველა თანამემკვიდრეს შორის.