მეუღლეთა თანასაკუთრება

რისთვის ქორწინდება ორი ადამიანი? მართალია, ოჯახის შესაქმნელად. რას ნიშნავს ოჯახი? იმას, რომ ორი ადამიანი თანახმაა, ჰქონდეთ ყველაფერი საერთო: უფლება–მოვალეობები, შვილები და ქონება.

მეუღლეებს განქორწინების უფლებაც ისევე აქვთ, როგორც ქორწინების, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, განქორწინების დროს ქონების განაწილებაა საჭირო. არცთუ იშვიათად, ეს უსიამოვნების მიზეზიც ხდება ხოლმე.

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რა ქონება შეადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, ერთი მარტივი პრინციპი უნდა დავიმახსოვროთ: მეუღლეთა თანასაკუთრება (ანუ საერთო საკუთრება) არის ის ქონება, რაც მეუღლეებმა ქორწინების პერიოდში შეიძინეს. ქორწინების პერიოდში მეუღლეებს თანასაკუთრებაზე თანაბარი უფლებები აქვთ, განქორწინების შემთხვევაში კი იგი მათ შორის თანაბრად ნაწილდება (თუმცა, სხვაგვარი შეთანხმებაც შესაძლებელია). ეს წესი ძალაშია იმის მიუხედავად, კონკრეტული ნივთი თუ სხვა რამ ქმარმა შეიძინა თუ ცოლმა, ერთ–ერთი მათგანი მუშაობს თუ ორივე და ა.შ. არსებობს ერთადერთი გამონაკლისი – თანასაკუთრებაში არ შედის მხოლოდ ერთ–ერთი მეუღლის მიერ მემკვიდრეობით ან ჩუქების შედეგად მიღებული ქონება.

ქორწინებამდე შეძენილი ქონება ქორწინების პერიოდში და მის შემდეგაც კერძო საკუთრებაა და მასზე შემძენის მეუღლეს არავითარი უფლება წარმოეშობა. განსხვავებული წესი შეიძლება შემოღებულ იქნას მეუღლეთა მიერ საქორწინო კონტრაქტის დადების გზით, რომლის შინაარსის განსაზღვრაშიც მეუღლეებს სრული თავისუფლება აქვთ.

ქორწინების პერიოდში შეძენილ უძრავ ქონებასთან (სახლი, ბინა, მიწის ნაკვეთი და ა.შ.) დაკავშირებით ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: უძრავი ქონება აუცილებლად საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. ხშირად ისე ხდება, რომ რეგისტრაციას მხოლოდ ერთ–ერთი მათგანი ახორციელებს თავის სახელზე.

საჯარო რეესტრში უძრავი ქონების კონკრეტული პიროვნების სახელზე რეგისტრაცია ნიშნავს, რომ ეს პიროვნება ამ ქონების მესაკუთრეა და უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს იგი. მესაკუთრის ეს უფლება უპირისპირდება თანასაკუთრებაზე მეუღლეთა თანაბარი უფლებების არსებობას. შესაძლოა “მესაკუთრის” მეუღლე სრულიადაც არ იყოს თანახმა ამ ქონების გასხვისებაზე, მაგრამ უპირატესი ამ შემთხვევაში სწორედ საჯარო რეესტრის მონაცემია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრედ არარეგისტრირებული მეუღლის თანხმობის გარეშე ამ ქონების გასხვისება სრულიად კანონიერია და ასეთ შემთხვევებში დავა უმეტესწილად უშედეგოა.

გამოსავალი ძალიან მარტივია: ნუ დაიზარებთ, ნუ დაგაბრკოლებთ ის აზრი, რომ ეს უხერხულია და მეუღლეებმა საჯარო რეესტრში უძრავი ქონება დაარეგისტრირეთ, როგორც თანამესაკუთრეებმა. ეს მარტივი პროცედურა მომავალში ბევრ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან.