საკუთრების ცნება და თანასაკუთრება

საკუთრება თავის თავში სამ კომპონენტს მოიცავს: ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას.

ფლობა ნივთის უშუალო პყრობას ნიშნავს, ხოლო პირს, რომელიც ფლობს ნივთს, მფლობელი ეწოდება. სწორედ ამაში მდგომარეობს საკუთრების ცნებაში შემავალი ორი დანარჩენი კომპონენტის საჭიროება. იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრედ მივიჩნევდით ნებისმიერ პირს, რომელიც კონკრეტულ მომენტში ფლობს კონკრეტულ ნივთს, შესაძლოა, სახეზე იყოს ცდომილება და მესაკუთრის ინტერესების შელახვაც. თუმცა, მფლობელიც სარგებლობს მთელი რიგი უფლებებით (ამაზე ვრცლად შემდეგ პოსტში).

ფლობასთან ერთად მესაკუთრეს აქვს ნივთით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ცნება მოიცავს როგორც ნივთით უშუალო სარგებლობას, მისი მეშვეობით შემოსავლის მიღებას და ა.შ, აგრეთვე მესაკუთრის უფლებას, არ ისარგებლოს კუთვნილი ნივთით. თუმცა, არც მხოლოდ მფლობელობისა და სარგებლობის კომბინაციაა სრულად საკუთრების ცნების გამომხატველი. ასეთ შემთხვევაში მესაკუთრედ უნდა მიგვეჩნია პირიც, რომელსაც, მაგალითად, დაქირავებული აქვს მიწის ნაკვეთი, ამუშავებს მას და შესაბამისად, მისგან იღებს სარგებელს.

საკუთრების ცნების მესამე კომპონენტია განკარგვა. განკარგვა გულისხმობს ნივთის ბედის გადაწყვეტის უფლებას – შეიძლება იგულისხმებოდეს მისი გაყიდვა, გაჩუქება, განათხოვრება, განადგურებაც კი.

შესაბამისად, საკუთრების უფლების არსებობისათვის სახეზე უნდა იყოს სამივე კომპონენტი.

საკუთრების ცნების ამგვარი განსაზღვრა აუცილებელია საიმისოდ, რომ პირმა შეიძინოს საკუთრების უფლება უძრავ ან მოძრავ ნივთზე.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია წერილობითი გარიგების დადება და ამ ამ გარიგების საფუძველზე წარმოშობილი უფლების (შემძენის, როგორც მესაკუთრის) რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. სწორედ ამ უფლების ნამდვილობის გარკვევის საშუალებაა ზემოთაღნიშნული სამი კომპონენტის ერთდროულად სახეზე არსებობის ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მესაკუთრე არის პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლება, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში მესაკუთრედ რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

ერთსა და იმავე ნივთს შეიძლება ჰყავდეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე მესაკუთრე. ასეთ მესაკუთრეებს ეწოდებათ თანამესაკუთრეები, ხოლო საკუთრებას – თანასაკუთრება.

თანასაკუთრება ორი სახის არსებობს: საერთო თანაზიარი და საერთო წილადი.

საერთო თანაზიარი არის საკუთრება, რომლის თანამესაკუთრეებს შორის განსაზღვრული არ არის თითოეულის კუთვნილი წილი, არამედ ისინი მთლიანად ფლობენ ამ ნივთს, როგორც თანასაკუთრებას. სწორედ ეს განასხვავებს მისგან საერთო წილად საკუთრებას, რომლის შემადგენლობაშიც წინასწარვე არის განსაზღვრული თითოეული თანამესაკუთრის კუთვნილი წილი.

უძრავ და მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენას სხვადასხვა პრაქტიკული პრობლემა ახლავს თან. ამაზე ვრცლად სხვა პოსტში.

ქონების ცნება

ქონება – ესაა ყველა ნივთი და არამატერიალური და ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს; ქონების შეძენა შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით და ზნეობრივ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

ზნეობრივ ნორმებთან წინააღმდეგობა ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი საკითხია და ჯერაც არ არსებობს ჩამოყალიბებული მიდგომა, თუ ზოგადად, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქმედება, რომ ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგებოდეს. ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეფასების საკითხია, რასაც კანონისმიერ აკრძალვაზე ვერ ვიტყვით.

როგორც აღვნიშნეთ, ქონება შეიძლება იყოს ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე.

ნივთი არსებობს ორი სახის – მოძრავი და უძრავი.

უძრავი ნივთი (ქონება) – არის მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მასზე აღმოცენებული მცენარეები და შენობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

მოძრავი ნივთი – ყველა სხვა დანარჩენი ნივთი. მოძრავი ნივთის უფრო ამომწურავი ცნება სამოქალაქო კოდექსში არ გვაქვს.

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე – თუკი ნივთები მატერიალური ფორმით არსებობს, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც:

– შეიძლება გადაეცეს სხვა პირს;

– ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას რაიმე სარგებელი;

– ან მათ მფლობელს მიეცეს უფლება, მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე სიკეთე.

 

პირის აღიარება უგზო – უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად

დაინტერესებული პირის საფუძველზე ფიზიკური პირი შეიძლება სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნას უგზო–უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად.

პირი უგზო–უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას.

საცხოვრებელი ადგილი – ესაა ადგილი, რომელსაც პირი ჩვეულებრივ, საცხოვრებლად ირჩევს. აუცილებელი არაა, საცხოვრებელი ადგილი ემთხვეოდეს რეგისტრაციის ადგილს, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილია მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილი. პირის საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება, თუკი იგი განსაზღვრული ვადით დატოვებს ამ ადგილს – იძულების წესით ან სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

უგზო–უკვლოდ დაკარგული პირის ქონებას მართავენ მისი კანონით მემკვიდრეები მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალაში შევა სასამართლოს გადაწყვეტილება პირის უგზო–უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ. მათ უფლება აქვთ, ამ ქონების მართვიდან მიიღონ სარგებელი, მაგრამ აუცილებელია, ამ ქონებიდანვე დაიფაროს ვალები და მიეცეთ სარჩო უგზო–უკვლოდ დაკარგულის რჩენაზე მყოფ პირებს.

უგზო უკვლოდ დაკარგული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენის შემთხვევაში უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ. თუმცა, მეურნეობის გაძღოლის შედეგად მემკვიდრეების მიერ მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მას არ აქვს.

რაც შეეხება პირის აღიარებას გარდაცვლილად, იგი ხორციელდება სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ:

1.  პირი არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში და არ მოიპოვება ცნობები მისი ადგილსამყოფელის შესახებ;

2. პირი უგზო–უკვლოდ დაიკარგა ისეთ ვითარებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა ან სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება;

3.  სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით უგზო–უკვლოდ დაიკარგა, შეიძლება გამოცხადდეს გარდაცვლილად მხოლოდ საომარი მოქმედების დასრულების დღიდან ორი წლის შემდეგ.

პირის გარდაცვალების დღედ ითვლება მისი გარდაცვლილად ცნობის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. მე–2 და მე–3 პუნქტების შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება ასეთად მიიჩნიოს ფიზიკური პირის სავარაუდო დაღუპვის დღე.

გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნებას ან მისი ადგილსამყოფელის აღმოჩენას მოსდევს შემდეგი შედეგები:

– უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;

– პირს უფლება აქვს მოითხოვოს იმ შენარჩუნებული ქონების დაბრუნება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირს (მემკვიდრეობის წესით, ჩუქების გზით და ა.შ.);

– პირი, რომელმაც სასყიდლით შეიძინა გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება (მაგალითად, იყიდა), მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული, დააბრუნოს ეს ქონება, თუკი დადასტურდება, რომ ქონების შეძენის მომენტისათვის მან იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო;

– თუკი გარდაცვლილად გამოცხადებული ქონება გადაეცა სახელმწიფოს (როგორც წესი, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც სახეზე არ არიან კანონით ან ანდერძით მემკვიდრეები) და მან მისი რეალიზაცია მოახდინა, პირს უნდა დაუბრუნდეს ამ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა.

 

 

ქმედუნარიანობა

უფლებაუნარიანობისაგან განსხვავებით, ქმედუნარიანობა ახასიათებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს. იურიდიულ პირს მხოლოდ ქმედუნარიანობა გააჩნია.

ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა არის პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედების სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. უფლებაუნარიანობისაგან განსხვავებით, ქმედუნარიანობის სრული მოცულობით შეძენა ასაკზეა დამოკიდებული. შვიდ წლამდე არასრულწლოვანი ქმედუუნაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს. მისი კანონიერი წარმომადგენელი მშობელი ან მეურვეა. თუკი შვიდ წლამდე არასრულწლოვანი მიიღებს მემკვიდრეობას, მისი მართვა მხოლოდ მშობლის ან მეურვის მიერ დაიშვება.

შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდული ქმედუნარიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ უფლებების ნაწილის განხორციელება შეუძლია, მისი კანონიერი წარმომადგენელია მშობელი ან მზრუნველი. მაგალითად, მას შეუძლია განკარგოს ჯიბის ფული, რომელიც მისცეს მშობლებმა, ჰონორარი, რომელიც საკუთარი გამომუშავებით აიღო და ა.შ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუკი არასრულწლოვანმა რაიმე გარიგება დადო (მაგალითად, შეგროვილი თანხით იყიდა ძვირადღირებული ფოტოაპარატი), მშობლის ან მზრუნველის მიერ ამ გარიგების მოწონება მისი ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. თუკი მშობელი ან მზრუნველი ჩათვლის, რომ არასრულწლოვნის მიერ დადებული ეს გარიგება ეწინააღმდეგება მის ინტერესებს (მათ შორის, აღმზრდელობითსაც), ეს გარიგება ბათილია და  უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა (იურიდიულად ამას რესტიტუცია ჰქვია) – თანხა დაუბრუნდეს არასრუწლოვანს, შენაძენი – გამსხვისებელს.

რაც შეეხება შეზღუდული ქმედუნარიანი პირის პასუხისმგებლობას, სამოქალაქო პასუხისმგებლობა დგება ათი წლის ასაკიდან, ხოლო სისხლის სამართლის – თოთხმეტი წლიდან. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ არასრულწლოვნის მიერ სხვისი ქონების დაზიანება, მაგ. ფანჯრის ჩამსხვრევა. ასეთ შემთხვევაში მშობელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ასეთი ერთობლივი პასუხისმგებლობის მაგალითი შეიძლება იყოს მშობლის მიერ ახალი მინის ყიდვა, ხოლო არასრულწლოვნის მიერ მისი ჩასმა.

შეიძლება ფიზიკური პირი ასაკის მიუხედავად გამოცხადდეს ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად. მაგალითად, ქმედუუნაროდ შეიძლება ჩაითვალოს სულით ავადმყოფი ან ჭკუასუსტი პირი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, თავად დაიცვას საკუთარი უფლებები და შეასრულოს მოვალეობები. ასეთი პირს სჭირდება მეურვე. რაც შეეხება შეზღუდულ ქმედუნარიანობას, შესაძლოა ასეთად ოჯახის წევრების თხოვნით გამოცხადდეს პირი, რომელიც ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ოჯახს და საჭიროა მისი უფლებების შეზღუდვა. პირის ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად გამოცხადება და შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს. ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით დაუშვებელია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაუშვებელია, პირმა დადოს ისეთი გარიგება, რომელიც მის მიერ მისი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების შესაძლებლობაზე უარის თქმას ავალდებულებს. (ამასთან დაკავშირებული საინტერესო კაზუსი).

თვრამეტი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ფიზიკური პირი ხდება სრულწლოვანი და შესაბამისად, ქმედუნარიანიც. სრულწლოვანი პირი აღარ საჭიროებს კანონიერ წარმომადგენელს და შეუძლია, თავისი უფლებები თავად განახორციელოს და მოვალეობების გამოც თავად უნდა აგოს პასუხი.

იურიდიული პირის ქმედუნარიანობა წარმოიშობა იურიდიული პირის რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის მომენტიდან. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იურიდიული პირის არსებობა–არარსებობის საკითხი სწორედ მის რეგისტრაციაზეა დამოკიდებული. ქმედუუნარობისა და შეზღუდული ქმედუნარიანობის ფიზიკური პირებისათვის დამახასიათებელი შემთხვევები იურიდიულ პირზე არ ვრცელდება.