გუშინ ყური მოვკარი საინფორმაციოს, საიდანაც შევიტყვე, თუ როგორ ცდილობენ დედობის უფლების ჩამორთმევას ქალბატონისთვის, რომლის შვილები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, არ აქვთ ტანსაცმელი და არც სკოლაში დადიან. მოგვიანებით კი მსგავსი ისტორია მოვისმინე იმის თაობაზე, თუ როგორ წაართვეს დედას შვილები და გადაანაწილეს ბავშვთა სახლებში.
ამ პოსტში მშობლებისა და შვილების ურთიერთობებს მიმოვიხილავ, უფრო კონკრეტულად კი – შვილების მიმართ მშობლების მოვალეობებს.
ბავშვის უფლებათაგან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, თავის მხრივ, მშობლებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ, თუ სად და ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. ამ თვალსაზრისით დედისათვის შვილების ჩამორთმევა და ბავშვთა სახლში გაგზავნა სრულ ბარბაროსობას ჰგავს, მაგრამ ბავშვს სხვა უფლებებიც აქვს და მათით სარგებლობის უზრუნველყოფა მშობლის პირდაპირი მოვალეობაა.
მშობელი შვილის კანონიერი წარმომადგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი ვალდებულია, დაიცვას შვილის ინტერესები, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის; იგი ვალდებულია არჩინოს შვილი, სანამ იგი არასრულწლოვანი (სრულწლოვანება 18 წლის ასაკიდან წარმოიშობა) და შესაბამისად, შრომისუუნაროა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასრულწლოვანს საკუთარი შრომით აქვს შემოსავალი (არასრულწლოვნის შრომის უფლება წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან მშობლის თანხმობით, 14–დან 16 წლის ასაკის არასრულწლოვანი შესაძლოა დასაქმდეს მხოლოდ კულტურას ან განათლებასთან დაკავშირებულ ან სარეკლამო სამუშაოზე), მშობელი მისი რჩენის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდება.
საოჯახო დავები, განსაკუთრებით როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, როგორც წესი, ძალიან რთულია. ერთი მხრივ, სახეზეა მშობელი, რომელიც ვერ ან არ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროა მისი ჩამოშორება ოჯახისაგან და ბავშვთა სახლში გადაყვანა; მეორე მხრივ კი ბავშვები, რომელთაც შესაძლოა, სრულიადაც არ სურდეთ მშობელთან განშორება.
შესაძლოა შემეკამათოთ, რომ არც ბავშვთა სახლებშია ბევრად უკეთესი სიტუაცია, მაგრამ აქ ერთი რამაა მნიშვნელოვანი: ბავშვთა სახლის ბინადარ ბავშვებზე ადმინისტრაციის სახით პირდაპირი პასუხისმგებელი სახელმწიფო ხდება. ეს გაცილებით უფრო მისაღები შემთხვევაა, ვიდრე მშობლის მიერ შვილზე პასუხისმგებლობის მოხსნა და ბავშვების ბედის ანაბარა დატოვება. დამეთანხმებით ალბათ, რომ ბავშვისა და მშობლების ფაქტობრივად ერთად ცხოვრება მეორეხარისხოვანია, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ზრუნავს მშობელი შვილზე. ზრუნვაში მხოლოდ ჩაცმა და ჭამა არ იგულისხმება, ასეთ შემთხვევაში ყველასთვის მოგვიწევდა შვილის ჩამორთმევა, ვინც კი ეკონომიურად შეძლებული არაა.
ბავშვის უფლებათაგან აღსანიშნავია აგრეთვე განათლების უფლება. ყველაზე მოსიყვარულე მშობელიც კი არ ასრულებს თავის მოვალეობას შვილის მიმართ, თუკი ბავშვს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვს (ცნობისათვის, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა!). ხშირად სწორედ ამ საფუძველზე ხდება ხოლმე აუცილებელი მშობლისათვის შვილის ჩამორთმევა, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მძიმე და ემოციური პროცესია.
აუცილებელია, რომ მშობელმა გააცნობიეროს, რომ შვილი მისი საკუთრება არაა და მასზე პასუხისმგებელი არა მხოლოდ თვითონ კი არა, საზოგადოება და სახელმწიფოც არის. მშობლის უფლებები თვითნებობას არ გულისხმობს. ყველა მშობელი რომ ათვითცნობიერებდეს ამას, მშობლის მიერ შვილისადმი უპასუხისმგებლო და სასტიკი მოპყრობის რიცხვიც შემცირდებოდა. ეს უკანასკნელი კი, დამეთანხმებით ალბათ, რომ ჩვენს რეალობაში არცთუ იშვიათია.