პასუხი შეკითხვაზე – მემკვიდრეობა

ელექტრონული ფოსტით შეკითხვა მომივიდა.

პიროვნებას აინტერესებს, შეუძლია თუ რა სახლის გაყიდვა მისი რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი მამის მეუღლეს. შეკითხვის ავტორი დასთან ერთად ჩაწერილია აღნიშნულ სახლში და გაყიდვის წინააღმდეგია.

უპირველეს ყოვლისა უნდა განიმარტოს ის, რომ ჩაწერის ინსტიტუტი საქართველოში აღარ მოქმედებს. საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, მათ ვინც ჩაწერილი იყო კონკრეტული უძრავი ქონების მდებარეობის ადგილზე, წარმოეშობოდათ უფლებები ამ უძრავ ქონებაზე.

დღეს უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ხდება მხოლოდ ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელია გაირკვეს, არის თუ არა შეკითხვაში დასახელებული ქონება რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და თუ არის, ვის სახელზე. ამისათვის საჭიროა საჯარო რეესტრის შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ცნობა–დახასიათების გამოთხოვა.

იმ შემთხვევაში, თუ ქონება რეგისტრირებულია გარდაცვლილ პირზე, საჭიროა მისი გადაცემა გარდაცვლილი პირის ანუ მამკვიდრებლის მემკვიდრეებისათვის. სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეებმა უნდა მიმართონ ნოტარიუსს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღნიშნული ქონება.

შეკითხვის შინაარსიდან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რომ მამკვიდრებელს ანდერძი არ დაუტოვებია.  სახეზეა კანონით მემკვიდრეობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336–ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: შვილები, მეუღლე, მშობლები.

შესაბამისად, შეკითხვის ავტორს, მის დასა და მამკვიდრებლის მეუღლეს თანაბარი უფლებები აქვთ სამკვიდრო ქონებაზე (აგრეთვე მამკვიდრებლის მშობლებსაც, თუ ისინი ცოცხლები არიან). თუ აღნიშნულ სამკვიდროს მხოლოდ ეს სახლი წარმოადგენს, ისინი მემკვიდრეობის მიღების შედეგად გახდებიან თანამესაკუთრეები. თანასაკუთრება  უნდა დარეგისტრირდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში. (საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საჯარო რეესტრის ავტორიზებულ მომხმარებელს, რომელიც უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევთ).

ზოგადად კი თანასაკუთრება იმას ნიშნავს, რომ თანამესაკუთრეებს ქონების განკარგვა (გაყიდვა, გაჩუქება ან სხვა ფორმით გასხვისება და ა.შ.) შეუძლიათ მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით.

შეკითხვის ავტორს შემიძლია დამატებით ვუთხრა, რომ თუკი ზემოთაღწერილი პროცედურები არ განხორციელდება და ქონება გარდაცვლილი პირიდან არ გადაფორმდება მის მემკვიდრეებზე, შეუძლებელი იქნება მისი გაყიდვა. შესაძლოა, ნასყიდობა ფაქტობრივად განხორციელდეს (მაგალითად, გარდაცვლილი პირის მეუღლის მიერ თანხის აღების გზით), მაგრამ მასზე მყიდველის საკუთრების  უფლების რეგისტრაცია (“გადაფორმება”) ვერ განხორციელდება და იურიდიულად ქონება გაყიდულადაც ვერ ჩაითვლება.

დამატებითი შეკითხვები მომწერეთ კომენტარებში ან ელექტრონული ფოსტით.

წარმატებებს გისურვებთ!