ანდერძის საჭიროებაზედ

მითხრეს, კარგი ჩანაფიქრია და არ მიაგდოო.. ჰოდა, ვაგრძელებ!

რამდენიმე დღის წინ დეიდაჩემს თანამშრომელმა კითხვა დააბარა ჩემთან: თუ გარდაცვლილმა მამამ ერთ შვილს წილი სიცოცხლეშივე მისცა, ეკუთვნის თუ არა მემკვიდრეობაო.

დასაწყისიდანვე ვიტყვი, რომ კითხვა მთლიანად არასწორია, მაგრამ ჯერ სიტუაცია განვიხილოთ.

ჩვენი საზოგადოების დაბალი სამართლებრივი კულტურა ჩემთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ როცა საქმე სამემკვიდრეო სამართალს ეხება, ეს საკითხი განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებიც კი სამკვდრო–სასიცოცხლოდ გადაემტერებიან ხოლმე ერთმანეთს. ეს კი იმის ბრალია, რომ მამკვიდრებელთა უმრავლესობას (უფროსი თაობა) წარმოდგენაც არა აქვს არსებულ საკანონმდებლო პროცედურებზე და დაკვიდრებული (რომელიც არცთუ იშვიათად მანკიერიცაა) ჩვეულებებით ხელმძღვანელობენ.

სიტუაცია #1. მამკვიდრებლის ქალიშვილი გათხოვდა. მშობლებმა ტრადიციისამებრ გაამზითვეს და ჩათვალეს, რომ მის წინაშე ყოველგვარი ვალდებულება უკვე მოხსნილი აქვთ და ყველაფერი, რაც კი მათ ოჯახში დარჩა, ვაჟს (ვაჟებს) ეკუთვნის. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დადგა სამკვიდროს განაწილების საკითხი. აქ შემთხვევათა ორი ძირითადი სხვადასხვაობაა სახეზე:

– თუ გათხოვილ ქალიშვილს მატერიალური პრობლემები არ აქვს და ქმრის ოჯახში ისედაც ყველაფრით უზრუნველყოფილია, არაფერში სჭირდება გარდაცვლილი მშობლების ქონება და სადავოც არაფერი ხდება.

– გათხოვილი ქალიშვილი უარს არ იტყოდა დამატებით მატერიალურ სახსრებზე (მეუღლე უმუშევარია,  განქორწინდა, ბანკის ვალი აქვს და რაც გნებავთ), ითხოვს სამკვიდრო წილს და ძმებისა და ნათესავების თვალში უმადურისა და ხარბის იმიჯს იმკვიდრებს.

სიტუაცია #2. ოჯახის ერთ–ერთი წევრი მშობლის (ან სხვა მამკვიდრებლის) სიცოცხლეშივე წავიდა სახლიდან და ცხოვრობს ცალკე, მაგრამ სარგებლობს მამკვიდრებლს ფინანსური და სხვა სახის დახმარებით. მამკვიდრებლის გარდაცვალებას კი წინა სიტუაციის ანალოგიური შედეგები მოსდევს.

სიტუაცია #3. მშობლებმა ერთ–ერთი შვილის თხოვნით გაასხვისეს ის ქონება, რაც სამკვიდრო უნდა ყოფილიყო მათი გარდაცვალების შემდეგ და აღებული თანხა მთლიანად გადასცეს მას. ეს ამბავი შემთხვევით გაიგო მეორე შვილმა, რომელიც დაობს თავის წილზე და ეჭვქვეშ აყენებს მშობლების მიერ დადებული ხელშეკრულების (მაგალითად, სახლის გაყიდვის შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების) ნამდვილობას. აქ ზარალდებიან მშობლებიც, და–ძმებიც, რომლებიც ქონების გაყოფაზე ვერ მორიგებულან და მყიდველიც, რომელიც მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერაფრით წარმოიდგენდა.

კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ტიპიური ქართული სიტუაციები მგონი, უკვე გეცნოთ.

რა არის “სამკვიდრო წილი”?

სამკვიდრო იხსნება მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, არ შეიძლება მის სიცოცხლეში მისივე კუთვნილი ქონების სამკვიდროდ განხილვა და თანამემკვიდრეების მიერ წილის განსაზღვრა. წილის განსაზღვრა მამკვიდრებლის პრეროგატივაა, ხოლო თუ იგი ამას არ ან ვერ აკეთებს – კანონის. შესაბამისად, მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეში გასხვისებული ქონება არ ითვლება სამკვიდრო ქონებად. სამკვიდრო ქონება მხოლოდ ისაა, რაც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა გარდაცვალების მომენტისათვის.

შემთხვევა, როდესაც მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეში მემკვიდრისთვის გადაცემული ქონება სამკვიდროში უნდა ჩაითვალოს, არის სავალდებულო წილის განსაზღვრა.

მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ კანონისათვის ქალიშვილიც და ვაჟიც თანაბარია და სამკვიდრო წილიც ორივე მათგანს თანაბრად ეკუთვნის; აგრეთვე ისიც, რომ კანონი ვერ გაითვალისწინებს, თუ რა სამსახური გაუწიეს სიცოცხლეში თითოეულ შვილს და შესაბამისად, კანონი ვერ გაანაწილებს მემკვიდრეობას ისე, როგორც ეს მათ მიაჩნიათ სამართლიანად.

გამოსავალი: დატოვეთ ანდერძი .

ყოველივე აქედან გამომდინარე, პასუხი პოსტის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე შემდეგია: მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ნაწილდება ყველა თანამემკვიდრეს შორის.