ცვლილებების დროა

მოგესალმებით,

ჩვეულებრივ, ასე ვიწყებ ხოლმე შეკითხვაზე პასუხის გაცემას.

ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ ბლოგზე დიდი ხანია, არ შემომიხედავს. ბევრი რამ შემიძლია, მოვიმიზეზო უდროობით დაწყებული გადაღლილობით დასრულებული, მაგრამ დღეს, როცა ვიზიტორებისა და შემოსული შეკითხვების რაოდენობას გადავხედე, მივხვდი, რომ ჩემს პასიურობას, გამართლება, უბრალოდ, არ აქვს.

  • კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას მათ, ვინც ხშირად თუ იშვიათად, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ბლოგს კითხულობდა;
  • ძალიან მიხარია, თუკი შევძელი და ვინმეს საჭირო ინფორმაციით დავეხმარე;
  • ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც შეკითხვაზე პასუხს ელოდა და ვერ მიიღო, ან მისთვის საინტერესო ინფორმაციას ეძებდა და ვერ იპოვა.

ნებისმიერ შემთხვევაში, მგონი, ღირს, წერა გავაგრძელო. თუნდაც იშვიათად, მაგრამ სისტემატურად.

აქვე გაცნობებთ, რომ კითხვა-პასუხის გვერდი დღეიდან უქმდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ შემოსული შეკითხვების რაოდენობისა და მრავალფეროვნების გამო ამ გვერდზე სრული ქაოსია და ინფორმაციის მოპოვება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თემატურად დალაგებული შეკითხვები შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.  ნებისმიერ მკითხველს ექნება შესაძლებლობა, შეკითხვები კომენტარებში დასვას, რომელსაც შეძლებისდაგვარად, იქვე გავცემ პასუხს ან ახალ პოსტს მოვამზადებ.

საბედნიეროდ, ჩემი ბლოგერული პასიურობის პერიოდს უქმად არ ჩაუვლია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე, რასაც პერიოდულად გაგიზიარებთ.

კითხვა-პასუხი: მემკვიდრეობა

პასუხგაცემული კითხვების მეორე ნაწილი:

კითხვა: მშობლების გარდაცვალებიდან გავიდა 6 თვეზე მეტი. ნოტარიუსმა უარი გვითხრა მემკვიდრეებად ცნობაზე იმ მოტივით, რომ ვერ წარვუდგინეთ ქონების ფაქტიურად ფლობის დამადასტურებელი (მაგ. ელენერგიის გადახდის ქვითარი) საბუთი,ხოლო მშობლის მიერ დატოვებული ანდერძი მხედველობაში არ მიიღო. რამდენად სწორია ნოტარიუსის გადაწყვეტილება.გმადლობთ.

პასუხი: მოგესალმებით!
ანდერძის არსებობის შემთხვევაში სწორედ მოანდერძის მიერ მასში გამოხატული ნებაა გადამწყვეტი. შესაძლოა, ნოტარიუსმა სწორედ ანდერძის ნამდვილობაში შეიტანა ეჭვი. ასეთ შემთხვევაში მისი მოთხოვნა სამართლიანია.
შეგიძლიათ, მიმართოთ სხვა ნოტარიუსს. თუკი ანდერძის ნამდვილობას ვერ დაადასტურებთ, ასეთ შემთხვევაში მართლაც მოგიწევთ რაიმე გზით დაამტკიცოთ, რომ თქვენ – მემკვიდრეები ნამდვილად ფაქტობრივად ფლობთ სამკვიდროს.

კითხვა: gamarjobat.gtxovt mipasyxod mwoblebis gardacvalebis wemdeg davrzit 5 wvili 1 ti ynar wezgydylia 4 xi daozaxebyli, amzamad erti da zxovrobs mwoblebis datovebyl binawi romelic isakytrebs mtel binas piradad mesakytred ar mcnobs weyzlia bina daisakytros sajaroreestrit ty zemi tanxmoba ar ikneba notariysid damtkicebyli mimarta sajaro reestrs da itxovs mesakytreobas sajaro reestris amonaceri pasportis ali caradgina arc erti dis tanxmoba ar akvs madlobt tkven vici gamcemt pasyxs rogor movikce

პასუხი: მოგესალმებით!
როგორც წინა კითხვების პასუხებშიც აღვნიშნე, მშობლების გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრედ ითვლება ყველა შვილი, თუკი არ არსებობს ანდერძი. სამწუხაროდ, არ მიკონკრეტებთ, თქვენმა მშობლებმა ანდერძი დატოვეს თუ არა, მაგრამ ვვარაუდობ, რომ არა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, სამკვიდრო მიიღოთ ყველამ – მათ შორის უნარშეზღუდულმა მემკვიდრემაც, თუმცა, აუცილებელია, მიმართოთ სასამართლოს და რომელიმე თქვენგანმა საკუთარ თავზე აიღოთ მისი მეურვეობა ან მზრუნველობა.
ახლა რაც შეეხება თქვენი დის მიერ საჯარო რეესტრში ბინის დარეგისტრირებას: გარდაცვლილი მშობლების სახელზე გაფორმებული ქონების მემკვიდრის – ამ შემთხვევაში თქვენი დის – სახელზე დასარეგისტრირებლად აუცილებელია სამკვიდრო მოწმობის არსებობა, რომელიც გაიცემა მემკვიდრეზე ნოტარიუსის მიერ. ამ მოწმობის გარეშე საჯარო რეესტრი ბინას მემკვიდრის საკუთრებად ვერ დაარეგისტრირებს.
თქვენ აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, მიმართა თუ არა თქვენმა დამ ნოტარიუსს და აქვს თუ არა მის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა. როგორც წესი, ნოტარიუსები აუცილებლად ამოწმებენ, არიან თუ არა სახეზე სხვა მემკვიდრეები და თუ არიან, ნამდვილად ამბობენ თუ არა უარს მემკვიდრეობაზე. შესაბამისად, თუკი თქვენს დას რაიმე გზით უკვე აქვს სამკვიდრო მოწმობა (შესაძლოა, ნოტარიუსს დების არსებობის შესახებ არ აცნობა), ხოლო თქვენ არა, შეგიძლიათ, მიმართოთ ნოტარიუსს და განაცხადოთ, რომ მემკვიდრეები თქვენც ხართ და სამკვიდროზე უარი არ გითქვამთ.
თუკი რაიმე კითხვა კიდევ გაგიჩნდებათ, აუცილებლად მომწერეთ!

კითხვა: გამარჯობათ. მაინტერესებს, თუ მამკვიდრებელს არ კავს შვილები და მეუღლე; პირველი რიგის მემკვიდრედ ვინ ითვლება. აქბს ანდერძი დატოვებული , სადაც მემკვიდრეები არიან მისი დის შვილები. და კავს ცოცხალი და არ ყავს ანდერძში მიოხსენიებული. აქვს თუ არა უფლება მის დას მემკვიდრეობაზე.

პასუხი: გამარჯობა!
თუ ანდერძი არსებობს, მაშინ პრიორიტეტი ანდერძს ენიჭება, შესაბამისად, მემკვიდრეებად დისშვილები ჩაითვლებიან. რაც შეეხება დას, მას მემკვიდრეობაზე უფლება არ აქვს.

კითხვა: გამარჯობათ. ვცხოვრობ საკუთარ სახლში თბილისში. ეს სახლი იკო ცჰემი დედამთილის სახელზე. დედამთილი 22 წელია გარდაიცვალა. გარდაცვლილი მყავს მეუღლეც. სახლი არ არის საჯარო რეესტრში გატარებული. ყველა საბუთი მაქვს წესრიგში. საჯაროში მივიტანე საბუთები და მითხრეს, რომ მაკლია მემკვიდრეობის ცნობა. ვინ მაძლევს ამ ცნობას? ნოტარიუსი? ჯერ უნდა გავხდე მემკვიდრე და მერე მესაკუთრე?

პასუხი: გამარჯობა!
აუცილებლად მიმართეთ ნოტარიუსს, აუცილებელია თქვენი გარდაცვლილი მეუღლის დედის ანუ თქვენი დედამთილის მემკვიდრედ ცნობა, ხოლო შემდეგ თქვენი – თქვენი მეუღლის მემკვიდრედ. ამის შემდეგ ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაგარეგისტრირებთ, როგორც მესაკუთრეს.

კითხვა: ბინის მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ (მამის) ბინა მემკვიდრეებზე როგორ ნაწილდება? მემკვიდრეები არიან დედა, ორი ქალიშვილი და ვაჟი. მაინტერესებს მემკვიდრეობა თანაბრად ნაწილდება თუ რაიმე პროცენტული განაცილებაა?

პასუხი: თუ მამკვიდრებელს ანდერძი არ დაუტოვებია, ზოგადი წესია, რომ მემკვიდრეებს შორის ქონება ნაწილდება თანაბრად. თქვენს მიერ ჩამოთვლილი მემკვიდრეები არიან პირველი რიგის მემკვიდრეები, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს ქონებაზე თანაბარი უფლება აქვს. აუცილებელია, რომ მემკვიდრეებმა სამკვიდრო მოწმობის ასაღებად მიმართონ ნოტარიუსს.

კითხვა: სლავა შურპას,რომელსაც ქონდა საცხოვრებელი სახლი გარდაიცვალა,მას დარჩა ერთადერთი მემკვიდრე -მეუღლე.მეუღლეს არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსთვის მოწმობის მისაღებად.მეუღლეც გარდაიცვალა და სამკვიდროზე პრეტენზია განაცხადეს სლავას ძმამ და დამ.
ვინ უნდა მიიღოს სამკვიდრო???

პასუხი: მოგესალმებით!
ეს ის შემთხვევაა, როცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
გარდაცვლილის მეუღლე რასაკვირველია, არის კანონიერი მემკვიდრე, მაგრამ თუკი მას უძრავი ქონება არ დაურეგისტრირებია თავის სახელზე, ეს საქმეს გაართულებს. კითხვიდან გამომდინარე, ვერ ვხვდები, ვის აქვს ამჟამად პრეტენზია გარდაცვლილი ქალბატონის მემკვიდრეობაზე.
სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს იმ შესაძლებლობას, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღოს ფაქტობრივად, ნოტარიუსისათვის მიმართვის გარეშე, მაგრამ არცთუ იშვიათად, ამის დამტკიცება პრობლემას წარმოადგენს ხოლმე.
ჩემი ვარაუდით, ამ მწირი მოცემულობიდან მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თუკი მემკვიდრეობა კვლავ ბატონი შურპას სახელზეა დარეგისტრირებული, საკითხი დიდი ალბათობით, მისი დისა და ძმის სასარგებლოდ გადაწყდება, რომლებიც მისი მეორე რიგის მემკვიდრეები არიან.
უფრო კომპეტენტური და ამომწურავი პასუხისათვის მიმართეთ ნოტარიუსს, რომელიც დაწვრილებით გაეცნობა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად, განსაზღვრავს, თუ ვისზე უნდა გაიცეს სამკვიდრო მოწმობა.

კითხვა: გთხოვთ გამიშინაარსოთ სამოქალაქო კოდექსის 1314-ე მუხლი.

პასუხი: სამოქალაქო კოდექსის 1314-ე მუხლი: მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა ხელს არ უშლის ნათესავების მემკვიდრეობას წარმომადგენლობის უფლებით.
ამ მუხლის დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ მემკვიდრეს, რომელიც უღირს მემკვიდრედ იქნა ცნობილი, უფლება აქვს, იყოს სხვა მემკვიდრეების წარმომადგენელი. მაგალითად, თუკი მამკვიდრებელმა უღის მემკვიდრედ ცნო შვილი და სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ეს პიროვნება ცოცხალი აღარ არის, უღირსი მემკვიდრედ ცნობილი პიროვნების შვილს ანუ მამკვიდრებლის შვილიშვილს მაინც აქვს უფლება იყოს მემკვიდრე.

კითხვა: პაპაჩემს ქონდა სახლი, რომელშიც დაახლოებით 21 წელი ცხოვრობდა და რომელსაც მხოლოდ ჩემი ოჯახი უვლიდა (ანუ 1 შვილი 3 ძმიდან). გარდაცვალების შემდეგ დანარჩენმა ძმებმაც მოინდომეს სახლის მისაკუთრება და ერთერთი მათგანი შესახლდა კიდეც.. საქმე ისაა რომ ეს სახლი არ არის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საჭირო წესით და არც არანაირი ანდერძი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში წერილობითი, მაგრამ ყელასთვის ცნობილი იყო რომ სახლს მე მიტოვებდა, მის შვილიშვილს და სამწუხაროდ ვერ მოასწრო ანდერძის დაწერა.. არ მინდა დავის საგანი გავხდე უბრალოდ მაინტერესებს რა და როგორ მოხდება ამ შემთხვევაში. თან სამწუხარო ისაა რომ მამაჩემს არ სურს მოთხოვნა, რადგან არ უნდა ძმებს აწყენინოს.. მე რა შემიძლია გავაკეთო ?

პასუხი: მოგესალმებით!
უპირველეს ყოვლისა, გარდაცვლილის შვილებმა აუცილებლად უნდა მიმართონ საჯარო რეესტრს, რათა გაირკვეს, თუ ვის სახელზეა სახლი რეგისტრირებული და თუ რაიმე პრობლემაა, იქვე აგიხსნიან, როგორ მოიქცეთ. ამ შემთხვევაში უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია, რადგან ყველაფერი კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება მემკვიდრეობას, იგი თანაბრად ეკუთვნის გარდაცვლილი მამკვიდრებლის შვილებს, ვვარაუდობ, რომ მეუღლე ცოცხალი აღარ არის. მიუხედავად იმისა, სიცოცხლეში რა ფორმით გამოხატა აწ გარდაცვლილმა მამკვიდრებელმა ნება, რომ სახლი თქვენთვის დაეტოვებინა, ამას მნიშვნელობა ნამდვილად ვეღარ ექნება. მემკვიდრეობის საკითხისას გადამწყვეტია ანდერძი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – კანონით დადგენილი რიგითობა. ამ რიგითობის მიხედვით, სახლი თანაბრად ეკუთვნის მამკვიდრებლის შვილებს, ხოლო თქვენ, როგორც შვილიშვილს, ამჯერად მემკვიდრეობაზე უფლება არ გაქვთ.
რაც შეეხება რეგისტრაციას და სამკვიდრო მოწმობის აღებას, აუცილებლად დაგჭირდებათ ნოტარიუსის კონსულტაცია და საჯარო რეესტრისათვის მიმართვა.
მადლობა შეკითხვისთვის…

კითხვა: გამარჯობათ! უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა, რომ გვითმობთ ყურადღებას! :) მაინტერესებს შემდეგი: 12 წლის წინ გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, მაშინ ერთად ვცხოვრობდით მის მშობლებთან და ძმასთან, ბინა პრივატიზებულია მამამთილის სახელზე, სამემკვიდრო მოწმობა არ ამიღია, აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა მომავალში? და კიდე ერთი შეკითხვა, რა წილი გვეკუთვნის მე და ჩემს სრულწლოვან შვილს, თუკი მამკვიდრებელი არ დატოვებს ანდერძს?და თუკი ის ანდერძს დატოვებს ჩემს შვილძე, აქვს თუარა უფლება მაზლს მოითხოვოს რაიმე წილი?მგონი სავალდებულო წილი ქვია.აქვს თუარა უფლება მას, ეს სავალდებულო წილი მოითხოვოს მამამისის სიცოცხლეშივე?

პასუხი:

გამარჯობა!
თქვენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თეორიულად მემკვიდრეებად ითვლებით: თქვენ, როგორც მეუღლე, შვილი და თქვენი მეუღლის მშობლები. როგორც მივხვდი, მემკვიდრეობის მისაღებად არავისთვის მიგიმართავთ. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მამამთილის სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ქონება ვერ ჩაითვლებოდა იმ ქონებაში, რაც თქვენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გეკუთვნოდათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებად ითვლება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული.

რაც შეეხება თქვენი და თქვენი შვილის კუთვნილ მემკვიდრეობას, ალბათ, მამკვიდრებელში მამამთილს გულისხმობთ. თუკი მამკვიდრებელი ანდერძს არ დატოვებს, ასეთ შემთხვევაში მემკვიდრეებად ჩაითვლებიან მისი შვილი (ანუ თქვენი მაზლი) ან შვილები და მეუღლე (ვვარაუდობ, რომ მშობლები გარდაცვლილები არიან). ასეთ შემხვევაში სამკვიდრო ქონება მათ შორის თანაბრად განაწილდება.

თუკი თქვენი მამამთილი ანდერძს თქვენი შვილის სახელზე დატოვებს, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ანდერძს მიენიჭება. თქვენი მაზლის მიერ სავალდებულო წილის მოთხოვნის შემთხვევაში მას შესაძლოა, მიეკუთვნოს იმ წილის ნახევარი, რაც ანდერძის არარსებობის შემთხვევაში ერგებოდა (იხ. წინა აბზაცი).

უფრო დაწვრილებით სავალდებულო წილის შესახებ იხილეთ აქ – https://temidas.wordpress.com/2011/03/28/savaldebulo-wili/

სავალდებულო წილის მოთხოვნა მამკვიდრებლის სიცოცხლეში დაუშვებელია, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მოთხოვნის, რაც მემკვიდრეობასთანაა დაკავშირებული.

კითხვა: gamarjobat .mainteresebs bina vis ekutvnis tu mama gardacvlili myavs da dedachemtan opicialurad ganqorwinebulia.myavs erti dzma.bina marto chven orze iyopa?

mamachemis deda rusethia dzma ki dagupuli yavs.am shemtxveveshi marto me da chemi dzma vrchebit memkvidreebad???? dedachems ekutvnis tu ara rame wili.

პასუხი: მოგესალმებით!
კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან მამკვიდრებლის შვილები, მეუღლე და მშობლები. აღნიშნული ბინა რომ სამკვიდრო ქონებაში ჩაითვალოს, გარდაცვალების მომენტისათვის რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო მამათქვენის სახელზე და ასეთ შემთხვევაში იგი გაიყოფა თქვენს, თქვენს ძმასა და მამათქვენის მშობლებს შორის. სამწუხაროდ, არ აღნიშნეთ, ისინი ცოცხლები არიან თუ არა. თუ მამათქვენის მშობლები ცოცხლები იყვნენ მისი გარდაცვალების მომენტისათვის და მხოლოდ შემდეგ გარდაიცვალნენ, შეიძლება მემკვიდრეებად ჩაითვალონ მამათქვენის დები და ძმები, როგორც გარდაცვლილი მშობლების მემკვიდრეები.

დედათქვენს ამ შემთხვევაში წილი არ ეკუთვნის, ამ შემთხვევაში მემკვიდრეებად ჩაითვლებით თქვენ, თქვენი ძმა და მამათქვენის დედა. მემკვიდრეობის მისაღებად უნდა მიმართოთ ნოტარიუსს.

ბინის გაყიდვა რომ შეძლოთ, ჯერ უნდა მიმართოთ ნოტარიუსს და მიიღოთ სამკვიდრო მოწმობა, ამის შემდეგ დაარეგისტრიროთ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რომელიმე მემკვიდრის სახელზე ან თქვენ, თქვენი ძმა და მამათქვენის დედა შეიძლება დარეგისტრირდეთ როგორც თანამესაკუთრეები – ეს თქვენს შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ამის შემდეგ მესაკუთრეებს უფლება აქვთ განკარგონ ქონება ისე, როგორც სურთ.

კითხვა: დიდი მადლობა ძალიან და კიდევ ერთი კითხვა მაქვს.ასეთი პრობლემა შეიქმნა,ბებიამ უნდა გადაიფორმოს თავის სახელზე მისი გარდაცვლილი მეუღლის,ანუ ბაბუაჩემის სახლი.რის შემდეგაც გაყიდვას აპირებს.ნოტარიუსმა მოთხოვა მას შვილების დაბადების,ქორწინების მოწმობის ასლები და კიდევ საბუთები,ზუსტად არ ვიცი.როცა ერთ-ერმა შვილმა გაიგო იმის შესახებ,რომ სახლი უნდა გაყიდონ,საბუთების გაცემაზე უარს ამბობს თუ გაყიდვის შემდეგ თანხის ნაწილს არ მიცემენ.რას მეტყვით,სამართლიანია თუ არა მისი მოთხოვნა? 

პასუხი: გარდაცვლილი ბაბუათქვენის ანუ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მისი მეუღლე – ბებიათქვენი და აგრეთვე შვილები. შესაბამისად, შვილებს აქვთ უფლება, მოითხოვონ სამკვიდრო ქონებიდან სამკვიდრო წილი. შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუკი საკითხი მორიგებით გადაწყდება. ქონების გაყოფასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ საკითხებზე კონსულტაციისთვის მიმართეთ ნოტარიუსს.

კითხვა:

კითხვა-პასუხი: საოჯახო დავები

პასუხგაცემული კითხვების პირველი ნაწილი: 

კითხვა: გამარჯობათ, მე მაინტერესებს არაქორწინებაში მყოფი მეუღლეებს ბავშვების წართმევის უფლება რა შემთხვევაში აქვს მამას? ბავშვები არიან 4 და 2 წლის.

პასუხი: ბავშვის წართმევის უფლება, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მეუღლეთა, ამ შემთხვევაში, მშობელთა უფლება და მოვალეობა, ორივე მათგანმა მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდაში.

შესაბამისად, თუ მშობლები ვერ მორიგდნენ იმის თაობაზე, თუ რა სიხშირით უნდა ნახოს ბავშვი თითოეულმა მათგანმა, მშობელს, რომელიც თვლის, რომ მისი უფლებები ირღვევა, სრული უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. სასამართლო კი გადაწყვეტს, რომელ მშობელთან უნდა იცხოვრონ ბავშვებმა მუდმივად და რა სიხშირით შეიძლება ნახოს მეორე მათგანმა. ყოველივე ეს ხდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობით (ამჟამად ასეთია რესურს–ცენტრები) და ბავშვის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
თუ არ მიწყენთ, პირადად ჩემი რჩევა იქნება, რომ ერთმანეთში თავად მორიგდეთ. მამას ისეთივე უფლება აქვს ბავშვებზე, როგორც დედას, მით უმეტეს, თუ თავად სურს მათ აღზრდაში მონაწილეობის მიღება. უფრო ხშირად, სამწუხაროდ, მშობლის უყურადღებობაა პრობლემა. თქვენს შემთხვევაში კი ეს პრობლემა ნამდვილად არ დგას. ბავშვის უფლება და ინტერესიცაა, რომ მას ურთიერთობა ორივე მშობელთან ჰქონდეს…

კითხვა: გთხოვთ დამეხმაროთ, მაინტერესებს ოჯახის შექმნის უფლება რა ასაკიდან აქვს ადამიანს, როგორც გოგოს, ისე ბიჭს?

პასუხი: დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით :)
ოჯახის შექმნის უფლება როგორც გოგოს, ისე ბიჭს (სქესს მნიშვნელობა არ აქვს) წარმოეშობა მას შემდეგ, რაც გახდება სრული ქმედუნარიანი ანუ სრულწლოვანი – თვრამეტი წლის.
თუმცა, დაქორწინების უფლება წარმოიშობა თექვსმეტი წლის ასაკიდანაც, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია მშობლების თანხმობაც! მშობლების თანხმობის არარსებობის შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობასაც, რომელიც განიხილავს მშობლების უარის მოტივებს და შესაძლოა, მან დართოს ახალგაზრდებს დაქორწინების უფლება.
თუმცა, სასამართლოში საქმის განხილვის ხანგრძლივობა და პროცედურებიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომელიც შეიძლება, საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.
პირადად მე, თუ არასრულწლოვანი ხართ, თვრამეტი წლის შესრულებამდე მოცდას გირჩევდით.
წარმატებებს გისურვებთ! :)

კითხვა: gamarjobat,mainteresebs mwoblebis gardacvalebis wemdeg darza 2 sartyliani bina romelwichic dgemde ert erti da zxovrobs binawi ar miwvebs imis gamo mwoblebi me davkrzale da wen ak araferi gesakmebao makvs ty ara yfleba viko ert erti memkvidre rogor movikce gtxovt damexmarot rogor movikce

პასუხი: მოგესალმებით!

უპირველეს ყოვლისა, ვწუხვარ, რომ ასეთი უსიამოვნება შეგემთხვათ ოჯახის წევრთან. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა მემკვიდრეებიდან ერთ-ერთი იღებს საკუთარ თავზე მოხუცი მშობლების მოვლა-პატრონობას და შემდეგ მემკვიდრეებიდან სწორედ ის სარგებლობს უპირატესობით. უმეტესწილად, ასეთი საკითხები მემკვიდრეებს შორის მორიგებით წყდება ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, თქვენს შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა.
როგორც შეკითხვის შინაარსიდან ვხვდები, თქვენს მშობლებს ანდერძი არ დაუტოვებიათ, შესაბამისად, კანონის საფუძველზე მემკვიდრეები სწორედ შვილები უნდა იყვნენ (ვვარაუდობ, რომ თქვენი მშობლების მშობლები გარდაცვლილები არიან) ანუ თქვენ და თქვენი და.

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ბოროტად არიდებდა თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინა მამკვიდრებელი, მაგრამ ეს გარემოება სასამართლო წესით უნდა იყოს დადასტურებული.

თქვენ – შვილები, ვალდებულნი იყავით, გერჩინათ შრომისუუნარო მშობლები. თუკი თქვენი და მიიჩნევს, რომ ამ მოვალეობას მხოლოდ ის ასრულებდა, თქვენ თავს არიდებდით მშობლების რჩენის მოვალეობას და სწორედ ამიტომ არ სურს თქვენთან სამკვიდრო ქონების გაყოფა, მან ამის დასადასტურებლად სასამართლოს უნდა მიმართოს. სანამ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობს, თქვენ უფლებას ინარჩუნებთ, იყოთ მემკვიდრე.

რაც შეეხება თქვენი მემკვიდრეობის უფლების განხორციელების შესაძლებლობას, თქვენ, თუკი თვლით, რომ ეს უფლება უსამართლოდ გეზღუდებათ, უფლებამოსილი ხართ, თავად მიმართოთ სასამართლოს.

თუკი რაიმე ინფორმაციის დაზუსტება გნებავთ, მომწერეთ კომენტარებში.

კითხვა: მაინტერესებს ბავშვის დედას აქვს თუ არა რაიმე იურიდიული უფლება ბავშვის მამას ან მის მშობლებს მოსთხოვოს არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილით მაინც უზრუნველყოფა, იმ შემთხვევაში თუ ბავშვის მამა და მისი მშობლები ვერ უზრუნველყოფენ ფინანსურ დახმარებას ბავშვის აღზრდისათვის (ამას ძირითადად აკეთებს დედა) და ბავშვის მშობლები ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან.

აქამდე ცოლ-ქმარი ბავშვთან ერთად ცხოვრობდა ქმრის მშობლებთან, მათ სახლში, მათ კი სახლის გაქირავება გადაწყვიტეს, რის გამოც ფაქტიურად ბავშვის მშობლები იძულებული ხდებიან ქირით სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად, რაზეც ბავშვის დედას ფინანსური სახსრები არ ყოფნის.
ამ შემთხვევაში რა იურიდიული უფლება აქვს ბავშვის დედას თუ ბავშვის მამა მშობლებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას ვერ თხოვს?
გმადლობთ წინასწარ

პასუხი: გმადლობთ შეკითხვისთვის.
უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ იმით, რომ ბავშვზე ზრუნვის მოვალეობა მშობელს აკისრია იმის მიუხედავად, არის თუ არა ქორწინება ოფიციალურად გაფორმებული. როგორც შეკითხვიდან ვხვდები, მამობა უკვე დადგენილია.
სამოქალაქო კოდექსი ადგენს როგორც მშობლების მოვალეობებს შვილების მიმართ, ასევე პაპისა და ბებიის მოვალეობებს არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართაც, თუკი იგი დახმარებას საჭიროებს და არ შეუძლია, სარჩო მიიღოს მშობლებისაგან.
შემიძლია დანამდვილებით გიპასუხოთ, რომ ბავშვის დედას, როგორც შვილის წარმომადგენელს, უფლება აქვს, მოითხოვოს დახმარება როგორც ბავშვის მამის, ისე მისი მშობლებისგანაც. თუკი ეს საკითხი ურთიერთშეთანხმებით ვერ წყდება, დედას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, მოთხოვნის სხვა გზას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასამართლო მხედველობაში მიიღებს ორივე მხარის ფინანსურ შესაძლებლობებს, ბავშვისათვის აქამდე გაწეულ დახმარებას და ყველა იმ ნიუანსს, რაც ბავშვის აღზრდის ხარჯებისა და სხვა მოვალეობათა განაწილებას შეეხება. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, ბავშვის რჩენის მოვალეობა დაეკისროს პაპასა და ბებიასაც, თუკი დადგინდება, რომ მშობლების სახსრები საამისოდ არასაკმარისია, ხოლო პაპასა და ბებიას საამისო პირობები აქვთ.
სამწუხაროდ, უფრო კონკრეტული პასუხის გაცემა ამ მოცემულობაზე დაყრდნობით მიჭირს.
გისურვებთ წარმატებებს!

კითხვა: გამარჯობათ!მაინტერესებს თუ მსჯავრდებული მეუღლე არაა თანახმა განქორწინებაზე ხოლო ცოლმა შეიტანა რეესტრში განცხადება ამ შემთხვევაში რა მოხდება..?

პასუხი:

გამარჯობა!

მეუღლეს უფლება აქვს შეიტანოს განქორწინებაზე განცხადება, თუკი მსჯავრდებულ მეუღლეს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა არანაკლებ სამი წლით. ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ატყობინებს მსჯავრდებულ მეუღლეს განცხადების შესახებ და ითხოვს მისგან ინფორმაციას, არის თუ არა დავა ბავშვების შესახებ, ქონების თაობაზე ან ალიმენტის გადახდევინებაზე. პასუხის მიღების ვადა არის არა უმეტეს სამი თვისა. თუკი ამ ვადაში სრს ტერიტორიული სამსახური მიიღებს თანხმობას მსჯავრდებული მეუღლისაგან, იგი დაარეგისტრირებს განქორწინებას.

თუკი მსჯავრდებული მეუღლისაგან სამი თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი სააგენტოს შეტყობინებას, სააგენტო უფლებამოსილია, დაარეგისტრიროს განქორწინება.

ანალოგიურად, თუკი მსჯავრდებულ მეუღლეს შეფარდებული აქვს თავისუფლების აღვკეთა სამი წლით ან მეტი ვადით, სააგენტო უფლებამოსილია, დაარეგისტრიროს განქორწინება მისი თანხმობის გარეშეც. თუკი მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვების, ალიმენტის ან ქონების თაობაზე, საქმე გადაეცემა სასამართლოს.

კითხვა: ჩემი ნათესავი ქალბატონი ქორწინებაშია, მაგრამ ფაქტიურად დიდი ხანია მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს (2002 წლიდან). შესაბამისად, მას სურს განქორწინება მოახდინოს.

რასაკვირველია, გავეცანით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამის მუხლებს, მაგრამ აქ ერთი მომენტია პრობლემა: ქმარი უკრაინაში იმყოფება და ჯერ–ჯერობით თბილისში ჩამოსვლას არ აპირებს (ამბობენ, იქ სხვა ცოლი მოუყვანიაო, მაგრამ კანონიერად თუ უკანონოდ, ეს არ ვიცით).
ჯერ–ჯერობით მათ შორის რაიმე ქონებრივი დავის საკითხი არ დგას, შვილიც დიდი ხანია უკვე სრულწლოვანია და გათხოვილი.
რა არის აუცილებელი უკრაინაში მცხოვრები ქმრისაგან განქორწინებისათვის ? არსებობს თუ არა განცხადების ოფიციალური ფორმა (ბლანკი) განქორწინებაზე თანხმობის შესახებ ქართულად მაინც? უნდა იყოს თუ არა განცხადება უკრაინელი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული?

პასუხი:

მოგესალმებით!
პირველ რიგში, შევნიშნავ, რომ თუკი თქვენი ნათესავის მეუღლემ მეორე ქორწინება ოფიციალურად გააფორმა ისე, რომ პირველი ჯერ კიდევ ძალაში იყო, ეს საქართველოს კანონმდებლობით, დასჯადი ქმედებაა.
მეორე – განცხადების ფორმა, რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ორივე მეუღლე პირადად უნდა მივიდეს, რათა განქორწინება გააფორმოს. ასეთ განცხადებას სანოტარო დამოწმება არ სჭირდება.
გამოსავალი შეიძლება იყოს თქვენი ნათესავის მეუღლის ვინმეს სახელზე გამოგზავნილი მინდობილობა, რომლის შედეგადაც მის მიერ რწმუნებული პირი მისივე სახელით იმოქმედებდა, მაგრამ პირადად მე გირჩევდით, მიმართოთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს. მომსახურება საკმაოდ გამარტივებულია, ზოგ შემთხვევაში ვიდეოზარითაც კი ხორციელდება და შესაძლოა, იქ გაცილებით მარტივი გზა შემოგთავაზონ.

გმადლობთ შეკითხვისთვის.

კითხვა: mogesalmebit!
minda chemi problemis shesaxeb mogiyvet da iqneb rame mirchiot!
deda da mama didixania gashorebulebi arian(12-14weli),magram ara oficialurad. mama sul ramdenime tve gvixdida aliments me da chems dzmas. magram chven ar gvichivlia. mamachemis mshoblebi gardacvlilebi arian,deda sul ramdenime tvis win gardaecvala. mamas mshoblebs mati qoneis datoveba chemi dzmistvis undodat,tumca mamam gadawyvita exla gayidos da usaxlod datovos chemi dzma. saxli jer kidev gardacvlili babuis saxelzea. aravitari anderdzi ar arsebobs.
mainteresebs tu shegvidzlia wili movitxovot an yadaga davadot saxls rata gayidvas xeli shevushalot? da tu shegvidzlia alimenti movitxovot is rac unda gadaexada da ar gadauxdia?
winaswar didi madloba

პასუხი: პასუხი:
მოგესალმებით!
უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ ალიმენტით. მამათქვენი ვალდებული იყო, ალიმენტი ეხადა თქვენი და თქვენი ძმისათვის, სანამ არასრულწლოვნები იყავით. თუკი ასე არ მოხდა, თქვენ დღესაც გაქვთ უფლება, მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ალიმენტი, თუკი მამათქვენი მის გადახდას განზრახ არიდებდა თავს.
ხოლო რაც შეეხება მამათქვენის გარდაცვლილი მშობლების ქონებას, თქვენ, როგორც შვილიშვილებს მასზე უფლება არ გაქვთ. მამათქვენი, როგორც შვილი, ბებიათქვენისა და ბაბუათქვენის პირველი რიგის მემკვიდრეა და სწორედ ამას ენიჭება უპირატესობა ანდერძის არარსებობისას. შვილიშვილები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყვნენ გარდაცვლილი ბებიისა და ბაბუის მემკვიდრეები, თუკი სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხალი აღარ არის მამკვიდრებლის მემკვიდრე მათი მშობელი. თქვენს შემთხვევაში კი ასე არ არის – მამათქვენი ცოცხალია და უფლება აქვს, ისე განკარგოს მემკვიდრეობით მიღებული მშობლების ქონება, როგორც თავად სურს.
მაგრამ, ვიმეორებ, რომ თქვენ და თქვენს ძმას, თუნდაც სრულწლოვანები იყოთ დღევანდელი მდგომარეობით, კვლავ გაქვთ უფლება მიმართოთ სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების თაობაზე.
მადლობა შეკითხვისთვის…

კითხვა: მოგესალმებით. როდესაც მეუღლეებს გააჩნიათ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება (თანასაკუთრება), ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ამ მეუღლის წილ ქონებაზე მეორე მეუღლის გარდა მისი სხვა პირველი რიგის მემკვიდრეების უფლებაც ვრცელდება?
თუკი გარდაცვლილის მეუღლემ მოახერხა სამკვიდრო მოწმობის მიღება კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში, ხოლო დანარჩენმა მემკვიდრეებმა (კერძოდ გარდაცვლილის დედ-მამამ) მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ განაცხადეს მემკვიდროებაზე პრეტენზია, ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ ამ საკითხთან დაკავშირებით? და გარდაცვლილის მეუღლეს ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ თავის დროზე მხოლოდ მან მიიღო ქონება და არ განაცხადა დედამთილ-მამამთილის შესახებ

პასუხი: მოგესალმებით!
როდესაც ფიზიკური პირი გარდაიცვლება, ასეთ შემთხვევაში მის სახელზე არსებულ ქონებაზე უფლება აქვთ პირველი რიგის მემკვიდრეებს ანუ შვილებს, მეუღლესა და მშობლებს. თანასაკუთრების პრეზუმფცია, როგორც წესი, განქორწინებისას გამოიყენება.
სასამართლოსთვის მიმართვა, რასაკვირველია, ნებისმიერ პირს შეუძლია. თუკი დადგინდება, რომ მამკვიდრებლის მშობლებს ობიექტური გარემოებების გამო, მაგალითად, ინფორმაციის უქონლობის, შეუტყობინებლობის და ა.შ., არ შეეძლოთ მემკვიდრეობის უფლების განხორციელება, შესაძლოა, სასამართლომ მათ ეს უფლება აღუდგინოს. ყველაფერი საქმის ფაქტობრივ გარემოებებზეა დამოკიდებული.

კითხვა: გამარჯობა,ასეთი კითხვა მაქვს.მამას ყავს პირველი ქორწინებიდან ვაჯი,ხოლო მეორე ქორწინებიდან მე და ჩემი და.მამას გარდაეცვალა დედა და მისი ერთადერთი მემკვიდრეა.როცა მამა ამ ქონებას გადაიფორმებს ამ ქონების გაყიდვას აპირებს და მაინტერესებს ამ ქონების გასაყიდად სამივე შვილის თანხმობა არის საჭირო? თუ უპრობლემოდ შეეძლება გაყიდვა?დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი: მოგესალმებით!
შვილებს მშობლების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უფლება წარმოეშობათ მხოლოდ მათი გარდაცვალების შემდეგ – ესაა მემკვიდრეობის უფლება. მშობლების სიცოცხლეში შვილებს მათ ქონებაზე უფლება არ აქვთ, შესაბამისად, მამათქვენს შეუძლია თავის სახელზე კანონის შესაბამისად დარეგისტრირებული ქონება მართოს საკუთარი შეხედულებისამებრ ან სურვილისამებრ განკარგოს იგი, რაც თავის მხრივ, გაყიდვის უფლებასაც მოიცავს. საამისოდ შვილების თანხმობა საჭირო არ არის.

კითხვა: aseti kitxva maqvs da gtxovt mipasuxot,mshoblebis gayrisas rodesac mat ar aqvt qorwinebis registracia bavshvze meurveobis ufleba qals ekisreba tu mamakacs?

პასუხი:

მოგესალმებით!
დავიწყოთ იმით, რომ მეურვეობის საკითხი ამ შემთხვევაში არ დგება. მეურვეობა უწესდება 7 წლამდე ასაკის ბავშვს, რომელსაც არ ჰყავს მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

რაც შეეხება განქორწინების შემთხვევას, მშობლების შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან იცხოვრებს მუდმივად არასრულწლოვანი შვილი. მშობლებს უფლება აქვთ, მხედველობაში მიიღონ თითოეული მათგანის საცხოვრებელი პირობები, მატერიალური შესაძლებლობები და ა.შ., რათა განსაზღვრონ, თუ რა იქნება არასრულწლოვნისათვის მაქსიმალურად სასიკეთო. ამასთან, მშობელი, რომელთანაც ბავშვი მუდმივად არ იცხოვრებს, ინარჩუნებს უფლებასა და მოვალეობას, იზრუნოს შვილზე და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.

თუკი მშობლები ვერ შეთანხმდნენ, მათ უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის საცხოვრებელ ადგილს ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და შესაძლოა, განსაზღვროს თითოეული მშობლის მოვალეობებიც.

კითხვა: gamarjobat.mainteresebs bina rogor iyapa tanacxovrebis dros?/////////tu aris erti spalna zala da loji….orma dzmam romlisacaa bina rogor unda gaiyon

პასუხი: მოგესალმებით!
თუკი ძმები ერთად ცხოვრობენ და ბინა საერთო საკუთრებაა, გაყოფა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. შესაძლებელია როგორც ერთად ცხოვრება და კუთვნილი ფართის განსაზღვრა ურთიერთშეთანხმებით, ისე ბინის გაყიდვა და თანხის განაწილება. დადგენილი წესი არ არსებობს, ეს შეთანხმების საგანია.

კითხვა: გამარჯობა, ჩემს მეუღლეს წინა ქორწინებიდან ჰყავს 2 სრულწლოვანი შვილი, განქორწინებისას (15 წლის წინ) სასამართლომ მის ყოფილ მეუღლეს და იმ დროისათვის არასრულწლოვან შვილებს მიაკუთვნა საცხოვრელებლი ფართის უდიდესი წილი, ბინა გაიყიდა და ჩემი მეუღლე უბინაოდ დარჩა, თუმცა განქორწინებიდან 8-10 წლის შემდეგ ჩემმა დედამთილმა აჩუქა მას 2 ოთახიანი ბინა, სადაც ახლა ვცხოვრობთ მცირექლოვან შვილებთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ მის შვილებთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, არც ალიმენტის გადახდაზე და არც ალიმენტის ზემოთ ფინანსურ დახმარებაზე პრობლემა არ ყოფილა, ყოფილი მეუღლე იმურება რომ ამ 2 ოთახიან ბინას ადრე თუ გვიან გაყოფს და ჩემს მცირეწლოვან შვილებს უბინაოდ დატოვებს. გთხოვთ განმიმარტოთ აქვს თუ არა მას ამის თქმის სამართლებრივი საფუძველი და რა შემთხვევაში? მადლობა წინასწარ

პასუხი:

მოგესალმებით!
უპირველეს ყოვლისა, დავაზუსტოთ შემდეგი: პირველი ქორწინების მოშლის შედეგად ბინის ნაწილი მიეკუთვნა თქვენი მეუღლის ყოფილ მეუღლეს, როგორც თანასაკუთრება. რაც შეეხება შვილებს, მათ ამ დროისთვის მხოლოდ ალიმენტის მოთხოვნის უფლება ჰქონდათ და არა ე.წ. წილის.
თუკი აღნიშნული ბინა არის თქვენი მეუღლის სახელზე, თქვენი შვილები მისი გარდაცვალების შემდეგ თქვენთან ერთად ჩაითვლებიან მემკვიდრეებად. თუმცა, მხედველობაშია მისაღები პირველი ქორწინებიდან შეძენილი შვილების უფლებაც მემკვიდრეობაზე. ასეთ შემთხვევაში მათაც შესაძლოა, ჰქონდეთ უფლება, მოითხოვონ სამკვიდრო წილი ბინიდან. რაც შეეხება თქვენი ქმრის ყოფილ მეუღლეს, მას არავითარი მოთხოვნის უფლება აქვს, კუთვნილი ქონება თანასაკუთრებიდან მან უკვე განქორწინებისას მიიღო.

სირთულეების თავიდან ასაცილებლად თქვენს მეუღლეს ვურჩევდი, დაეწერა ანდერძი, სადაც დააზუსტებდა, რომ თქვენს მიერ აღნიშნული ბინა მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩება თქვენს შვილებს.

კითხვა: ჩემი ბიძაშვილი შორდება მეუღლეს, რომელთანაც 18 წელი გაატარა, თუმცა ქორწილი რეგისტრირებული არ ყოფილა მათ ჰყავთ ორი შვილი, ორივე მამის გვარზეა. რამდენად ეკუთვნით ბავშვებს წილი? გარდა ამისა, თანაცხოვრების პერიოდში მან (ცოლმა) გაყიდა საკუთარი ბინა რათა თანხა მოხმარებოდა მეუღლის (ქმრის, ანუ სადაც ცხოვრობდნენ) ბინის რემონტს. ამას თუ აქვს მნიშვნელობა? მაინტერესებს როგორ ხდება წილების გადანაწილება, ბინები (აგარაკი და სახლი) მისი მეუღლის (ქმრის) სახელზეა რეგისტრირებული, თუკი სარჩელის შეტანამდე, მისმა ქმარმა სახლების პერერეგისტრაცია დედის სახელზე მოახდინა, ასეთ შემთხვევაში თუ იქნება შესაძლებელი მაინც წილის მოთხოვნა? და ბოლოს, ეკუთვინთ თუ არაბავშვებს ალიმენტი?

პასუხი:

პირველ რიგში, “ბავშვების წილი”, როგორც ასეთი, არ არსებობს. შვილები არიან მშობლების მემკვიდრეები მათი გარდაცვალების შემდგომ, ხოლო მშობლების სიცოცხლეში მათი ქონებიდან არაფერი ეკუთვნით, თუკი მშობელმა თავად არ გადაწყვიტა რაიმე ქონების დარეგისტრირება შვილის სახელზე.
მეორე – არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში მეუღლე ქონებიდან წილს ვერ მოითხოვს, ვის სახელზეც უნდა იყოს ქონება რეგისტრირებული.
მესამე – არასრულწლოვან შვილებს მშობლებისგან აუცილებლად ეკუთვნით ალიმენტი; თუკი მშობლები ალიმენტის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

განქორწინებისა და მეუღლეთა თანასაკუთრების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
https://temidas.wordpress.com/2011/03/08/registracia/
https://temidas.wordpress.com/2011/03/04/meughleta-tanasakutreba/

კითხვა: მაინტერესებს რა თანხები დამჭირდება რომ სარჩელი შევიტანო სასამართლოში ალიმენტთან დაკავშირებით.არ ვიმყოფები ქორწინებაში,ბავშვი უკვე 4 თვის არის.მამა მეხმარებოდა თანხით ორსულობის პერიოდში,ბავშვს გვარიც მისცა და მიგზავნიდა ფულსაც.ახლა კი უარს ამბობს მამობაზე და დნმ-ს ითხოვს.მაყენებს სიტყვიერ შეურაწყოფებს.ჩემი ოჯახი უარს ამბობს ბავშვზეც და ჩემზეც.იძულებული ვარ მივმართო სასამართლოს რადგან ბავშვის მარტო რჩენა მიჭირს.მაინტერესებს სარჩელის აღძვრა უფასოა თუ არა.და სასამართლომ თუ დნმ-ი მოითხოვა თანხას ვინ გადაიხდის?

პასუხი: ალიმენტის თაობაზე სარჩელი სახელმწიფო ბაჟით არ იბეგრება ანუ უფასოა. სარჩელის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან.
თქვენ სრული უფლება გაქვთ, მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ბავშვის მამისაგან ალიმენტი. შესაძლოა, სასამართლომ მოგთხოვოთ რაიმე ფორმით იმის დადასტურება, რომ თქვენ და ბავშვის მამა განსაზღვრული პერიოდი ცხოვრობდით ერთად, გქონდათ საერთო მეურნეობა და ა.შ. ყველაფერი საქმის მსვლელობაზეა დამოკიდებული.
თუკი მამობის აღიარება უკვე ნებაყოფლობით მოხდა, მამა მოვალეა, იზრუნოს ბავშვზე. თუკი მას მოგვიანებით გაუჩნდა რაიმე სახის ეჭვები, ამის მტკიცება უკვე მას ევალება და არა თქვენ. შესაბამისად, თუ ბავშვის მამისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს, შეუძლია, თავად დააფინანსოს დნმ-ის ანალიზი. თქვენ ამის ვალდებულება არ გეკისრებათ.

კითხვა: გამარჯობა. მეუღლე მყავს პატიმარი, ვიმყოფებით არარეგისტრირებულ ქორწინებაში, გვყავს შვილი. მინდა რომ მოვინახულო და ბავშვიც ვანახო. მაინტერესებს როგორ შემიძლია მისი ნახვა თანაც მაქვს ერთი პრობლემა, ეხლახანს გადაიყვანეს სხვაგან და არ ვიცი სად იხდის ამჟამად სასჯელს.მის ოჯახთან არ მაქვს კონტაქი ამიტომ თქვენ გთხოვთ დახმარებას, რომ დამაკვალიანოთ. როგორც ვიცი აუცილებელია ქორწინების რეგისტრაცია რათა შევძლო მისი მონახულება, როგორ ხდება ეს პროცედურა ისე რომ მის ოჯახთან არ მომიხდეს დაკავშირება? მადლობთ წინასწარ

პასუხი: მოგესალმებით!
აუცილებლად დააზუსტეთ, სად იხდის თქვენი მეუღლე სასჯელს და დასახმარებლად მიმართეთ ამ დაწესებულების ადმინისტრაციას. ქორწინების რეგისტრაციას ოჯახის ინფორმირება არ სჭირდება. სამწუხაროდ, უფრო დეტალური ინფორმაციით ვერ დაგეხმარებით.

კითხვა: gamarjobat! gankorcinebulebi vart erti celia oficialurad, alimentze shevxmtamdit me da chemi kofili meugle da kovel tve 300 lars vugzavni shvils. exla kofili meugle meubneba gichivleb da konebas gagikofo! rogor movikce da ra kanonieri ufleba makvs rom gamovikeno? gankorcineba chemi motxovnit ar kofili da arc gamigdia! tviton mokida bavshvs xeli da dedachemtan unda vicxovroo da shenc camodio! me uari ganvacxade. es aris gankorcinebis mizezi!alimenti ar shemickvetia dgemde vugzavni! mainteresebs ras damakisrebs sasamartlo savaravudod?

პასუხი: მოგესალმებით!
უნდა მოგახსენოთ, რომ განქორწინების მიზეზს და ინიციატივას მნიშვნელობა არ აქვს. თუკი ქორწინება ოფიციალურად წყდება, ასეთ შემთხვევაში მეუღლეებს შორის თანასაკუთრება თანაბრად იყოფა. თანასაკუთრება არის მეუღლეების მიერ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება გარდა იმ ქონებისა, რომელიც ერთ-ერთმა მეუღლემ მიიღო მემკვიდრეობით ან აჩუქეს.
უფრო ვრცლად მეუღლეთა თანასაკუთრების შესახებ იხილეთ აქ: https://temidas.wordpress.com/2011/03/04/meughleta-tanasakutreba/

კითხვა: გამარჯობათ.იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე.ოფიციალურ ქორწინებაში ვარ 1995წლიდან მაგრამ 5წლის შემდეგ დავშორდით და 2 შვილს მე ვზრდიდი.განქორწინება ამ დრომდე არ გაგვიფორმებია.მე 2007წელს შევქმენი მეორე ოჯახი,რა თქმა უნდა არა რეგისტრირებული და გვყავს საერთო შვილი,4წლის არც ამ მეუგლესთან გამიმართლა,რადგან აგმოჩნდა მრავალჯერ ნასამარტლევი და თანაცხოვრების პერიოდშიც მოიხადა სასჯელი,რომლის დროსაც გვერდში ვედექი და არ მიმიტოვებია მორალურად.გატავისუფლების შემდგომ აუტანელია მასთან ერთად ცხოვრება,ყველამ მიატოვა,მშობლებმა არაფერი დაუტოვეს,მის ძმას გადაუფორმეს მთელი ქონება,უსახლკაროდ დარჩა…სახლი რომელშიც მე ვცხოვრობ ჩემი საკუთრებაა და მის გაცნობამდე მქონდა შეძენილი.მაინტერესებს სახლის გაყიდვის შემთხვევაში ხომ არ ექნება უფლება მომედაოს და წილი მომთხოვოს?და კიდევ,მინდა დავაკისრო ალიმენტი რომ დამეხმაროს შვილის გაზრდაში.ამ დროისთვის არც საცხოვრებელი აქვს და არც სამსახური.მეც სოციალურად დაუცველი ვარ.როგორ მოვიქცე და ვის მივმათო?

პასუხი: მოგესალმებით!
არა, თქვენს მეუღლეს არავითარი უფლება აქვს თქვენს უძრავ ქონებაზე.
თუმცა, ზოგადად, თქვენი საკუთრების უფლების დაცვის მიზნით, თუკი ბინა აქამდე არ გაქვთ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, სჯობს დაარეგისტრიროთ.

მშობელს ყოველთვის აქვს ვალდებულება, შვილის სასარგებლოდ იხადოს ალიმენტი. თეორიულად თქვენც გაქვთ უფლება, მოსთხოვოთ მეუღლეს ალიმენტის გადახდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ამ თანხის ამოღება, თუკი თქვენს მეუღლეს ფიზიკურად არ გააჩნია საამისო სახსრები.
თუკი მაინც მიმართავთ სასამართლოს და ის თქვენს სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თქვენს მეუღლეს ალიმენტის გადახდა დაეკისრება მას შემდეგ, რაც გაუჩნდება შემოსავალი, მაგალითად, თუკი დასაქმდება და ანაზღაურებას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ალიმენტის მოთხოვნის უფლება კვლავ გექნებათ, მაგრამ თუკი თქვენს მეუღლეს ქონება არ გააჩნია, შეუძლებელი იქნება ამ გადაწყვეტილების აღსრულება.

კითხვა: gamarjobat roca dedas bavshvis movla ar sheudzlia anu gartulebuli epilefsia aqvs mainteresebs bavshvi vis ekutvnis agsazrdelad tan chemgan wavida xeli ar gvaqvs mowerili bavshvi chems gvarzea.

პასუხი: თქვენ უფლება გაქვთ, მიმართოთ სასამართლოს, რათა ბავშვის დედა ცნონ ქმედუუნაროდ. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, დიდი ვარაუდით, ბავშვის აღზრდას მიანდობს ბავშვის მამას. თუმცა, თუკი დედა არ წარმოადგენს საფრთხეს ბავშვისთვის და ანგარიშს უწევს საკუთარ ქმედებებს, მას, ალბათ ექნება უფლება, შეინარჩუნოს ურთიერთობა შვილთან.
სამწუხაროდ, ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია, რადგან სასამართლო ფაქტების შეფასების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებები აუცილებლად იქნება მიღებული მხედველობაში.

კითხვა: gamarjobat.var 30wlis myavs meugle da ori shvili vcxovrob sidedris kutvnil binashi, myavs mshoblebi da 23wlis dasaojaxebeli zma. mshoblebs aqvt sami kerzo bina mainteresebs maqvs tuara upleba movitxovo raime wili binebidan da tu sheicvala kanoni savaldebulo wiltan an memkvidreobastan dakavshirebit?

პასუხი: სანამ თქვენი მშობლები ცოცხლები არიან, სამკვიდრო წილს ვერ მოითხოვთ. სავალდებულო წილი ისევ არსებობს, მაგრამ სამკვიდრო და სავალდებულო წილის მოთხოვნა მამკვიდრებლების სიცოცხლეში შეუძლებელია. თქვენს მშობლებს აქვთ უფლება, სურვილის შემთხვევაში განახორციელონ ქონების ჩუქება თქვენს სახელზე.

სამკვიდრო მოწმობის გაცემის ტარიფი

“სანოტარო მოქმედებათა შესრულების საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ღირებულების საფუძველზე დადგენილი განაკვეთებია:

როცა გარიგების ღირებულებაა

საზღაურის ოდენობა ლარებით არის გარიგების ღირებულების

1 500 ლარის ჩათვლით 3%
2 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით 15 ლარი + 500 ლარის ზევით თანხის 2,5%
3 1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით 27,5 ლარი + 1000 ლარის ზევითთანხის 1,5%
4 2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით 42,5 ლარი + 2000 ლარის ზევითთანხის 1%
5 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით 52,5 ლარი + 3000 ლარის ზევითთანხის 0,5%
6 5001 ლარიდან 20000 ლარის ჩათვლით 62,5 ლარი + 5000 ლარის ზევით თანხის 0,4 %
7 20001 ლარიდან 100000 ლარის ჩათვლით 122,5 ლარი + 20000 ლარის ზევითთანხის 0,3%
8 100001 ლარიდან 500000 ლარის ჩათვლით 362,5 ლარი + 100000 ლარის ზევითთანხის 0,2%
9 500001 ლარიდან 1000000 ლარის ჩათვლით 1162,5 ლარი + 500000 ლარის ზევით თანხის 0,1%
10 1000000 ლარის ზევით 1662,5 ლარი + 1000000 ლარის ზევით თანხის 0,05 %.

ამავე დადგენილების 29-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობის უფლების გაცემის, სამკვიდრო მოწმობის გაცემისა და სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად გადაიხდევინება ცხრილში დადგენილი განაკვეთების ნახევარი. სამკვიდრო მოწმობის უფლებისა და სამკვიდრო ქონების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად საზღაურის მინიმუმი არის 10 ლარი.

საფასური აუცილებლად დაიანგარიშება ეროვნულ ვალუტაში; თუკი ქონება შეფასებულია სხვა ქვეყნის ვალუტით, მხედველობაში მიიღება გადახდევინების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეროვნული ვალუტის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ.

ეძიეთ და ჰპოვეთ

სერჩები ხშირად პოსტის იდეას მკარნახობს ხოლმე, მაგრამ ზოგიერთი ისეთია, რომ მოკლედაც შეიძლება პასუხის გაცემა. ასე რომ, ყველაზე პოპულარულ და საჭირბოროტო საძიებო სიტყვებს ვუპასუხოთ:

იურისპრუდენციის განმარტება – ლათინური სიტყვიდან juris prudentia, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც სამართლის მეცნიერების ფილოსოფია;

შვილიშვილს ეკუთვნის თუ არა წილი ბებიის ბინიდან – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის ცოცხალი აღარ არის მამკვიდრებლის მემკვიდრე მათი მშობელი;

კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ – შემიძლია ბავშვის უფლებათა კონვენცია შემოგთავაზოთ;

რას ნიშნავს სამკვიდროს მიღება ფლობით – ეს ნიშნავს, რომ მემკვიდრემ შესაძლო არ მიმართოს ნოტარიუსს და არ აიღოს სამკვიდრო მოწმობა, მაგრამ შეუდგეს ქონების მართვას ისეთი ფორმით, რაც დაადასტურებს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, მაგ: ბინაში საცხოვრებლად გადასვლა, მიწის დამუშავება და ა.შ.

ჩუქების უფლების განმარტება – ჩუქება არის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისივე თანხმობით. “ჩუქების უფლებაში” რა იგულისხმება, ვერ მივხვდი, მაგრამ მოქმედებს ვარაუდი, რომ მჩუქებელს თავად უნდა ჰქონდეს საკუთრების უფლება ქონებაზე, სხვაგვარად იგი ამ უფლებას სხვას ვერ გადასცემს.

მემკვიდრეობით მიღებული მიწის დარეგისტრირება – მიმართეთ ნოტარიუსს და შემდეგ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიწის ნაკვეთი აუცილებლად დაარეგისტრირეთ საჯარო რეესტრში.

მშობელს აქვს უფლება ბავშვის ნახვის – ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ მშობელს მშობლის უფლება ჩამორთმეული აქვს სასამართლოს მიერ. სასამართლო წყვეტს, რამდენად მიზანშეწონილია მშობლის მიერ შვილის მონახულება და რა პერიოდულობით, შესაბამისად, შესაძლოა, აუკრძალოს კიდეც.

სამკვიდროზე დავა ხანდაზმულობის დროს – ზოგადად, ხანდაზმულობის ვადის გასვლა ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლება აღარ არსებობს და შესაბამისად, დავაც უშედეგო იქნება. კანონით გათვალისწინებულია გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ხანდაზმულობის ვადის დინება ხელახლა შეიძლება აღდგეს, მაგალითად, დებიტორის მიერ ვალის აღიარება.

სამკვიდროს მიღების უპირატესი უფლება – ასეთი არ არსებობს. მემკვიდრეებს შორის ქონება ნაწილდება კანონით დადგენილი რიგითობის მიხედვით. არაშრომისუნარიან პირებს, რომლებიც მამკვიდრებლის რჩენაზე იყვნენ და დამოუკიდებლად თავის შენახვა არ შეუძლიათ, თუ მათ შესახებ ანდერძში მითითებული არ არის, უფლება აქვთ მოითხოვონ სარჩო (ალიმენტი) სამკვიდროდან.

ქორწინების დროს შეძენილი ქონება – მეუღლეთა საერთო საკუთრებაა, გარდა ერთ-ერთი მეუღლის მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა.

არასრულწლოვანი მემკვიდრე როგორ იღებს სამკვიდროს? – მის მაგივრად სამკვიდროს იღებს და სრულწლოვანების მიღწევამდე განკარგავს მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

სრულწლოვანი შვილები მშობლების განქორწინების შემთხვევაში – სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ადამიანი სრული ქმედუნარიანი ხდება, შესაბამისად, მშობლების განქორწინების პროცესში სრულწლოვანი შვილები დაბრკოლებას არ წარმოადგენენ და არც რაიმე დამატებითი უფლებით სარგებლობენ.

ბავშვის მამად აღიარება –  ნებაყოფლობით ან სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

შვილების წარმომადგენლობა – მშობლების მოვალეობაა, მათი არარსებობის შემთხვევაში კი მეურვის ან მზრუნველის.

სიცოცხლის უფლება – ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლება. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა და ისიც მაშინ, თუ მკვლელობა სხვა ადამიანების სიცოცხლის ან სხვა სიკეთის გადარჩენას ისახავს მიზნად. (მაგ. ტერორისტის მკვლელობა სპეცოპერაციის დროს).

წილის გამოთვლა მემკვიდრეობის დროს – აჯობებს, ნოტარიუსს მიმართოთ;

მაინტერესებს რა უფლება აქვს დედას განქორწინების შემთხვევაში – განქორწინების შემთხვევაში მშობლებს შვილებზე თანაბარი უფლებები აქვთ. თუკი თავად ვერ მორიგდებიან არასრულწლოვანი შვილების საცხოვებელ ადგილზე, რჩენასა და სხვა საკთხებზე, ამას სასამართლო გადაწყვეტს. თუკი ერთ-ერთი მშობელი თავს არიდებს შვილის მიმართ თავისი მოვალეობის განხორციელებას, სასამართლო შესაბამის ზომებს მიიღებს.

მეურვე-განმარტება – მეურვეობა უწესდება ქმედუუნარო პირს. ასეთები არიან შვიდ წელს მიუღწეველი ბავშვები და სულით ავადმყოფები ან ჭკუასუსტები, რომლებიც სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ არიან აღიარებული. მშობლების სახეზე არარსებობის შემთხვევაში მათ მოვალეობას მეურვე ასრულებს.

კანონი საოჯახო სამართლის შესახებ – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე წიგნი.

განათლების უფლება – ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით და აგრეთვე ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლება.

კანონი ქორწინების შესახებ –  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, წიგნი მეხუთე, კარი პირველი.

კანონი მემკვიდრეობის შესახებ – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე წიგნი.

საჯარო მოხელე –  საქართველოს კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ” მიხედვით, მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე.  მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად.

ჩაწერის ინსტიტუტი – აღარ არსებობს.

არასრულწლოვანი დედის და მამის უფლებები და დახმარება – თუ არასრულწლოვნები დაქორწინდნენ (მშობლების ნებართვით) ისინი უკვე სრულ ქმედუნარიანად ითვლებიან და სრულწლოვანებს უთანაბრდებიან. შესაბამისად, მათთვის დაწესებულ რაიმე დამატებით უფლებას ან შეღავათს კანონი არ იცნობს.

არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული ბავშვის უფლებები – მშობლებს იგივე მოვალეობები აქვთ არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული ბავშვის მიმართ, როგორიც ქორწინების პერიოდში შეძენილი შვილის მიმართ ექნებოდათ.

საკუთრების მოწმობა – ასეთი არ არსებობს. საკუთრების უფლების დასადასტურებლად უპირველესი მტკიცებულება საჯარო რეესტრის ამონაწერია.

მიწის ნაკვეთის ჩუქება შეზღუდული ქმედუნარიანობის პირისთვის – აუცილებელია მშობლის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, მზრუნველის თანხმობა; იგი შეზღუდული ქმედუნარიანობის პირის მაგივრად საჩუქარს მიიღებს და მის სასარგებლოდ მართავს.

შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა – განისაზღვრება თავად მშობლების, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში – სასამართლოს მიერ.

წილი სამოქალაქო ქორწინების შედეგად ბავშვებს – ასეთი არ არსებობს. შვილები შეიძლება მხოლოდ მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობდნენ მშობლების გარდაცვალების შემდეგ.

დედის მოვალეობა შვილისადმი – შვილების მიმართ დედას და მამას თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, “მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.” მშობლებს აქვთ არასრულწლოვანი შვილის რჩენისა და მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის ვალდებულება, არიან მისი კანონიერ წარმომადგენლები ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოშიც.

მემკვიდრის უფლება – მიიღოს სამკვიდრო ან უარი თქვას მასზე.

მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის წესები – აუცილებელია ნოტარიუსთან მისვლა და სამკვიდროზე უარის თქმა სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში.

ფიზიკური პირის კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელია მშობელი, მისი არარსებობის შემთხვევაში კი შვიდ წელს მიუღწეველ ბავშვს ენიშნება მეურვე, ხოლო შვიდიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მოზარდს – მზრუნველი. სასამართლოს მიერ სრულწლოვანი პირი შეიძლება იქნას აღიარებული ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად. წარმომადგენლობის წესი ამ შემთხვევაშიც იგივეა. აგრეთვე დასაშვებია, რომ პირმა წარმომადგენლობითი უფლება მიანიჭოს სხვა პირს, რათა მან იგი წარმოადგინოს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში და იმოქმედოს მისი სახელით, ამისათვის საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

სამოქალაქო რეესტრის შესახებ კანონი – გვაქვს მხოლოდ კანონი “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ”. 

საჯარო რეესტრივებ-გვერდი

ჩუქების გაუქმება და კანონით მემკვიდრეობა – იმედი მაქვს, სწორად მივხვდი, რასაც გულისხმობდნენ. მემკვიდრეობის განაწილებისას სავალდებულო წილის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს სავალდებულო წილის შევსება თანხის იმ ოდენობით, რა ღირებულების ნივთიც მამკვიდრებელმა სიცოცხლეში აჩუქა მესამე პირს. ეს წესი აღარ მოქმედებს, თუ ჩუქებიდან ათი წელია გასული.

მშობლის მოვალეობანი სრულწლოვანი ბავშვის მიმართ – მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები; აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

აქვს თუ არა არასრულწლოვანს მაღაზიასთან გარიგების დადების უფლება – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განკარგავს მშობლის მიერ მისთვის გადაცემულ ჯიბის ფულს. თუკი არასრულწლოვანი დებს გაცილებით დიდი ღირებულების გარიგებას, აუცილებელია მისი მოწონება მშობლის მიერ.

სამართლის ცნება – სიმართლე გითხრათ, მისი უამრავი ვარიაცია არსებობს. ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, სამართალი სახელმწიფოს მიერ დადგენილი  ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობაა.

დედობის უფლების ჩამორთმევა – მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.

სესხის მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა – სესხის დაბრუნების ვადა, თუკი მხარეები თავად არ შეთანხმებულან, სამი თვეა; მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კი – სამი წელი.

სხვისი ნივთის პოვნა – მპოვნელმა უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს, ხოლო თუკი მისი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს. თუკი ამ მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში მესაკუთრის ვინაობა ცნობილი არ გახდა, მპოვნელი იძენს საკუთრების უფლებას ნაპოვარზე; ხოლო თუკი მესაკუთრე გამოვლენილი იქნა, მპოვნელს შეუძლია მოითხოვოს ჯილდო ნაპოვნის ღირებულების ხუთ პროცენტამდე ოდენობით.

განქორწინების შემდგომი მოვლენები ქართულ სამართალში – არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, საერთო ქონების გაყოფა.

ურთიერთობა სამოქალაქო რეესტრთან – მაქსიმალურად გამარტივებულია. მიმართეთ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.

მეუღლის უარი განქორწინებაზე – განქორწინება ურთიერთთანხმობის გარეშე ვერ დარეგისტრირდება.

რეგისტრირებული ქორწინების უფლებები – ქონებრივი უფლება-მოვალეობანი მეუღლეებს შორის.

კანონი მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ – სამოქალაქო კოდექსი, წიგნი მეხუთე, კარი მეორე.

მოძრავი ნივთების რეესტრი – ასეთი არ არსებობს. მხოლოდ უძრავი ქონება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

მეურვის მიერ ქონების განკარგვა – ივარაუდება, რომ მეურვე ქონებას მართავს სამეურვეო პირის სასარგებლოდ და უნდა მიმართოს ყველა ზომას, რათა იგი საუკეთესო მდგომარეობაში შეინარჩუნოს.

უნდა იცხოვრო თუ არა 18 წლის შემდეგ მშობლებთან ერთად – სურვილზე და ოჯახურ გარემოებებზეა დამოკიდებული. თუ დამოუკიდებლად ცხოვრება და მუშაობა გნებავთ, თქვენი ნებაა, კანონით ამის უფლება გაქვთ! 🙂

შრომისუუნარო პირების მემკვიდრეობის საკითხი – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ შრომისუუნარო პირს მამკვიდრებელი უზრუნველყოფდა სარჩოთი, მაგრამ ანდერძში მის შესახებ მოხსენიებული არ არის, მას უფლება აქვს მოითხოვოს ალიმენტი სამკვიდროდან. რაც შეეხება ანდერძით ან კანონით მემკვიდრეობას, შრომისუუნარო პირი ისეთივე უფლებით სარგებლობს, როგორც შრომისუნარიანი პირი.

შვილის გაჩუქება – ეს დანაშაულია. საერთოდ, რატომ უნდა მოუვიდეს ადამიანს ასეთი რამ აზრად? 😦

16წლის არასრულწლოვანი ბავშვის უფლებები – ამ ასაკში პირს აქვს მუშაობის უფლება; აგრეთვე დაქორწინების უფლებაც მხოლოდ მშობლის თანხმობით.