პასუხი შეკითხვაზე – მემკვიდრეობა

ელექტრონული ფოსტით შეკითხვა მომივიდა.

პიროვნებას აინტერესებს, შეუძლია თუ რა სახლის გაყიდვა მისი რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი მამის მეუღლეს. შეკითხვის ავტორი დასთან ერთად ჩაწერილია აღნიშნულ სახლში და გაყიდვის წინააღმდეგია.

უპირველეს ყოვლისა უნდა განიმარტოს ის, რომ ჩაწერის ინსტიტუტი საქართველოში აღარ მოქმედებს. საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, მათ ვინც ჩაწერილი იყო კონკრეტული უძრავი ქონების მდებარეობის ადგილზე, წარმოეშობოდათ უფლებები ამ უძრავ ქონებაზე.

დღეს უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ხდება მხოლოდ ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელია გაირკვეს, არის თუ არა შეკითხვაში დასახელებული ქონება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და თუ არის, ვის სახელზე. ამისათვის საჭიროა საჯარო რეესტრის შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ცნობა–დახასიათების გამოთხოვა.

იმ შემთხვევაში, თუ ქონება რეგისტრირებულია გარდაცვლილ პირზე, საჭიროა მისი გადაცემა გარდაცვლილი პირის ანუ მამკვიდრებლის მემკვიდრეებისათვის. სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეებმა უნდა მიმართონ ნოტარიუსს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღნიშნული ქონება.

შეკითხვის შინაარსიდან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რომ მამკვიდრებელს ანდერძი არ დაუტოვებია.  სახეზეა კანონით მემკვიდრეობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336–ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: შვილები, მეუღლე, მშობლები.

შესაბამისად, შეკითხვის ავტორს, მის დასა და მამკვიდრებლის მეუღლეს თანაბარი უფლებები აქვთ სამკვიდრო ქონებაზე (აგრეთვე მამკვიდრებლის მშობლებსაც, თუ ისინი ცოცხლები არიან). თუ აღნიშნულ სამკვიდროს მხოლოდ ეს სახლი წარმოადგენს, ისინი მემკვიდრეობის მიღების შედეგად გახდებიან თანამესაკუთრეები. თანასაკუთრება  უნდა დარეგისტრირდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში. (საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საჯარო რეესტრის ავტორიზებულ მომხმარებელს, რომელიც უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევთ).

ზოგადად კი თანასაკუთრება იმას ნიშნავს, რომ თანამესაკუთრეებს ქონების განკარგვა (გაყიდვა, გაჩუქება ან სხვა ფორმით გასხვისება და ა.შ.) შეუძლიათ მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით.

შეკითხვის ავტორს შემიძლია დამატებით ვუთხრა, რომ თუკი ზემოთაღწერილი პროცედურები არ განხორციელდება და ქონება გარდაცვლილი პირიდან არ გადაფორმდება მის მემკვიდრეებზე, შეუძლებელი იქნება მისი გაყიდვა. შესაძლოა, ნასყიდობა ფაქტობრივად განხორციელდეს (მაგალითად, გარდაცვლილი პირის მეუღლის მიერ თანხის აღების გზით), მაგრამ მასზე მყიდველის საკუთრების  უფლების რეგისტრაცია (“გადაფორმება”) ვერ განხორციელდება და იურიდიულად ქონება გაყიდულადაც ვერ ჩაითვლება.

დამატებითი შეკითხვები მომწერეთ კომენტარებში ან ელექტრონული ფოსტით.

წარმატებებს გისურვებთ!

რამდენიმე მარტივი მოქმედება მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად

ახლობლის დაკარგვა, რა თქმა უნდა, ძალიან არასასურველი და სამწუხარო რამაა, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც ყურადღების გამახვილება ასეთ დროსაც კი ღირს.

ადამიანის გარდაცვალების შემდეგ დგება სიცოცხლეში მისი კუთვნილი ქონების მემკვიდრეებისათვის გადაცემის საკითხი. რატომღაც ხშირად ხდება ისე, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები გულუბრყვილოდ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს საკითხი ბუნებრივი პროცესივით მშვიდად და უხმაუროდ მოგვარდება. შემდგომში კი თუ რაიმე სახის სირთულეს წააწყდნენ, გაოცებას ვერ მალავენ: “ცოლი (ქმარი) ვარ და ჩემია, აბა, ვისია?!”, ” შვილი ვარ და უფლება არ მაქვს?” და ა.შ.

დავიწყოთ იმით, რომ თავისით და ავტომატურად არაფერი გვარდება. ნებისმიერ შემთხვევაში საქმის ფორმალური მხარე რაც მალე მოგვარდება, მით უკეთესი.

ადამიანის გარდაცვალების დრო სამოქალაქო კოდექსის ენაზე სამკვიდროს გახსნის დროა. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ადამიანის მემკვიდრეებზე მისი ქონების გადანაწილება უკვე შესაძლებელია. სამკვიდრო ქონება კი ის ქონებაა, რომელიც გარდაცვლილს ანუ მამკვიდრებელს სიცოცხლეში ეკუთვნოდა. მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავ–მოძრავი ქონების გარდა (სამკვიდრო აქტივი) მემკვიდრეებზე გადადის ის მოვალეობებიც (სამკვიდრო პასივი), რაც მამკვიდრებელს სიკვდილის მომენტისათვის ჰქონდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრეებს მამკვიდრებლის ვალების (კანონის ენაზე ამას კრედიტორების დაკმაყოფილება ჰქვია) გადახდაც მოუწევთ.

სამკვიდროს მისაღებად და მასზე უარის სათქმელადაც კი კანონით დადგენილი ვადების დაცვაა საჭირო.

სამკვიდროს მიღების ვადა მისი გახსნიდან ექვსი თვეა. სამკვიდროს მიღება ორი გზითაა შესაძლებელი:

– მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანის გზით;

– სამკვიდროს ქონების ფაქტობრივი დაუფლებისა და მართვის საშუალებით, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო.

ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ მემკვიდრეებს მაინც პირველი ვარიანტისთვის მიემართათ. ხშირად ხდება ისე, რომ სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ წარმოიშობა დავა მემკვიდრეებს შორის ქონების განაწილების, მემკვიდრეების არაინფორმირებულობის ან სხვა მსგავსი საკითხის გამო. ნოტარიუსის მომსახურებით სარგებლობა კი შემდგომში მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად ნამდვილად ღირს. მემკვიდრეობის საკითხები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარ შეფასებასა და მიდგომას მოითხოვს და ნოტარიუსის რჩევები, როგორც წესი, ძალიან საჭირო აღმოჩნდება ხოლმე.

სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის ვადა სამი თვეა იმ მომენტიდან, როდესაც მემკვიდრემ შეიტყო ან უნდა შეეტყო სამკვიდროს მისაღებად მოწვევის შესახებ; საპატიო  მიზეზის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ ეს ვადა შეიძლება გაგრძელებული იქნას, მაგრამ არა უმეტეს ორი თვით. უარი უნდა გაფორმდეს ნოტარიუსის მიერ. ამ ვადის დაუცველობის შედეგად მემკვიდრეს თავის წილ სამკვიდროზე უარის თქმის უფლება აღარ აქვს. მართალია, შემდგომში მემკვიდრეობით მიღებული არასასურველი ქონების გასხვისებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ამ ვადების დაცვით ბევრი გრძელვადიანი პროცედურის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.

ვფიქრობ, ესაა ის უმარტივესი მოქმედებები, რაც მომავალში სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.