ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ჩემი წინა პოსტი ადვოკატების მიერ მოქალაქეთა გაუთვითცნობიერებლობით სარგებლობას ეხებოდა. პოსტში აღვნიშნე და კომენტარებითაც დამიდასტურეს, რომ ადვოკატები მოქალაქეებს ხშირად უსაფუძვლოდ აიმედებენ ე.წ. “სტრასბურგის სასამართლოთი”. შევეცდები, მოკლედ მოვხაზო “სტრასბურგის სასამართლოს” ანუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობის სფერო და ფუნქციები და ნაწილობრივ მაინც გავფანტო ის ილუზიები, რომლებითაც არცთუ იშვიათად იმშვიდებენ თავს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიქმნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე (ამ კონვენციაში გარანტირებულ უფლებებს მოგვიანებით აუცილებლად მიმოვიხილავ უფრო ვრცლად) და მისი ფუნქციებიც სწორედ ამის მიხედვითაა განსაზღვრული.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში გარანტირებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ა.შ.). საქართველო ამ კონვენციის მონაწილეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში გარანტირებული უფლებები საქართველოს უზენაესი კანონით – კონსტიტუციითაც არის განმტკიცებული. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც ამ პროფილით საქმიანობს: განიხილავს მხოლოდ ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლიათ მოქალაქეებს სახელმწიფოს წინააღმდეგ ან კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს ერთმანეთის წინააღმდეგ. მოპასუხე მხარე ყველა შემთხვევაში სახელმწიფოა. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მოქალაქემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვამდე სახელმწიფოს შიგნით არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება უნდა ამოწუროს.

საქართველოს სასამართლო სისტემა სამი ინსტანციისაგან შედგება: პირველ ინსტანციას ქმნის რაიონული და საქალაქო სასამართლოები; მეორე ინსტანცია მოიცავს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს, სადაც პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საჩივრდება; მესამე და საბოლოო ინსტანცია კი არის საქართველოს უზენაესი სასამართლო, სადაც საჩივრდება სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები – ამას სამართლებრივ ენაზე კასაციას უწოდებენ.

ჩვენს შემთხვევაში ქვეყნის შიგნით არსებული ყველა საშუალების ამოწურვა ზემოჩამოთვლილი ინსტანციების თანმიმდევრობით გავლას გულისხმობს. ამ თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია, მაგალითად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება არ შეიძლება. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც უზენაესი სასამართლო საქმეს საკასაციო წესით განიხილავს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი უკვე არა თავისი მოპასუხის ან კონკრეტული მოსამართლის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეაქვს (მაგ: “ვინმე …ძე საქართველოს წინააღმდეგ”), რადგან სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება საქართველოს სახელით გამოდის.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანი საჩივრის საგანი ადამიანის უფლებათა დარღვევა უნდა იყოს, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ განიხილება!!!

ეს იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგში განიხილება მხოლოდ კონკრეტულ სახელმწიფოში სასამართლოს მიერ საქმის განხილვის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, რომლებიც კონვენციას ეწინააღმდეგება. მაგალითად, კანონით დადგენილ ვადაზე ხანგრძლივი ვადით პატიმრობა, პირადი ჩხრეკა მოსამართლის შესაბამისი ნებართვის გარეშე და ა.შ. ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში სასამართლომ შესაძლოა  სახელმწიფოს ფულადი ჯარიმა დააკისროს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივი შეიძლება იყოს, რადგან სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კი მთელ ევროპაში ერთადერთი წარმომადგენლობა აქვს – საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში.

ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც ჩვეულებრივი სასამართლოა და არა სახელმწიფოს დასასჯელად მოგონილი ზე-დაწესებულება. აქ არ არსებობს გარანტია, რომ საჩივარს წარმოებაში მიიღებენ, რადგან საქმე არ განიხილება, თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ საჩივარი საფუძველს მოკლებულია. საქმის განხილვის შემთხვევაშიც კი არ არსებობს გარანტია, რომ მოქალაქე აუცილებლად მოიგებს. საქმეს აქაც მოსამართლეები განიხილავენ, რომლებიც კანონის – ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით მოქმედებენ, რაც შესაძლოა, სრულიადაც არ ემთხვეოდეს რიგითი მოქალაქის წარმოდგენას სამართლიანობაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ვებ-გვერდი.