ეძიეთ და ჰპოვეთ

სერჩები ხშირად პოსტის იდეას მკარნახობს ხოლმე, მაგრამ ზოგიერთი ისეთია, რომ მოკლედაც შეიძლება პასუხის გაცემა. ასე რომ, ყველაზე პოპულარულ და საჭირბოროტო საძიებო სიტყვებს ვუპასუხოთ:

იურისპრუდენციის განმარტება – ლათინური სიტყვიდან juris prudentia, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც სამართლის მეცნიერების ფილოსოფია;

შვილიშვილს ეკუთვნის თუ არა წილი ბებიის ბინიდან – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის ცოცხალი აღარ არის მამკვიდრებლის მემკვიდრე მათი მშობელი;

კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ – შემიძლია ბავშვის უფლებათა კონვენცია შემოგთავაზოთ;

რას ნიშნავს სამკვიდროს მიღება ფლობით – ეს ნიშნავს, რომ მემკვიდრემ შესაძლო არ მიმართოს ნოტარიუსს და არ აიღოს სამკვიდრო მოწმობა, მაგრამ შეუდგეს ქონების მართვას ისეთი ფორმით, რაც დაადასტურებს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, მაგ: ბინაში საცხოვრებლად გადასვლა, მიწის დამუშავება და ა.შ.

ჩუქების უფლების განმარტება – ჩუქება არის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისივე თანხმობით. “ჩუქების უფლებაში” რა იგულისხმება, ვერ მივხვდი, მაგრამ მოქმედებს ვარაუდი, რომ მჩუქებელს თავად უნდა ჰქონდეს საკუთრების უფლება ქონებაზე, სხვაგვარად იგი ამ უფლებას სხვას ვერ გადასცემს.

მემკვიდრეობით მიღებული მიწის დარეგისტრირება – მიმართეთ ნოტარიუსს და შემდეგ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიწის ნაკვეთი აუცილებლად დაარეგისტრირეთ საჯარო რეესტრში.

მშობელს აქვს უფლება ბავშვის ნახვის – ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ მშობელს მშობლის უფლება ჩამორთმეული აქვს სასამართლოს მიერ. სასამართლო წყვეტს, რამდენად მიზანშეწონილია მშობლის მიერ შვილის მონახულება და რა პერიოდულობით, შესაბამისად, შესაძლოა, აუკრძალოს კიდეც.

სამკვიდროზე დავა ხანდაზმულობის დროს – ზოგადად, ხანდაზმულობის ვადის გასვლა ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლება აღარ არსებობს და შესაბამისად, დავაც უშედეგო იქნება. კანონით გათვალისწინებულია გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ხანდაზმულობის ვადის დინება ხელახლა შეიძლება აღდგეს, მაგალითად, დებიტორის მიერ ვალის აღიარება.

სამკვიდროს მიღების უპირატესი უფლება – ასეთი არ არსებობს. მემკვიდრეებს შორის ქონება ნაწილდება კანონით დადგენილი რიგითობის მიხედვით. არაშრომისუნარიან პირებს, რომლებიც მამკვიდრებლის რჩენაზე იყვნენ და დამოუკიდებლად თავის შენახვა არ შეუძლიათ, თუ მათ შესახებ ანდერძში მითითებული არ არის, უფლება აქვთ მოითხოვონ სარჩო (ალიმენტი) სამკვიდროდან.

ქორწინების დროს შეძენილი ქონება – მეუღლეთა საერთო საკუთრებაა, გარდა ერთ-ერთი მეუღლის მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა.

არასრულწლოვანი მემკვიდრე როგორ იღებს სამკვიდროს? – მის მაგივრად სამკვიდროს იღებს და სრულწლოვანების მიღწევამდე განკარგავს მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

სრულწლოვანი შვილები მშობლების განქორწინების შემთხვევაში – სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ადამიანი სრული ქმედუნარიანი ხდება, შესაბამისად, მშობლების განქორწინების პროცესში სრულწლოვანი შვილები დაბრკოლებას არ წარმოადგენენ და არც რაიმე დამატებითი უფლებით სარგებლობენ.

ბავშვის მამად აღიარება –  ნებაყოფლობით ან სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

შვილების წარმომადგენლობა – მშობლების მოვალეობაა, მათი არარსებობის შემთხვევაში კი მეურვის ან მზრუნველის.

სიცოცხლის უფლება – ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლება. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა და ისიც მაშინ, თუ მკვლელობა სხვა ადამიანების სიცოცხლის ან სხვა სიკეთის გადარჩენას ისახავს მიზნად. (მაგ. ტერორისტის მკვლელობა სპეცოპერაციის დროს).

წილის გამოთვლა მემკვიდრეობის დროს – აჯობებს, ნოტარიუსს მიმართოთ;

მაინტერესებს რა უფლება აქვს დედას განქორწინების შემთხვევაში – განქორწინების შემთხვევაში მშობლებს შვილებზე თანაბარი უფლებები აქვთ. თუკი თავად ვერ მორიგდებიან არასრულწლოვანი შვილების საცხოვებელ ადგილზე, რჩენასა და სხვა საკთხებზე, ამას სასამართლო გადაწყვეტს. თუკი ერთ-ერთი მშობელი თავს არიდებს შვილის მიმართ თავისი მოვალეობის განხორციელებას, სასამართლო შესაბამის ზომებს მიიღებს.

მეურვე-განმარტება – მეურვეობა უწესდება ქმედუუნარო პირს. ასეთები არიან შვიდ წელს მიუღწეველი ბავშვები და სულით ავადმყოფები ან ჭკუასუსტები, რომლებიც სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ არიან აღიარებული. მშობლების სახეზე არარსებობის შემთხვევაში მათ მოვალეობას მეურვე ასრულებს.

კანონი საოჯახო სამართლის შესახებ – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე წიგნი.

განათლების უფლება – ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით და აგრეთვე ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლება.

კანონი ქორწინების შესახებ –  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, წიგნი მეხუთე, კარი პირველი.

კანონი მემკვიდრეობის შესახებ – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე წიგნი.

საჯარო მოხელე –  საქართველოს კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ” მიხედვით, მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე.  მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად.

ჩაწერის ინსტიტუტი – აღარ არსებობს.

არასრულწლოვანი დედის და მამის უფლებები და დახმარება – თუ არასრულწლოვნები დაქორწინდნენ (მშობლების ნებართვით) ისინი უკვე სრულ ქმედუნარიანად ითვლებიან და სრულწლოვანებს უთანაბრდებიან. შესაბამისად, მათთვის დაწესებულ რაიმე დამატებით უფლებას ან შეღავათს კანონი არ იცნობს.

არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული ბავშვის უფლებები – მშობლებს იგივე მოვალეობები აქვთ არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული ბავშვის მიმართ, როგორიც ქორწინების პერიოდში შეძენილი შვილის მიმართ ექნებოდათ.

საკუთრების მოწმობა – ასეთი არ არსებობს. საკუთრების უფლების დასადასტურებლად უპირველესი მტკიცებულება საჯარო რეესტრის ამონაწერია.

მიწის ნაკვეთის ჩუქება შეზღუდული ქმედუნარიანობის პირისთვის – აუცილებელია მშობლის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, მზრუნველის თანხმობა; იგი შეზღუდული ქმედუნარიანობის პირის მაგივრად საჩუქარს მიიღებს და მის სასარგებლოდ მართავს.

შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა – განისაზღვრება თავად მშობლების, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში – სასამართლოს მიერ.

წილი სამოქალაქო ქორწინების შედეგად ბავშვებს – ასეთი არ არსებობს. შვილები შეიძლება მხოლოდ მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობდნენ მშობლების გარდაცვალების შემდეგ.

დედის მოვალეობა შვილისადმი – შვილების მიმართ დედას და მამას თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, “მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.” მშობლებს აქვთ არასრულწლოვანი შვილის რჩენისა და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის ვალდებულება, არიან მისი კანონიერ წარმომადგენლები ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოშიც.

მემკვიდრის უფლება – მიიღოს სამკვიდრო ან უარი თქვას მასზე.

მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის წესები – აუცილებელია ნოტარიუსთან მისვლა და სამკვიდროზე უარის თქმა სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში.

ფიზიკური პირის კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელია მშობელი, მისი არარსებობის შემთხვევაში კი შვიდ წელს მიუღწეველ ბავშვს ენიშნება მეურვე, ხოლო შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მოზარდს – მზრუნველი. სასამართლოს მიერ სრულწლოვანი პირი შეიძლება იქნას აღიარებული ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად. წარმომადგენლობის წესი ამ შემთხვევაშიც იგივეა. აგრეთვე დასაშვებია, რომ პირმა წარმომადგენლობითი უფლება მიანიჭოს სხვა პირს, რათა მან იგი წარმოადგინოს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში და იმოქმედოს მისი სახელით, ამისათვის საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

სამოქალაქო რეესტრის შესახებ კანონი – გვაქვს მხოლოდ კანონი “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ”. 

საჯარო რეესტრივებ-გვერდი

ჩუქების გაუქმება და კანონით მემკვიდრეობა – იმედი მაქვს, სწორად მივხვდი, რასაც გულისხმობდნენ. მემკვიდრეობის განაწილებისას სავალდებულო წილის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს სავალდებულო წილის შევსება თანხის იმ ოდენობით, რა ღირებულების ნივთიც მამკვიდრებელმა სიცოცხლეში აჩუქა მესამე პირს. ეს წესი აღარ მოქმედებს, თუ ჩუქებიდან ათი წელია გასული.

მშობლის მოვალეობანი სრულწლოვანი ბავშვის მიმართ – მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები; აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

აქვს თუ არა არასრულწლოვანს მაღაზიასთან გარიგების დადების უფლება – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განკარგავს მშობლის მიერ მისთვის გადაცემულ ჯიბის ფულს. თუკი არასრულწლოვანი დებს გაცილებით დიდი ღირებულების გარიგებას, აუცილებელია მისი მოწონება მშობლის მიერ.

სამართლის ცნება – სიმართლე გითხრათ, მისი უამრავი ვარიაცია არსებობს. ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, სამართალი სახელმწიფოს მიერ დადგენილი  ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობაა.

დედობის უფლების ჩამორთმევა – მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სესხის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა – სესხის დაბრუნების ვადა, თუკი მხარეები თავად არ შეთანხმებულან, სამი თვეა; მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კი – სამი წელი.

სხვისი ნივთის პოვნა – მპოვნელმა უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს, ხოლო თუკი მისი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს. თუკი ამ მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში მესაკუთრის ვინაობა ცნობილი არ გახდა, მპოვნელი იძენს საკუთრების უფლებას ნაპოვარზე; ხოლო თუკი მესაკუთრე გამოვლენილი იქნა, მპოვნელს შეუძლია მოითხოვოს ჯილდო ნაპოვნის ღირებულების ხუთ პროცენტამდე ოდენობით.

განქორწინების შემდგომი მოვლენები ქართულ სამართალში – არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, საერთო ქონების გაყოფა.

ურთიერთობა სამოქალაქო რეესტრთან – მაქსიმალურად გამარტივებულია. მიმართეთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.

მეუღლის უარი განქორწინებაზე – განქორწინება ურთიერთთანხმობის გარეშე ვერ დარეგისტრირდება.

რეგისტრირებული ქორწინების უფლებები – ქონებრივი უფლება-მოვალეობანი მეუღლეებს შორის.

კანონი მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ – სამოქალაქო კოდექსი, წიგნი მეხუთე, კარი მეორე.

მოძრავი ნივთების რეესტრი – ასეთი არ არსებობს. მხოლოდ უძრავი ქონება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

მეურვის მიერ ქონების განკარგვა – ივარაუდება, რომ მეურვე ქონებას მართავს სამეურვეო პირის სასარგებლოდ და უნდა მიმართოს ყველა ზომას, რათა იგი საუკეთესო მდგომარეობაში შეინარჩუნოს.

უნდა იცხოვრო თუ არა 18 წლის შემდეგ მშობლებთან ერთად – სურვილზე და ოჯახურ გარემოებებზეა დამოკიდებული. თუ დამოუკიდებლად ცხოვრება და მუშაობა გნებავთ, თქვენი ნებაა, კანონით ამის უფლება გაქვთ! 🙂

შრომისუუნარო პირების მემკვიდრეობის საკითხი – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ შრომისუუნარო პირს მამკვიდრებელი უზრუნველყოფდა სარჩოთი, მაგრამ ანდერძში მის შესახებ მოხსენიებული არ არის, მას უფლება აქვს მოითხოვოს ალიმენტი სამკვიდროდან. რაც შეეხება ანდერძით ან კანონით მემკვიდრეობას, შრომისუუნარო პირი ისეთივე უფლებით სარგებლობს, როგორც შრომისუნარიანი პირი.

შვილის გაჩუქება – ეს დანაშაულია. საერთოდ, რატომ უნდა მოუვიდეს ადამიანს ასეთი რამ აზრად? 😦

16წლის არასრულწლოვანი ბავშვის უფლებები – ამ ასაკში პირს აქვს მუშაობის უფლება; აგრეთვე დაქორწინების უფლებაც მხოლოდ მშობლის თანხმობით.

ადვოკატები, ხრიკები და პროფესიონალიზმი

ჩემს ბლოგს მაინცადამაინც ხშირად არსად ვაშეარებ, მაგრამ ვხედავ, რომ სერჩებით საკმაოდ ბევრი ვიზიტორი შემოდის. ამ რაოდენობით შეგულიანებული ყოველკვირას მაინც ვაძლევ საკუთარ თავს პირობას, რომ ბლოგს სერიოზულად მივხედავ, მაგრამ ხან უდროობა მიშლის ხელს და ხანაც განწყობის ნაკლებობა. აი, დღეს კი მეგობართან საუბრისას ისე აღვშფოთდი, რომ ვერ მოვითმინე და გადავწყვიტე, ეს აღშფოთება ყველა იმ პიროვნებას გავუზიარო, ვინც სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციას ინტერნეტში ეძებს, მით უმეტეს, თუკი კომპეტენტური პროფესიონალისთვის მიმართვა სხვადასხვა მიზეზით არ შეუძლია.

ჩემი აღშფოთების მიზეზი ასეთნაირად გამოიყურება: პიროვნებას ბრალად ედება ყაჩაღობა და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ამჟამად (საქმის ფაქტობრივი გარემოებების განხილვას არ შევუდგები). ოჯახის წევრებმა სახაზინო ადვოკატზე უარი თქვეს და მის მაგივრად საკმაოდ სახელმოხვეჭილი კოლეგა დაიქირავეს. სახაზინო ადვოკატი რატომღაც მოქალაქეთა უმრავლესობის დიდი ნდობით არ სარგებლობს. სამწუხაროდ, ეს იმ იდეოლოგიის გადმონაშთია, როდესაც საქმის გაკეთება ჯიბეში ფულის ჩაკუჭვასთან ასოცირდებოდა. ლოგიკა მარტივია: მე არ ვუხდი, მაშასადამე, ჩემთვის თავს არ შეიწუხებს! არადა, ხშირად პირიქით უფროა.

ახალდაქირავებულმა ადვოკატმა არც აცია, არც აცხელა და ოჯახის წევრებს სტრასბურგის სასამართლოს (ვრცლად ამ სასამართლოსა და მისი საქმიანობის თაობაზე) არსებობა შეახსენა. ეს მაშინ, როცა სავარაუდოდ, საქმის მასალებს წესიერად არც იყო გაცნობილი, არც ბრალდებულს შეხვედრია, არც მოწმეებს და არც პროკურორს – ანუ ლამის პირველივე დღეს. სანამ სტრასბურგის სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას გაგაცნობდეთ, მოკლედ, გეტყვით, რომ მისდამი მიმართვა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი მხარე სახელმწიფოში არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ამოწურავს. ჩვენს შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ არასასურველი განაჩენი ჯერ სააპელაციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს, ხოლო შემდეგ, სურვილის შემთხვევაში – უზენაეს სასამართლოში (შემდგომში სასამართლო სისტემასაც მიმოვიხილავთ).

ჩემი (და არა მხოლოდ ჩემი) ღრმა რწმენით, სტრასბურგის პერსპექტივის დასახვა მაშინ, როცა საქმისთვის ხელი ფაქტობრივად, არც მოგიკიდია, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმია. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეს თავიდანვე აჩვევ აზრს, რომ ამ სახელმწიფოში საქმის მოგება შეუძლებელია და მოსამართლე ყველა შემთხვევაში პროკურორს მიემხრობა, თუნდაც ეს უკანასკნელი სამტრედიაში დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს კენედის მკვლელობაში ადანაშაულებდეს.

ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია მოგცეთ: არ მისცეთ ასეთ “პროფესიონალებს” თქვენი გასაჭირით მანიპულირების საშუალება!!!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატის ეს ხრიკი ორ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: წინასწარ ამართლებს წაგებას სამივე ინსტანციაში და ზრდის ჰონორარის მოცულობას. მოგეხსენებათ ალბათ, რომ ადვოკატის მომსახურება საქმის შედეგის მიუხედავად ფასიანია. გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღალ ინსტანციაში მიიწევს საქმე, მით უფრო აშკარა გახდება უკანონობა. ასე რომ, ნებისმიერ მხარეს მართებს მეტი ნდობა სასამართლოს და მეტი კონტროლი – ადვოკატის მიმართ.

ასე რომ, ნუ აჰყვებით ნერვებს და ნუ მოგატყუებთ სახელმწიფოსა და სასამართლო სისტემის თათხვა, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას – ადვოკატი თუ პოლიტიკოსი. დაიმახსოვრეთ, ადვოკატი ამ სისტემაშია დასაქმებული, ხოლო პოლიტიკოსების უმრავლესობა პროცესებზე მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც სასამართლო დარბაზში კამერის გამოყენება აიკრძალა და შესაბამისად, ტელევიზორის ეკრანზე გამოჩენაც შეუძლებელი გახდა. აქვე დამატებით შევნიშნავ, რომ სასამართლო დარბაზში მხოლოდ კამერის გამოყენებაა აკრძალული, პროცესები (გამონაკლისის გათვალისწინებით) კვლავინდებურად საჯაროა.

მეტი სანდოობისთვის მეგობარს დავუკავშირდი, რომელიც ამ სისტემაშია დასაქმებული და გარდა იმისა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულში დამეთანხმა, მიამბო, თუ როგორ სთხოვდა მის ნაცნობს ადვოკატი ფულს იმისათვის, რომ წინასწარი პატიმრობა და სასამართლო განხილვის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნის ვადა ბრალდებულს სასჯელში ჩათვლოდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ წინასწარი პატიმრობა კანონის თანახმად სასჯელის ნაწილად ითვლება, ადვოკატი კი ყოველივე ამის საკუთარ დამსახურებად გასაღებას და ფულის აღებას გეგმავდა. ამ დროს კი ბრალდებულის ოჯახის წევრი ალბათ სიხარულს ვერ მალავდა, ეს რა კარგი ადვოკატი დამიქირავებიაო.

ასე რომ, თუკი რაიმე პრობლემა შეგექმნათ, შეეცადეთ, ცივი გონებით შეაფასოთ ფაქტები. დაიმახსოვრეთ, რომ ადვოკატი შეუმცდარი არ არის და ცოდვა გამხელილი სჯობს, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება მაინცდამაინც დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული – ეს სერთიფიკატი თითქმის ყველას აქვს, ვინც კი იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბლოგს მეზობელ ბლოგერებზე მეტად სერჩ–თერმებს გადმოყოლილი შემთხვევითი ხალხი სტუმრობს. ჰოდა, ერთ–ერთ მათგანს დაუსერჩავს “ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა”, მაგრამ როგორც ჩანს, წინა პოსტში მოცემულმა მოკლე განმარტებამ არ დააკმაყოფილა და ძიებას ასეთი სახე მისცა: “ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა ვრცლად”. კარგი, შევეცდები “ვრცლად”.

ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა – ესაა უნარი, ჰქონდეს საკუთარი უფლებები და მოვალეობები. აქ საუბარია მხოლოდ მათ ქონაზე, უფლებებისა და მოვალეობების განხორციელება უკვე ქმედუნარიანობის სფეროა. ფიზიკურ პირს უფლებაუნარიანობა წარმოეშობა დაბადებისთანავე და წყდება მისი გარდაცვალებით. გარდაცვალებად მიიჩნევა თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა. ფიზიკური პირისთვის უფლებაუნარიანობის ჩამორთმევა დაუშვებელია (რომ არ ვთქვათ, შეუძლებელი).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა დაბადებისთანავე, განსხვავებით მემკვიდრეობის უფლებისაგან, რომელიც წარმოიშობა ადამიანის ჩასახვისთანავე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მამკვიდრებელს უფლება აქვს, სამკვიდრო ქონება დაუტოვოს პირს, რომელიც მისი გარდაცვალების მომენტისათვის ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, მაგრამ დაიბადა გარდაცვალებიდან ათი თვის განმავლობაში.

რაც შეეხება ჩანასახის სხვა უფლებას, მაგალითად, აქვს ან უნდა ჰქონდეს თუ არა ჩანასახს სიცოცხლის უფლება, ეს ჯერ კიდევ დავის საგანია. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს სხვადასხვაგვარად არეგულირებს. თუმცა, ეს უკვე სხვა პოსტის თემაა.

რამდენიმე იურიდიული ტერმინის განმარტება

პოსტში მიმოვიხილავთ რამდენიმე ისეთი ტერმინის ზუსტ მნიშვნელობას, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დასჭირდეს. ჩემს ბლოგს ხომ იურისპრუდენციის ანა–ბანას სწავლების მიზანი ჰქონდა თავიდანვე.

მაშ ასე:

გარიგება – ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლსს ან შეწყვეტას. გარიგება შეიძლება იყოს ცალმხრივი და მრავალმხრივი. ცალმხრივი გარიგებაა, მაგალითად, ანდერძი, რომელიც მხოლოდ მოანდერძის ნების გამოვლენას ემსახურება. მრავალმხრივი გარიგებების შემთხვევაში კი სახეზეა რამდენიმე მხარის ნების გამოვლენა; მხარის და არა პირის, რადგან ერთ  “მხარეში” შესაძლოა, რამდენიმე პირიც იგულისხმებოდეს.

ხელშეკრულება – ხელშეკრულება გარიგების ერთ–ერთი სახეა. ყველა ხელშეკრულება გარიგებაა, მაგრამ ყველა გარიგება ხელშეკრულება არ არის. ცალმხრივი ხელშეკრულება არ არსებობს, იგი რამდენიმე მხარის ნების გამოვლენის საშუალება შეიძლება იყოს. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობითი ან ზეპირი ფორმით, არჩევანი მხარეებზეა. თუმცა, არსებობს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრული კატეგორიის ხელშეკრულებებისათვის წერილობითი ფორმის აუცილებლობას ან რაიმე დამატებით პროცედურას აწესებს. მაგალითად, უძრავი ნივთის ნასყიდობისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ზეპირი ხელშეკრულების უმარტივესი მაგალითია მაღაზიაში რაიმე პროდუქტის ყიდვა.

მხარე – გარიგების ან ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს პირი ან პირთა ჯგუფი. “პირებში” იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

ფიზიკური პირი – იურისპრუდენციაში ამ ტერმინის გამოყენება უფრო მიღებულია, ვიდრე “პიროვნების”, “ადამიანის” და ა.შ. სხვა, უფრო ამომწურავი განმარტება ამ ცნებისა არ გვაქვს. ფიზიკურ პირს ახასიათებს უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა .

იურიდიული პირი – განსაზღვრული მიზნის მისაღწევად კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც აქვს საკუთარი ქონება, პასუხს აგებს საკუთარი ქონებით, იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ეს კანონისმიერი განმარტებაა, სამწუხაროდ, უფრო გამარტივება არ შემიძლია. იურიდიული პირი ორგვარია – სამეწარმეო ანუ კომერციული, რომლის ფუნქციონირების მიზანი მოგების მიღებაა და არასამეწარმეო ანუ არაკომერციული – ასეთი მიზნის გარეშე (ამ უკანასკნელის ყველაზე გავრცელებული სახეა ე.წ. NGO-ები).

კანონიერი წარმომადგენელი – პირი, რომელიც რწმუნებულის (წარმომადგენლობის უფლებამოსილების მიმნიჭებლის) ან კანონის მიერ მისთვის მინიჭებული  უფლებამოსილების საფუძველზე მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობაში. კანონისმიერი წარმომადგენლობის მაგალითია მშობელი, როგორც არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენელი, მეურვე ან მზრუნველი – მშობლის სახეზე არარსებობის შემთხვევაში და ა.შ.

არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი;

კრედიტორი და დებიტორი (მოვალე) – სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი. კრედიტორი – უფლება აქვს მოითხოვოს და დებიტორი (მოვალე) – ვალდებულია შეასრულოს მოთხოვნა. მაგალითად, სესხის ხელშეკრულება: გამსესხებელს უფლება აქვს დათქმულ ვადაში მოითხოვოს თანხის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს თანხა.

ხანდაზმულობა – კანონის მიერ დადგენილი ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც პირი კარგავს მოთხოვნის უფლებას. (ამ საკითხზე უფრო ვრცლად აგრეთვე შემდეგ პოსტში).

პირველი პოსტი b–law–g–ზე

იურიდიული თემატიკის ბლოგის წარმოება ცოტა სარისკო საქმეა, მაგრამ მთავარი წამოწყებაა; იქნებ ვინმეს შემდგომში ჩემზე უკეთ გამოუვიდეს.

ჩემი აზრით,  მოქალაქეების მიერ კანონის არასწორად გაგება საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რასაც შედეგად მისი შეუსრულებლობა ან უკეთეს შემთხვევაში, იძულების წესით შესრულება მოსდევს.

თავისი არსით ყველა კანონი იძულებითია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხშირად ადამიანის მიერ ის აღიქმება, როგორც მათი უფლებების შეზღუდვისა და ჩაგვრის იარაღი. თუ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდება იქამდე, რომ კანონს მიიღებენ, როგორც საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის აუცილებელი წესრიგის უზრუნველყოფის საშუალებას, აღარ გაჩნდება ის შინაგანი პროტესტი, რაც მოქალაქეთა უმრავლესობას კანონისა და ხელისუფლებისადმი უარყოფითად განაწყობს.

ის, რაც ბიუროკრატიად და უდანაშაულო ხალხის წამების საშუალებად მიიჩნევა, ხშირად საჯარო სამსახურისათვის აუცილებელი პროცედურაა. მოქალაქეს, რომელიც საჯარო მოხელის სამუშაოს სპეციფიკას არ იცნობს, უჭირს იმის გაგება, თუ რა საჭიროა რამდენიმეჯერ ერთი და იგივე მონაცემის გადამოწმება და ხშირად არცთუ მოკლე ვადები. სწორედ ეს ქმნის მოქალაქისა და საჯარო სამსახურის ურთიერთობებში პრობლემებს, რაც საჯარო სამსახურისადმი უნდობლობაში გადაიზრდება. საჯარო სამსახურებთან ურთიერთობისათვის თავის არიდებამ კი შესაძლოა მოქალაქესა და მისი ოჯახის წევრებს დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნას, რადგან, როგორც წესი, სათავიდანვე აწეწილი საქმე დროთა განმავლობაში კიდევ უფრო რთულად მოსაგვარებელი ხდება.

პოსტი საკმაოდ ზოგადი გამოვიდა, მაგრამ შემდგომი პოსტები კონკრეტულ საკითხებს შეეხება და დაწვრილებით იქნება განხილული თითოეული მათგანი; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევეცდები განვიხილო ისეთნაირად, რომ მაქსიმალურად ადვილად გასაგები იყოს იურისპრუდენციაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის.