უცნობი ადვოკატის წერილი და კანონით მემკვიდრეების რიგითობა

ორიოდე დღის წინ მეგობარმა, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, აფორიაქებულმა მაცნობა ახალი ამბავი.

თურმე მისი მეგობრის დედას ვინმე ადვოკატმა მისწერა წერილი, სადაც უხსნიდა, რომ მისი კლიენტი, ვინმე მილიონერი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ამავე შემთხვევის შედეგად დაიღუპა მისი ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი და მან ვერ შეძლო მისი სხვა ნათესავების პოვნა, რათა სამკვიდრო ქონება მათ შორის განაწილებულიყო. ზოგადად, თუკი მამკვიდრებელს მემკვიდრე არ ჰყავს, ქონება სახელმწიფოს რჩება. პატივცემულ ადვოკატს, თურმე, არ ნებავს, რომ ეს მილიონები სახელმწიფოს დარჩეს და ქალბატონს, რომელიც ამ  მილიონერის მოგვარე აღმოჩნდა (საკმაოდ იშვიათი გვარია და მხოლოდ ის იპოვა სოციალური ქსელის საშუალებით), სთავაზობს, რომ მას წარადგენს, როგორცს ამ გარდაცვლილი მილიონერის მემკვიდრეს.

მინდა გითხრათ, რომ მთელი წერილი ძალიან გამართული ინგლისურითა და დამაჯერებელი ტონითაა დაწერილი, გაძეძგილია იურიდიული ტერმინოლოგიით და წერილის ბოლოს ავტორი იმის ალბათობასაც უშვებს, რომ შესაძლოა ადრესატმა ყოველივე ამას ეჭვით შეხედოს და იმეილის საშუალებით წვრილმანებზე მოლაპარაკებას სთავაზობს. გარდა ამისა, არწმუნებს, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით მოგვარდება და პრობლემები არავის შეექმნება.

რა გითხრათ, აბა! არ ვიცი, ვიღაც ფულზე გაგიჟებული შიზოიდი ადვოკატი აფრქვევს ამ რბილად რომ ვთქვათ, თაღლითურ სქემას თუ უსაქმურთა ლეგიონის მეომარი ხუმრობს. ორივე შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ:

– ნათესაური კავშირის დასადგენად მხოლოდ გვარი არ არის საკმარისი. ერთი წუთით დაუშვით ამის ალბათობა და თავად მიხვდებით, თუ რა სისულელეს მივიღებთ შედეგად, სულაც ერთი გვარის ორად ორი წარმომადგენელი რომ ცხოვრობდეს მთელ მსოფლიოში;

– ნათესაური კავშირის დადგენა საეჭვოობის შემთხვევაში სასამართლოს საქმეა და მხოლოდ მოგვარეობას არ ეფუძნება. თქვენ წარმოიდგინეთ, დნმ–ს ანალიზიც კი არ არის ასპროცენტიანი სიმართლის გარანტიად მიჩნეული;

– თუ ვინმეს გგონიათ, რომ უსაფუძვლოდ ვუყურებ ეჭვით ყოველივე ამას და მეგობრის მეგობარს მილიონებს ვაკარგვინებ, დროზე გამაფრთხილეთ! (ნახევრად ხუმრობით!)

ჰოდა, რაკი ნათესაობაზე და მემკვიდრეობის განაწილებაზე ჩამოვარდა სიტყვა, აქვე ავხსნათ, თუ რა არის კანონით მემკვიდრეობა.

მოანდერძის ნების გამოვლინება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანდერძია, მაგრამ რა მოხდება ისეთ შემთხვევაში, თუკი ანდერძი არ არსებობს – მოანდერძემ ვერ მოასწრო მისი დაწერა, არ ჩათვალა საჭიროდ და ა.შ?

სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის კანონი ადგენს მამკვიდრებლის ოჯახის წევრებისა და ნათესავების რიგითობას, რომლის მიხედვითაც უნდა განაწილდეს მამკვიდრებლის ქონება. კანონით მემკვიდრეობა უკვე ვახსენეთ სავალდებულო წილის განხილვის დროს. ასახსნელი აქ ბევრიც არაფერია, სწორედ ამიტომ იძულებული ვარ, სამოქალაქო კოდექსიდან მთელი მუხლი უცვლელად დავაკოპირო:

კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:

I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.

II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.

III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის  დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან.

IV. მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები.

V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

მთავარი კი ისაა, რომ ერთი რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების შესაძლებლობას.

მოკლედ, კანონით მემკვიდრეობისა და ანდერძის ღირსებები და ნაკლოვანებები უკვე საკმარისად განვიხილეთ. არჩევანი მამკვიდრებელზეა.

კანონით მემკვიდრეობა და სავალდებულო წილი

წინა პოსტში უკვე აღვნიშნე, თუ რაოდენ კარგი საშუალებაა ანდერძი მემკვიდრეობასთან დაკავშირებული გაუგებრობებისა და შეხლა–შემოხლის თავიდან ასაცილებლად.

თუმცა, ჩვენმა კანონმდებლობამ კიდევ ერთი წესი შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც მამკვიდრებლის (პირი, ვისი კუთვნილი ქონებაც მემკვიდრეობის საგანია (სამკვიდრო ქონება)) ოჯახის წევრები შესაძლო უსამართლობისაგან დაიცვა:

გარდაცვლილი პირის მეუღლეს, შვილსა და მშობლებს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით იმ ქონების ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.

რა არის კანონით მემკვიდრეობა? – ესაა კანონის მიერ დადგენილი სამკვიდრო ქონების განაწილების წესი, რომელიც ანდერძის არარსებობისას გამოიყენება. კანონით მემკვიდრეობისას განსაზღვრულია მამკვიდრებლის ოჯახის წევრებისა და სხვა ნათესავების რიგითობა, რომელიც არის იმის განმსაზღვრელი, თუ ვის უნდა გაუნაწილდეს გარდაცვლილის ქონება.

ყველა რიგის მემკვიდრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და თითოეული მათგანის წილის გამოთვლა საკმაოდ რთული საქმეა, ამიტომ სჯობს ეს ისევ ნოტარიუსს მივანდოთ. ამ შემთხვევაში საკმარისია აღინიშნოს, რომ სავალდებულო წილი ეკუთვნის მხოლოდ პირველი რიგის მემკვიდრეებს – გარდაცვლილის მეუღლეს, შვილებსა და მშობლებს. ნოტარიუსი, გამოითვლის რა, თუ რა წილი ერგებოდა თითოეულ მათგანს, ანდერძი რომ არ ყოფილიყო, მიაკუთვნებს მათ ამ წილის ნახევარს. შესაძლოა, რომ მამკვიდრებლის მიერ მემკვიდრეზე სიცოცხლეშივე გაცემული ქონებაც ჩაითვალოს სამკვიდრო წილში.

თუმცა, კანონში ერთი დეტალია, რომელზე ზუსტი პასუხიც პირადად მე ვერ ვიპოვე:

მამკვიდრებელს უფლება აქვს, ანდერძის მეშვეობით მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვას ერთ, რამდენიმე ან ყველა კანონით მემკვიდრეს.  შესაბამისად, ეკუთვნის თუ არა სავალდებულო წილი იმ მემკვიდრეს, რომელსაც ანდერძით მემკვიდრეობის უფლება ჩამორთმეული აქვს? სავალდებულო წილის მუხლში ხომ წერია: “ანდერძის შინაარსის მიუხედავად”.

ჩემი აზრით – არა. ანდერძის მეშვეობით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა არის მამკვიდრებლის ნების გამოხატულება, რომლის უგულებელყოფა კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა. მართალია, ერთი შეხედვით სავალდებულო წილის შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გარდაცვლილის ნების უგულებელყოფასთან, მაგრამ აქ სახეზეა კონკურენცია ორ სიკეთეს შორის: გარდაცვლილის ნება და პირველი რიგის მემკვიდრეების უფლება, მიიღონ სამკვიდრო. კანონმა აქ შუალედური მიდგომა აირჩია, მიაკუთვნა მათ იმის ნახევარი, რაც კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ.

ეს ჩემი თეორიული მსჯელობის შედეგად, თუმცა, პრაქტიკულად შესაძლოა, ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდებოდეს, რის შესახებაც დაწვრილებითი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ მაქვს. განსხვავებულ აზრს სიამოვნებით მოვისმენ კოლეგებისგან.